მეუფე ანტონ აბაშიძე უკრაინაში 1923 წლიდან ცხოვრობდა.
უძველეს არისტოკრატთა შთამომავალს, ჰქონდა ბრწყინვალე განათლება, მაღალი შინაგანი კულტურა. უდიდეს ღვთაებრივ სიყვარულს უხვად აფრქვევდა ყველას, ვისაც ღმერთი მასთან აახლოებდა, სულიერად ამაღლებდა და კურნავდა მათ. კიტაიევურ უდაბნოში განმარტოებულს, საღვთო ლიტურგიისას მხურვალე ლოცვა მისი გულისა მას ჰაერში ამაღლებდა.
სქემარქიეპისკოპოსი ღვთის სიტყვის ნიჭით იყო დაჯილდოებული, მისი ქადაგება ყველას გულის სიღრმემდე ღვთისადმი მადლიერებით განმსჭვალავდა.
აღსარების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა აღიარა, - მეუფე ანტონის დარიგების შემდეგ შეუძლებელია, ბოროტება ჩაიდინოო. მისი აბსოლუტური მუსიკალური სმენა და საოცარი ხმა იზიდავდა ქართული ჰანგების და მართლმადიდებლური გალობების მოყვარულებს.
სამამულო ომის დროს გერმანელების მიერ ოკუპირებულ კიევში მეუფე ანტონი იყო ერთადერთი მღვდელმთავარი. ის გახლდათ ნამუსი მღვდლობისა და ბერ-მონაზვნობისა, ნუგეში ტანჯულთა და დაჩაგრულთა, მან ბევრი გადაარჩინა ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან. ასეთი შვილისათვის მუხლს ვიდრეკ საქართველოს წინაშე, მადლობა ღმერთს, რომ წყალობა მოიღო უკრაინელ ხალხზე და გამოგვიჩინა დიდი მეუფე. მეუფე ანტონის სულის განსვენების შემდეგ გავიდა 63 წელი და ის დღესაც ახსოვთ უკრაინის ყველა ოჯახში, მისი დარიგებები გადაეცემა თაობიდან თაობას.
კიევის ამაღლების მონასტრის სქემმონაზონი ავგუსტა, საერო ცხოვრებაში ანა ვასილევნა ბოვსუნოვსკაია, იგონებს: მამამისი, უცოლო ყმაწვილკაცი, თავის 14 წლის უმცროს დასთან ერთად რჩევისთვის წასულა ბრძენ უხუცეს ანტონთან. ბერს კურთხევა მიუცია ღირსეული ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად, ხოლო მისი დის, ელენესთვის, ურჩევია, მონაზვნად აღკვეცილიყო.
გავიდა ხანი. ვასილმა ცოლი შეირთო. შეეძინა ორი ქალიშვილი, მარია და ანა. ისინი მოგვიანებით გახდნენ სქიმმონაზვნები სერაფიმა და ავგუსტა, ხოლო მამიდა ელენე, მონაზვნობაში მაკარია, სქემაში ფეოდოსია, მათი მოძღვარი იყო ქალაქ ოვრუჩის მონასტერში. ერთხელ დებმა უნებურად რაღაც დააშავეს და ძალიან ნერვიულობდნენ, ამისთვის იღუმენია, დედა ლუკია სხვა მორჩილებაში გადაგვიყვანსო. დილით მათ იღუმენიამ ჰკითხა, - თქვენი ვინ არის სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძეო. დებს გაუკვირდათ. მამიდამ დაწვრილებით უამბო მათ ანტონ აბაშიძესთან მისი ერთადერთი შეხვედრის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა მათი ბედი. თურმე დედა ლუკიას მეუფე ანტონი გამოეცხადა სიზმარში, სთხოვა, არ დაესაჯა დები - მათ მე მივხედავო.
პეჩორაზე, კერძო სახლის მინაშენში, გაპარტახებულ კელიაში, ცხოვრობდა კიევში ერთადერთი სქემარქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც მოძღვრავდა მორწმუნეებს კიევ-პეჩორის მიძინების ლავრის გახსნამდე (გაიხსნა 1941 წლის ბოლოს). მისი სულიერი შვილები ოკუპირებულ კიევში დიდი სიფრთხილით დადიოდნენ მასთან. მეუფემ გადაარჩინა პელაგია ტიტანკოვას (1906-2000) ოჯახი - მახლობელ სოფელში სანდო გლეხთან გაგზავნა, აკურთხა და თან თავისი ლექსად დაწერილი ლოცვა გაატანა. პელაგიას ქალიშვილი ვერა დღემდე კითხულობს მეუფე ანტონის ამ ლოცვას დილა-საღამოს ლოცვებში.
1902 წლის 23 აპრილს, იმ დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებელი ივერია ადიდებდა ზეციურ წმინდანს, გიორგი ბრწყინვალეს, თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში არქიმანდრიტი დიმიტრი ალავერდის ეპისკოპოსი გახდა. მამა დიმიტრიმ კურთხევის დროს ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა: "მთელი არსებით ვთრთოდი და ვღელავდი, როდესაც გავიგე ხმა, რომელიც მიწვევდა, გავმხდარიყავი ეპისკოპოსი. მაცხოვარი, მოვლინებული კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენი სულების ერთადერთი მწყემსი, მასწავლებელი და დამრიგებელი იესო ქრისტე მეძახის მე თავისთან, გოლგოთაზე. ეპისკოპოსის კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთას მიახლოებას, მაგრამ ნამდვილ ქრისტიანს გოლგოთა ვერ შეაშინებს: ამისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ტანჯვის გარეშე არ არის სიხარული. მხოლოდ ქრისტიანი ტანჯვისა და მწუხარების შემდეგ იპოვის შვებას ცათა სასუფეველში. ხოლო ვისაც სურვილი არ აქვს ირწმუნოს ქრისტე, მისი ტანჯული სული ვერ პოულობს სიმშვიდეს და მე, უძლური, ვპირდები, ვემსახურო ღმერთს და უფალს, იესო ქრისტეს. მან გამომიხსნა ცოდვის მორევიდან, განმწმინდა და გამაბრწყინა თავისი ყოვლისშემძლე წყალობით". 1903 წლის 4 ნოემბერს იგი დაინიშნა გურია-სამეგრელოს საეპისკოპოსო კათედრაზე. 1905 წლის 16 ივნისს გადაიყვანეს ბალტსკის საეპისკოპოსო კათედრაზე, 1906 წლის 20 იანვარს დაინიშნა მღვდელმთავრად თურქმენეთის ეპარქიაში, 1912 წლის 25 ივნისს კი მღვდელმთავრად ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიაში. 1915 წლის 6 მაისს აამაღლეს არქიეპისკოპოსის ხარსხში, კორსუნის ღვთისმშობლისა და ბალაკლავის წმინდა გიორგის მონასტრების წინამძღვრად. 1921 წელს უარი თქვა ეპარქიის მართვაზე. 1923 წელს დააპატიმრეს. რამდენიმე ხანი იჯდა სიმფეროპოლის ციხეში. 1923 წელს კიტაიევის უდაბნოში, მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში დასახლდა. იქ მიიღო სქემა ანტონის სახელზე და განერიდა ადმინისტრაციულ საქმიანობას. ამიტომ 1927 წელს, სამხრეთ რუსეთის სინოდის, რომლის წევრადაც იგი იყო მიწვეული, მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. 1933 წლის მარტში კიევის ოლქის საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი გაჩხრიკეს. 1933 წლის 9 მაისს პატიმრობა შეეცვალა ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით. საქმე წარმოებაში "ლუბიმოვი და სხვების" სახელწოდებით გადიოდა. 1933 წლის 22 ივნისს, უსსრ-ის კანონმდებლობით, მას 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა (პირობითად) მიესაჯა. 1941 წელს, 19 სექტემბერს, როდესაც კიევში ფაშისტური გერმანიის ჯარი შევიდა, ქალაქში ორი ტაძარი მოქმედებდა. არქიეპისკოპოსებს შორის მხოლოდ მეუფე ანტონი ბინადრობდა ქალაქში. დიდბერი გარდაიცვალა 1942 წლის 19 სექტემბერს ბულგარელი წმინდანის იოანე რილსკის ხსენების დღეს. დაკრძალულია კიევ-პეჩორის ჯვართამაღლების ტაძართან.