- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მათ აგრეთვე სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ. ეს ძალა არის სულიწმინდა უფალი, ქრისტე უწოდებს რა მოციქულებს სოფლის ნათელსა და ქვეყნის მარილს, მათ ყველა სხვა ადამიანისაგან გამოყოფს და განასხვავებს. წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი გვეუბნება: თქვენ მონდობილი გაქვთ განგებულება ღვთაებრივ საიდუმლოთა, თქვენ საზრუნავად მონდობილი გაქვთ ერის ზნეობრიობის დაცვა, მასზე ფხიზლად თვალყურის დევნება მისივე გადარჩენისთვის, თქვენ აუცილებლად მოვალეობად გეკისრებათ დაცვა გონების სიფხიზლისა და გულის სიწმინდისა და სიმართლისა, ყოველივე ამის საფუძველი კი ქრისტეა, ხოლო მისადმი სრული რწმენა უმაღლესი სიბრძნეა.
მღვდელმთავარი, მწყემსნი თვით ღმერთის მიერ არიან დადგენილნი, ისინი ასწავლიან ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ღვთის ძის - ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებს და არა პირუტყვებს, ბევრმა კი დაკარგა ადამიანური ღვთის ხატება და მსგავსება.
ხალხის ერთ ნაწილს სწამს ღმერთი და არ ეშინია მომავალი სამსჯავროსი, რამეთუ მისი ღმერთი თანამდებობაა, ფულია და რწმენა მხოლოდ სტომაქზე გადის; მეორე კატეგორიას აქვს რწმენა და შიში ღვთისა. ვიცოდეთ: საზოგადო მამხილებელი სიტყვა სხვაგვარად ითქმის, კონკრეტული პირისადმი მიმართული - სხვაგვარად. საზოგადო მიმართვა შეიძლება უფრო მკაცრი და მკვეთრი იყოს, რომ ცოდვილებს, სიცრუის მქადაგებელთ, უწესოებს გულში ელდა ეცეთ და იქნება გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან. როცა გინდა ერთი კაცის მხილება შენთვის და მისთვის ცნობილი ცოდვების გამო, რომელიც მე პირადად ბევრი ვიცი, თუ რა ჭაობში არიან ჩაფლული, ყოველთვის ვცდილობ, მათ ფაქიზად მივუდგე, რომ ამ ცოდვის იარებისგან განვწმინდო, მაგრამ მათ არ ესმით, აქეთ მასწავლიან ჭკუას და ხმასაც კი იმაღლებენ ჩემს წინაშე, მაგრამ ისევ გავიმეორებ: როდესაც ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სჯულს არღვევენ და მე ზუსტად ვიცი, თუ რა ცოდვებში იმყოფებიან, ამ დროს დუმილი იუდას ცოდვის ტოლფასია და არ უნდა დაემსგავსოთ იმ ძაღლს, რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები შენს სახლს ძარცვავენ, ან მგლები ფარას დაეცემიან. სწორედ ამას ვაკეთებ და ამას გავაკეთებ სიცოცხლის ბოლომდე.
მე ვალდებული ვარ, გულმოდგინედ ვევედრო ღმერთს ჩემი თავისთვისაც და ხალხისთვისაც განურჩევლად, რათა შემეწიოს მეც და ყველა ადამიანს.
თუ რა სათნოება და მონდომება უნდა ჰქონდეს მღვდელმთავარს, ამის შესახებ გვეუბნება მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველ და მეორე ეპისტოლესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეში. წაიკითხეთ და გულისხმაჰყავით. აღნიშვნის ღირსია მისი სიტყვები:
"ჯერ-არს ეპისკოპოსი, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმინდა, შემკულ სიმაღლითა, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა ანგარ, არა საძაგელის შემძინებელ, არამედ მყუდრო, ვერცლის უყვარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელი, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოველთა ღირსებათა" (1 ტიმ 3, 2-4).
დაბოლოს, სასულიერო პირი ღმერთის წარმოგზავნილია, რომლის სიმართლე, ზნეობა, პატიოსნება არ მოსწონთ მას, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს არ უყვარს მწყემსისაგან მხილება. ისინი მას მრავალ ბრალეულობას, სიცრუეს უგონებენ და უვრცელებენ, რაც არა მარტო მათ, არამედ მათ შთამომავლებსაც მძიმე ტვირთად დააწვება.
სასულიერო პირებს მრავალი განსაცდელი მოელით, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ ებრძვიან ეშმაკნი და ბოროტი ადამიანები, ამიტომ ვსაჭიროებთ ღვთისა და თქვენგან განსაკუთრებულ შეწევნას ლოცვით და საქმით და გაძლიერებას. სახლის კეთილდღეობა კეთილ მეპატრონეზეა დამოკიდებული, მეომართა კეთილდღეობა - კეთილ და გონიერ მხედართმთავარზე, ზღვაში ხომალდის კეთილდღეობა - კეთილ მესაჭეზე.
ილოცეთ, რომ მწყემსნი იყვნენ ბრძენნი და კეთილნი, მაშინ ქრისტიანული საზოგადოებაც კეთილდღეობით იცხოვრებს.