- რაც კარგი გამაჩნია, ჩემი წინაპრებისგან მაქვს მიღებული. ისინი გამოირჩეოდნენ მოღვაწეობით, ცხოვრების წესით. მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ და მამულის საქმეს აკეთდებდნენ, - მიამბობს ბატონი ავქსენტი, - მოწამეთის ტაძრის არქიმანდრიტი თორნიკე, იგივე გაგი მოსაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი და ნათლია იყო. მამა გაგი იმ დროს მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, როცა იკრძალებოდა ღვთისმსახურება. 19 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მეგობართან, გივი მუნჯიშვილთან (ამჟამად სახელმწიფო კაპელის ხელმძღვანელი გახლავთ) ერთად სანადიროდ ვიყავი ზედაზნის ტყეში. მოულოდნელად ზარების რეკვა შემოგვესმა. მაშინ არც ვიცოდი, იქ თუ მონასტერი იყო. ზარის ხმას მივყევით და მოვექეცით მწვერვალზე, მონასტრის ტერიტორიაზე. მონასტრის წინ, უზარმაზარ მუხაზე ჩამოკიდებულ ზარებს შაოსანი გოლიათი რეკავდა. მივედით, გავესაუბრეთ, ძალიან მოეწონა ჩვენი, ახალგაზრდების აზროვნება. მარტო ცხოვრობდა მონასტრეში და გვთხოვა, დარჩითო. მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. ერთმანეთს სული გადავუშალეთ. ზედაზნის მონასტერი ცნობილი იყო თვალსაჩინო მოღვაწეებით. ერთ-ერთი მათგანი, საგალობელთა შემდგენელი, ექვთიმე კერესელიძე შემდეგში წმინდანად შერაცხეს. მამა გაგიმ წმინდა ექვთიმე კერესელიძის გამოცემული საგალობლების პარტიტურები გამოიტანა ეკლესიიდან და ის პარტიტურები მე, გივი მუნჯიშვილმა და მამა გაგიმ ნოტებით შევასრულეთ. მთელი ღამე ვგალობდით. რამდენიმე პარტიტურა მაჩუქა - დღესაც შენახული მაქვს. შემდეგ გული გადავუშალე - მოუნათლავი ვარ-მეთქი. მოვილაპარაკეთ - მამა გაგის უნდა მოვენათლე. ერთი კვირის შეემდეგ სვეტიცხოველში ჩამოვიდა ჯორით. დიდი ნათლობა ჩავატარეთ. ყველა ადათისა და წესის დაცვით. მამა გაგის თხოვნით, ჩაკეტეს კარები, რადგან მაშინ საშიში იყო მონათვლა და ეკლესიაში სიარული. გალობდნენ ზედაზნიდან ჩამოტანილ საგალობლებს. ნათლობას მხოლოდ გერმანელი ტურისტები ესწრებოდნენ. მე და მამა გაგი ნათლობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ზამთარ-ზაფხულ ხშირად დავდიოდი ზედაზენზე. კვირეების განმავლობაში ვრჩებოდი მასთან. მონასტერში არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ზედაზნის მონასტერში მოვამზადე. ინსტრუმენტი მქონდა წაღებული და სამი კვირის განმავლობაში დღედაღამე ვმუშაობდი. მამა გაგი გახლდათ ჩემი მთავარი კონსულტანტი. არამუსიკოსი კაცი, რომელიც თავისი ლოცვა-კურთხევით, თანადგომითა და უდიდესი მადლით ხელს უწყობდა ჩემს განვითარებას და ჩამოყალიბებას.
ჩემი წინაპრების შესახებაც მისაუბრია მასთან. პირველად რომ დავრჩი ზედაზენზე, ჩართო წმინდა ექვთიმე კერესელიძის ნაქონი ზამბარიანი, მექანიკური პატეფონი. ფირფიტებში მიაკვლია მამაჩემის ათამდე ფირფიტას.
ზედაზნის მონასტერში იმ დროს გადიოდა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მარშრუტი. რუსი ტურისტების უზარმაზარი ნაკადი ჩამოდიოდა მცხეთაში. ვინაიდან რუსის ქალები ცუდად იქცეოდნენ ზედაზნის მიდამოებში, მამა გაგი დიდი კომბლით იდგა მონასტრის ეზოში და მათ არ უშვებდა. ზედაზენზე, მთის წვერზე, შიგ მონასტერში, არის ცრემლის წყარო. ეს კურთხეული წყალი წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევითაა აღმოცენებული. რუსებს არც იქ უშვებდა, წმინდა წყალს მიბილწავენო.
მისი სასულიერო ცხოვრება მხოლოდ მცირე ხნით იყო შეჩერებული. საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ჯერ ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად აკურთხა, აფხაზეთში, ილორში გადაიყვანა. მსახურობდა საგარეჯოში, შიომღვიმის მამათა მონასტერში, მოწამეთის მონასტერში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ერთ ეპიზოდს გიამბობთ: მაშინ მამა გაგი წყალტუბოში მუშაობდა ექიმად. დამირეკა - შენი დახმარება მჭირდებაო. მაშინ სტუდენტი ვიყავი. მითხრა, - ბავშვი ვიშვილე და მინდა მუსიკა შევასწავლო, ჩამოვალ და პიანინო მაყიდვინეო. ცოტა ძვირი დაგვიჯდა მისი შეძენა. ინსტრუმენტი ქუთაისში გავაგზავნეთ. თვითონ მეორე დღეს უნდა გამგზავრებულიყო, ბილეთის ფული კი აღარ ჰქონდა. იმ ღამეს ჩემთან დარჩა. მეორე დილას ლოცვაზე სიონში წავედით. წირვის წინ პატრიარქმა ტაძარს შემოუარა. მე და მამა გაგი შევეგებეთ. ჩემი თავი გააცნო. ერთი შემოვლის დროს გზაზე ეკლიანი ჯოხი შემოგვხვდა. პატრიარქმა სთხოვა, გადააგდეო. მამა გაგიმ უგულოდ მოისროლა ჯოხი. ის უეცრად კედელს მოხვდა და ისევ გზაზე დავარდა. მიდი და წყნარად ისეთ ადგილას დადე, რომ ხელი არავის შეუშალოსო, - უთხრა უწმინდესმა. შემცბარმა მამა გაგიმ მაშინვე შეასრულა დავალება და შემოგვიერთდა. მოუსვენრად გრძნობდა თავს, თან თვალები უბრწყინავდა. წირვის დაწყებისას დამიძახა და ჯიბიდან მუჭით ფული ამოიღო. მეორედ რომ მივიდა ჯოხის დასადებად, მაშინ უნახავს. მართლაც სასწაულის მომსწრენი გავხდით. იმდენი იყო, რომ ბილეთის ფულის გარდა, სხვა რაღაცების ყიდვაც მოვახერხეთ.