ამდენად, პირველი და აუცილებელი სათნოება, რომელსაც პავლე მოციქული ექისკოპოსისაგან მოითხოვს, არის უბრალოება ანუ უბიწოება. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპისკოპოსი, რომელიც სხვებს ასწავლის სიწმინდეს და მათგან უბრალო და უბიწო ცხოვრებას მოითხოვს, პირველ რიგში თვითონ უნდა იძლეოდეს ამის მაგალითს. ამ მცნების ასრულება კი ძალიან ძნელია, რადგან ვის დაუცავს თავი უბიწოდ, ვინც თუნდაც ერთი დღე გაატარა კაცთა შორის? მხოლოდ ღმერთს შეუძლია თავისი მადლით დაიცვას ეპისკოპოსი უბრალოდ და უბიწოდ. მეორე თვისება, რომელიც, პავლე მოციქულის სიტყვით, ეპისკოპოსს მოეთხოვება, სიფხიზლეა. ის მუდამ უნდა მღვიძარებდეს, რათა არც ერთი ცხოვარი იმ ფარისა, რომელიც ღმერთმა მიანდო, მისი მიზეზით არ წარწყმდეს. ვაი იმ მღვდელმთავარსა და მღვდელს, რომელიც ღმერთს იმ სულებს დაუკარგავს, უფალმა რომ თავისი სისხლით გამოისყიდა. ნეტარია მღვდელმთავარი, რომელსაც სამწყსოს დაცვის საქმეში კეთილნი და ღირსნი სამღვდელონი ეხმარებიან, მის შრომას, ჭირსა და განსაცდელს იზიარებენ და ამით მსახურებას უმსუბუქებენ. მესამე, რასაც პავლე მოციქული მღვდელმთავრისაგან მოითხოვს, არის ის, რომ იგი შემკულ, ანუ ყოველი სათნოების მატარებელი უნდა იყოს. ეპისკოპოსის მსახურებას ისიც ართულებს, რომ მორწმუნენი მუდამ მას შეჰყურებენ, მისგან ელიან სულიერ სწავლასა და დამოძღვრას. ამიტომაც მისი რომელიმე თვისებისა თუ მოქმედების დაფარვა შეუძლებელი ხდება. თუ მისი ცხოვრება კეთილია, მაღალ ადგილზე შემოდგმულ ანთებულ სანთელს ჰგავს, მაშინ როცა ცხოვრება უღირსი მღვდელმთავრისა საკვამლეს მოგვაგონებს, რომლისაგან გამოსული კვამლი ჰაერს აბნელებს და შორიდანვე ჩანს. ეპისკოპოსი მარტო ვერც ცხონდება და ვერც წარწყმდება: კეთილი ეპისკოპოსი აცხონებს მრავალთა, ხოლო უღირსი ასევე მრავალს წარწყმედს. უფალი კი განსაკუთრებით მკაცრია მათ მიმართ, რომელნიც ადამიანებს ცხონების გზაზე აბრკოლებენ და აცდუნებენ (მათე 18,6). ცუდ ადამიანებს უხარიათ, როცა ეპისკოპოსი შეუფერებელ ცხოვრებას ეწევა, რადგან თავიანთი საქციელის გამართლება ეადვილებათ. მწყემსმთავარს და სამწყსოს ერთმანეთთან სიყვარული უნდა აკავშირებდეს. ეპისკოპოსიც ადამიანია და, ამდენად, არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არაა, მაგრამ მისი ნაკლი ამ დროს სამწყსოს სიყვარულმა უნდა შეავსოს. ნეტარია ის ეპისკოპოსი, რომელიც საშინელ სამსჯავროზე ქრისტეს წინაშე წარდგება და ეტყვის: აჰა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან (ისაია 8,18)".
გვესაუბრება ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი):
- საქართველოში პირველი მღვდელმთავარი წმინდა ანდრია მოციქულმა დაადგინა. პირველი ეპარქიის მმართველის სახელი ჩვენთვის უცნობია. იყო პერიოდი, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანებს სდევნიდნენ. მაშინ დევნა საქართველოშიც მოხდა და ანდრია მოციქულის მიერ დაარსებული ეკლესია იძულებული გახდა, ღია ასპარეზზე აქტიურად არ გამოსულიყო. IV საუკუნიდან, როდესაც კონსტანტინე დიდმა თავისი ედიქტით უფლება მისცა ქრისტიანებს, გაევრცელებინათ თავიანთი სარწმუნოება იმპერიის ფარგლებში, იმპერიის ფარგლებს გარეთაც უშიშრად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სწორედ ამ დროს შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო, რომელმაც გააქრისტიანა საქართველოს სამეფო ოჯახი და სრულიად საქართველო. ეს რომ შეიტყო კონსტანტინე დიდმა, გამოგზავნა საქართველოში სიწმინდეები და პირველი ეპისკოპოსი, რომლისგანაც მომდინარეობს დღევანდელი ჩვენი ეკლესიის ხელდასხმათა უწყვეტი ჯაჭვი.
ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის დროს, საქართველოს ეკლესიას მიეცა უფლება, თავად აერჩია პირველ იერარქი, მოეხარშა მირონი, ჩამოეყალიბებინა ეპარქიები და ავტოკეფალიური ეკლესიის სხვა ატრიბუტები.
ჩვენ გამოვიარეთ ეგზარქოსობის პერიოდი, როდესაც რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ძალით გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი შრომით, 1990 წლის 4 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ცნო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.
მოციქულთა დროიდან ეკლესიაში სამი იერარქიული საფეხური დაწესდა: ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი. უმაღლეს იერარქიას მღვდელმთავარი წამოადგენს, რომლის ფუნქცია ეკლესიის სრულფასოვანი საქმიანობაა იმ ტერიტორიაზე, სადაც არის დადგენილი. მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში ახორციელებს ეკლესიის მმართველობას.
მღვდელმთავრის ხელდასხმა არ ხდება ერთი მღვდელმთავრის მიერ. არც პატრიარქს შეუძლია ერთპიროვნულად დაასხას ხელი ეპისკოპოსს. მღვდელმთავრის კანდიდატურას წმინდა სინოდი გამოარჩევს. შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ხდება ხელდასხმა მღვდელმთავართა კრებულის მონაწილეობით.
მღვდელმთავარს უამრავი მოვალეობა აქვს: მოძღვარიც უნდა იყოს, საეკლესიო საქმეთა გამგებელიც თავის ტერიტორიაზე, კეთილმსახურების დამცველიც და მოსამართლეც (საეკლესიო Eსამართლის მიხედვით). ეკლესიას აინტერესებს თავისი ერის აწმყო, მომავალი, წარსული, განათლება, სულიერება. მნიშვნელოვანია ეკლესიის როლი მსჯავრდადებულებთან ურთიერთობაში, ნარკომანიასთან ბრძოლაში, სამხედრო პირებთან მსახურებაში, რათა უფლის ერთგულება და სამშობლოსთვის თავდადება გაუღვივდეთ. ვფიქრობ, ესენია ის საკითხები, სადაც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ. როცა სახელმწიფოს სურს ეკლესიისგან ასეთი მხარდაჭერა, ეკლესია მუდამ მზადყოფნაშია.Eეკლესიის გარეშე რთულია ზნეობრივი და წესიერი ურთიერთობების დამკვიდრება.
სულიერი თავისუფლება ღმერთთან ურთიერთობაა. ეკლესია აძლევს ადამიანს ასეთ თავისუფლებას. იყო დრო, როცა ზოგიერთი აცხადებდა, ეკლესია ოპიუმიაო. სამწუხაროდ,Aახლაც არის ისეთი ჯგუფი ხალხისა, რომელიც ცდილობს ეკლესიას დააშოროს ადამიანები და სარწმუნოება თავისი თეორიებით ჩაანაცვლოს.
ღმერთთან ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის. სულის ცხონებისა და სულის თავისუფლებისთვის მხოლოდ მას შეიძლება დაეყრდნო. უღმერთო სახელმწიფო თავისუფლების გარანტი ვერ იქნება. ვერც უფლებებისთვის ბრძოლა მოიტანს თავისუფლებას. თუ უფალი არ არის ადამიანის სულში, მას ვერაფერი გაათავისუფლებს. აქედან გამომდინარე, ყველა უღმერთოდ "განმათავისუფლებელი" თეორია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. უამრავი ადამიანი შეიწირა ამგვარმა თეორიებმა, რომლებიც ღმერთს გამორიცხავდნენ ადამიანის ცხოვრებაში.
ღმერთი, სამშობლო და ადამიანი - ეს ისეთი გასეულობებია, რომლებიც გულით უნდა ვატაროთ. ჯერ ღმერთი, შემდეგ სამშობლო, მერე კი ადამიანი - ღირებულებათა ეს იერარქია უნდა იყოს დაცული. თუ ადამიანი ღმერთსა და სამშობლოზე მაღლა დადგა, სრულიად გაუფასურდება მისი ყოველგვარი მოღვაწეობა.
ღვთის ნებაა მთავარი და სულისთვის რაც საჭიროა, ის უნდა აკეთო.
ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს მღვდელმთავარს. პატივს მიაგებენ, რიდით და მოწიწებით ეპყრობიან, მაგრამ თუAადამიანმა საკუთარ თავზე მიიღო პატივი, ძალიან ცუდი იქნება, რადგან პირადად მას არ ეკუთვნის ის დიდება, რასაც მღვდელმთავრობის ხარისხით იღებს. ეს არის ღვთისმსახურებაში ყოფნის დაფასება და უფლის თაყვანისცემა. როცა პატივისცემით გექცევიან - ეს უფლის სიყვარულის გამოხატულებაა.
პატრიარქთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ლოცვა-კურთხევით მოქმედებდე. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა უწმინდესის კურთხევა. ზოგჯერ არ გამომდის ჩემი უძლურების გამო, თუმცა ყოველთვის ვცდილობ შევასრულო, დაგვიანებით მაინც.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!