- მღვდელმთავარი ეკლესიას განასახიერებს. ეკლესია კი მოციქულების ლოცვა-კურთხევისა და დარიგებების, ეკლესიური გადმოცემებისა და უფლის მცნებების გამგრძელებელია.. ეპისკოპოსს, მღვდელმთავარს უფლება ეძლევა ხელი დაასხას თავის მოწაფეებს ან სასულიერო პირებს, რომლებიც ეკლესიური კანონების შესრულებას შეუდგებიან. მღვდელმთავრის მნიშვნელობა ქართულ ეკლესიაში მთავარია არა მარტო ეკლესიური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. მღვდელმთავარს დიდი ადგილი უკავია ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სინამდვილეში. კომუნისტების დროს, საუკუნეების განმავლობაში მღვდელმთავრის ფუნქცია თითქოს შეუმჩნეველი და დამალული იყო, მაგრამ მღვდელმთავარი და ასევე პატრიარქიც უხილავად ხელმძღვანელობდნენ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეკლესიის ლოცვა არის ყოველთვის ფარი, შემწეობა და დედაბოძი, რომელსაც ეფუძნება ქართული დამოუკიდებელი სახელწიფოებრივი ცხოვრება.
მღვდელმთავრის მოღვაწეობა რთული და მძიმე ჯვარია. მღვდელმთავარი, ერთი მხრივ, არის მქადაგებელი და მატარებელი სულიერი მცნებებისა, ასევე არის ეკლესიის აღმშენებელი, სასულიერო პირების მაკურთხეველი, ამავე დროს, თავისი ქვეყნის მოქალაქეცაა. მღვდელმთავარი ემორჩილება როგორც სულიერ, ეკლესიურ კანონებს, ასევე სახელმწიფო, საზოგადო, სამოქალაქო კანონებს. მისი ცხოვრება, გარკვეულწილად, უფრო რთული და დატვირთულია, ვიდრე უბრალო ბერისა, რომელიც მონასტერში ცხოვრობს. მონასტრულ მყუდრო გარემოში თითქოს დაცულია გარკვეული სამოქალაქო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრებისგან. მღვდელმთავარი კი საზოგადო ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ერთი მხრივ, უნდა უქადაგოს მრევლს, შეეცადოს, განამტკიცოს რწმენაში, ააშენოს ეკლესია, მეორე მხრივ, ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთანაც. მოვალეა, გამონახოს საერთო ენა ხელისუფლებასთან, რამეთუ დაიყენოს გვერდით და ხელისუფლების, საზოგადოების დახმარებით ააშენოს ეკლესია. საუკუნეების განმავლობაში ეპისკოპოსები ცდილობდნენ, ახერხებდნენ, რომ საზოგადოებასთან, მრევლთან ერთად ეკლესიის მშენებლობაში მიგვეღო მონაწილეობა. ეკლესიაში ვგულისხმობ უკვე სულიერ ეკლესიას, საზოგადოების გაქრისტიანებას, მრევლის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ვრწმუნდებით, რომ მღვდელმთავარს საუკუნეების განმავლობაში საპატიო და ურთულესი ფუნქცია აკისრია. რაც უფრო ღვაწლმოსილი იყო მღვდელმთავარი, მით მეტი იყო მისი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე. ყველა ქართველი ეპისკოპოსი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც უნდა იყოს, მუდამ თავისი სამშობლოს ერთგულია. აფხაზეთის ომის, თუნდაც აგვისტოს ომის დროს, ყველა მღვდელმთავარი მედგრად იდგა თავის ეპარქიაში და ანუგეშებდა ერს, სამწყსოს, იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს დასაცავად მიდიოდა. ეს დასაფასებელია.
ამ განსაცდელებთან დაკავშირებით უნდა გავიხსენო მაგალითი წმინდა ამბროსი ხელაიასი. ასევე მაგალითი, თუნდაც აფხაზეთში დაღუპული მღვდელმონაზონ ანდრიასი (ყურაშვილი). ეს არის მაგალითები, როდესაც სასულიერო პირებმა ბოლომდე უერთგულეს თავის ქვეყანას, ქართველ ერს. წლების წინ შეიძლება სასულიერო პირების, მღვდელმთავრების ღვაწლი სათანადოდ არ ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვაწლი იყო ძალიან დიდი და სამაგალითო.
ჩვენი დედაეკლესიის მწყემსმთავარი ყველასთვის სამაგალითოა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული სიყვარული და მოთმინება, რასაც ის ქართველი ერის მიმართ ამჟღავნებს. ძალიან ძნელია ზოგჯერ მოუთმინო ქართველი ხალხის უმადურობას და ამავე დროს გიყვარდეს ქართველი ერი, იყო მისი ერთგული და აპატიო ყოველი უძლურება, შეუნდო და მაინც უფრო ძლიერად გიყვარდეს. ეს არის მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა მღვდელმთავრისა და ყველა სასულიერო პირისთვის.