ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. მახსოვს მისი დაბადება. ძალიან დიდი სიხარული იყო ოჯახში. მარტო რომ აღარ ვიყავი, ეს იმედის მომცემიც იყო და დიდი შენაძენიც. სკოლაში რომ შემიყვანეს, უცხო გარემომ შემაკრთო. გამბედაობა მაკლდა ალბათ. მერე მალე დავმშვიდდი. მიყვარდა სწავლა, კითხვა. ახლაც ასეა. რაც შეიძლება მეტის გაგება მწყუროდა. ვღელავდი, თუ რაიმეს ვერ ჩავწვდებოდი და ვცდილობდი, აუცილებლად გამეგო. კარგი მოსწავლე ვიყავი. მათემატიკა მიყვარდა, ისტორიაც, გეოგრაფიაც. სკოლა იქვე იყო სახლთან, პედაგოგები ძალიან კარგი მყავდა. ბავშვურად ცელქიც ვიყავი.
ზაფხულობით სოფელში დავდიოდი. ერთი სოფელი ზემო აჭარაში გვაქვს, მეორე - გურიაში. დედა გვარად გუჯაბიძეა, ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი. ყველა შვილს თავისი დედა მიაჩნია საუკეთესოდ და ასეც უნდა იყოს. ბევრი თვისება, როგორც ამას სხვებიც აღნიშნავენ, დედისა გამომყვა. დედა არის ძალიან მოკრძალებული, მშვიდი, თავმდაბალი. არ უყვარს ზედმეტი შფოთი. მამა უფრო მკაცრი და მომთხოვნია. დედ-მამა ერთმანეთს ავსებდა და ჩვენი, შვილების დამოკიდებულებაც იყო ისეთივე, როგორსაც ისინი გვთხოვდნენ. ძალიან მზრუნველი მშობლები იყვნენ, არ გვაძლევდნენ უფლებას, გვეზარმაცა, ან დაგვეშავებინა რაიმე. მოკლედ, ზნეობრივად გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ვყოფილიყავით - მათ სურდათ, კარგი, სასახელო ქართველები გავზრდილიყავით. ახლა უფრო ვხვდები, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ მზრუნველობას. რომ არა ისინი, ალბათ ჩვენ ასეთები ვერ ვიქნებოდით. შვილი ვერასდროს გადაიხდის მშობლის ამაგს. ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის. ის, რომ რწმენა მომეცა და საღვთო გზაზე დავდექი, უფლის დიდი წყალობაა. რწმენამ უფრო გამაძლიერა, უფრო ჯანსაღი და სწორი გზით წარმართა ჩემი ცხოვრება. ჩემს ბავშვობაში რწმენა იკრძალებოდა. ერთადერთი - აღდგომას მივდიოდით სოფელში, გურიაში, სადაც ტრადიციის დონეზე იყო შემორჩენილი წითელი კვერცხით სასაფლაოზე გასვლა.
- როდესაც ღრმად შევედი რელიგიურ ცნობიერებაში და გავხდი ეკლესიის მრევლი, ბევრი რამ გადაფასდა. მით უმეტეს, მაშინ, როცა გულში გადავწყვიტე, რომ ერში ვეღარ დავრჩებოდი. ღვთის ნება და შინაგანი მისწრაფება ადამიანისა იმდენად ძლიერია, რომ ამას წინ ვერაფერი აღუდგება. მით უმეტეს, როცა საღვთო გზაზე დგახარ.
ქვემოთ - არქიმადრიტი სტეფანე
ღმერთმა მიმიყვანა თავისთან. მივედი ბათუმის საკათედრო ტაძარში, ნელ-ნელა ვერკვეოდი ღვთისმსახურებაში. მე იქ ვიპოვე ჩემი სულიერი საკვები, რამაც დამაპურა. მოხდა ფერისცვალება, მაგრამ ზუსტად რა და როგორ - ეს ღმერთმა უწყის. მადლობა უფალს ამისათვის. განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ჩამოყალიბებული ეკლესიური ცხოვრება, როცა მეუფე იობი, ახლანდელი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას მღვდელმთავრობდა. მეუფე იობმა მოიზიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც.
მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგა ხანი მონათლული არ ვიყავი. ტაძარში კი დავდიოდი, მაგრამ არ მომეცა ამის საშუალება და პირობები... 17 წლისა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მოვინათლე. მოძღვარიც მყავდა, არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი). ამჟამად ქარელში მსახურობს. დავიწყე ხუცურის შესწავლა. შემმოსეს სტიქარით. სურვილი მქონდა, მონასტრულად მეცხოვრა და მთლიანად ღვთისთვის მემსახურა. უფალს ვეუბნებოდი, თუკი ეს შენი ნებაა, როგორმე განმამტკიცე-მეთქი. ვთხოვდი ჩემი ადგილის პოვნას. ღმერთის გარეშე რომ არ ვიცხოვრებდი, ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. სად, როგორ მემსახურა, ამას ვთხოვდი უფალს, ღვთისმშობელს. დავტოვე ოჯახი და მივედი მეუფე იობთან. მეუფეს რეზიდენციასთან პატარა მონასტერი ჰქონდა. შიგნით იყო განთავსებული ეკლესია, სამლოცველო. იქ ვიპოვე პირველი ნავსაყუდელი, ვიპოვე სამონასტრო სულიერი ცხოვრება, რის შემდეგაც მორჩილი გავხდი.
ცოტა ხნით გადავედი სურამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მერე ქარელში გადამიყვანეს. ეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი ასპარეზი იყო, ვინაიდან მაშინ მეუფესთან და მოძღვრებთან ერთად ვცხოვრობდი. ქარელში უკვე ცოტა მოშორებით ვიყავი. ესეც კიდევ სულიერი ზრდის ასპარეზი იყო. მერე გიმნაზია დაარსდა.Eეს კიდევ სხვა სკოლა იყო ბავშვებთან, პედაგოგებთან მოღვაწეობა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდით. ეს დიდებული სავანე მეუფის ლოცვა-კურთხევით არის აღდგენილი. თავის დროზე აქ მამა შიო (ხარძეიშვილი) მოღვაწეობდა. ქოზიფაში ყოფნა იყო ბერული მოღვაწეობის კარგი ასპარეზი. შევნატრი იმ პერიოდს, იქ უფრო შემეძლო საკუთარი სულისთვის ზრუნვა. ალბათ აქამდე არ მქონია ასეთი ხელსაყრელი გარემო, ვინაიდან ერში მაინც რთულია გამოეყო გარემოს და მარტო დარჩე საკუთარ თავთან.
სასულიერო ხარისხი სამ საფეხურად იყოფა - დიაკვნობა, მღვდლობა და მღვდელმთავრობა. ჩემს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე მოხდა. ეს პერიოდები შემიძლია ასე დავყო: დიაკვნობა, როგორც მსუბუქი ბედნიერების, სიხარულის ეტაპი; მოძღვრობა - გამოცდილების მიღების, მღვდელმთავრობა კი მართლა ჯვარია,Qქრისტესმიერი უღელი... როცა მინდა საკუთარ თავში რაღაც ძალა ვიპოვო და წარვმართო რომელიმე გადაწყვეტილება, მეუფე იობს ვიხსენებ ან რეალურად ვეკითხები. ვინც ჩვენი მეგზურია ცხოვრებაში, ბუნებრივია, მისგან ვსწავლობთ და სასიკეთოს ვიძენთ.
მადლობა ღმერთს, რომ ბოლნისის ეპარქიაში ცვლილებაა. ამას სხვები აღნიშნავენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საშუალებას. მეტის გაკეთება შეგვეძლო. ჩემს ადგილზე სხვა, უფრო მეტად სულიერი და თავდადებული რომ ყოფილიყო, ალბათ მეტს მიაღწევდა. ყველა ადამიანი უნდა აანალიზებდეს თავის გადადგმულ ნაბიჯებს და ხანდახან დავიჭერ ხოლმე სინანულით საკუთარ თავს.
მადლობა ღმერთს, რომ ყველა ქართულ სოფელში მოქმედი ეკლესია გვაქვს, გვყავს მოძღვრები. არის სასულიერო სასწავლებელი. გავხსენით რამდენიმე დედათა და მამათა მონასტერი. საზღვრისპირა სოფლებში და მიუვალ ადგილებში არაერთი მონასტერი დავაფუძნეთ. ამას წინათ ჩვენს ეპარქიაში ბრძანდებოდა უწმინდესი, მოილოცა ჩვენი ეპარქიის ეკლესია-მონასტრები. უდიდესი სიხარული მოგვანიჭა მისმა სტუმრობამ. ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მთავარეპისკოპოსი გავხდი.
- ყველაზე მეტად რაზე ფიქრობს მეუფე ეფრემი?
- საფიქრალი არის ის მოვალეობა, რაც მაკისრია. მთავარია, კეთილად აღვასრულო. მინდა ყველა ადამიანი მოვიდეს უფალთან. ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემს სამწყსოშიც და მთელ საქართველოში ვიხილავ უფალთან ახლოს მყოფ ადამიანებს. ტკივილი ის არის, როდესაც ვერ აღწევ, არ შეგიძლია და, ყველაფრის მიუხედავად, ვერ შველი ადამიანს. ეს არის საფიქრალი, ჩვენი მოღვაწობით როგორ მოვიპოვოთ ადამიანის სული, როგორ მივიყვანოთ უფალთან დაკარგული ცხვარი. ინებოს ღმერთმა, რომ ეს მთავარი შეგვასრულებინოს. ამაზე დიდი მოვალეობა არ არსებობს. ერთი ადამიანის სული მთელ სამყაროს აღემატება.
ეპისკოპოსი ქრისტეს სახეა. სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია. მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა ღვთის ნებად უნდა მივიღოთ. ეკლესია არის იერარქიული ორგანიზმი, რომლის სათავეში დგას ქრისტე, შემდეგ უკვე მღვდელმთავრები წარმართავენ. ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს, იცხოვროს ლოცვა-კურთხევით, რომ მასზე მადლი გადმოვიდეს. მშობლისგანაც უნდა მივიღოთ ლოცვა-კურთხევა, უწმინდესისგან, მოძღვრისგან, მღვდელმთავრისგან.
მღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით მინდა დავლოცო ბოლნისის ეპარქია.Mმინდა დავლოცო სრულიად საქართველო. ღმერთმა იგი განარიდოს ყველა განსაცდელს. მოგვცეს ერთობა, ერთსულოვნება ყოველთა ქართველთა ქრისტეში, სიყვარული მოგვცეს და განგვაშოროს ყველა განსაცდელი, რაც ჩვენი ცოდვების შედეგად მოგვდის. ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.