საყვარელო მორწმუნენო!
იმ დიდ სათნოებათაგან, რომლებიც ამშვენებდა წმინდა მენელსაცხებლე დედათა ცხოვრებას, ყველაზე ნათელი იყო მათი წმინდა მოშურნეობა ქრისტესთვის, მოწიწება და სულის სიმამაცე. რა დაცვა და გამაგრება დაუყენეს იუდეველებმა პილატესთან ერთად, ჩვენი მაცხოვრის ქრისტეს საფლავს, რომ ღამით არ მოსულიყვნენ მოწაფეები და არ მოეპარათ იგი! უზარმაზარი ლოდი მიაგორეს უფლის საფლავს, ბეჭდებით დაბეჭდეს ეს ლოდი, ძლიერი და შეიარაღებული მეომრები დააყენეს სადარაჯოზე. მაგრამ ყოველივე ამას არ შეუშინებია და არ შეუძრწუნებია წმინდა მენელსაცხებლე დედები. მათმა დიდმა მოშურნეობამ, წმინდა მოწიწებამ და სულის სიმამაცემ გადალახა იუდეველთა ყველა დაბრკოლება, მათი გადაწყვეტილება ვერ შეარყია საფლავის მთელმა დარაჯობამ. მხოლოდ ერთი ფიქრი, მხოლოდ ერთი სურვილი წარმართავდა მათ გონებასა და გულს - სრული რწმენითა და მოწიწებით მომსახურებოდნენ უძვირფასესი მაცხოვრის დაკრძალვას.
სოლომონმა ოდესღაც თქვა: "მამაკაცი ერთი ათასისაგან ვპოვე და დედაკაცი ამას ყოველსა შორის არა ვპოვე" (ეკლ. 7:28). მაგრამ აჰა, აქ ქალები, რომლებიც კაცებზე მამაცნი არიან. კაცები, ქრისტეს მოწაფეები, დაიმალნენ იუდეველთა შიშის გამო. პეტრე, მხურვალე და მტკიცე რწმენაში - მანაც კი სამჯერ უარყო უფალი, რის გამოც შემდეგ შეინანა და მწარედ იტირა (შდრ. ლუკა 22:62). ხოლო ქალები, თავიანთი ბუნებით მორიდებულნი და უძლურნი და ხშირად რაღაცის მოშიშნი იქაც კი, სადაც საფრთხე არ არის, აქ, ჩვენი უწმინდესი მაცხოვრის დაკრძალვის მსახურებაში, აღმოჩნდებიან კაცებზე უფრო ძლიერნი და მამაცნი. მათ არ ეშინიათ იუდეველთა რისხვის, მეომართა სიმკაცრეს არ შეუშინდნენ, და უფლის საფლავის დარაჯები არც აღელვებს მათ გულს.
მოწაფეები, კაცები, შიშობენ და გარბიან აქეთ-იქით, როგორც უწინასწარმეტყველა მათ მაცხოვარმა. ხოლო წმინდა დედები იკრიბებიან. ისინი იმალებიან, ეს დედები კი გამოდიან ღვთის სინათლეზე, მიემართებიან ბაზარში და ყიდულობენ მირონსა და ნელსაცხებლებს, რომ სცხონ ქრისტეს ცხოველმყოფელ სხეულს. ჰოი, ნეტარო დედებო, როგორ არ შეგეშინდათ და დადიხართ ღამით მარტონი, და როგორ გაბედეთ მიახლოება იმ ადგილას, რომელსაც მეფის მეომრები იცავდნენ, და როგორ არ შეძრწუნდით, არამედ ცდილობთ ლოდის გადაგორებას, ბეჭდების გატეხვას, საფლავის გახსნას და უფლის სხეულის ნელსაცხებლებით ცხებას? ეს თქვენი ღვაწლი გამომდინარეობდა თქვენი სულების მოშურნეობიდან, მოწიწებიდან და დიდი სიმამაციდან.
უძლური დედები იყავით ბუნებით, მაგრამ არა თქვენი გონებითა და გულით, რადგან არაფერში გამოჩენილა თქვენში ქალური უძლურება, არამედ თქვენმა ყველა ღვაწლმა გადააჭარბა კაცთა სიმამაცეს. თქვენზე ჭეშმარიტად აღსრულდა წერილის სიტყვა, რომელიც ამბობს: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (2 კორ. 12:9), და კიდევ: "უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა" (1 კორ. 1:27; შდრ. ფს. 8:2; მათ. 21:16). თქვენს გულში ჭეშმარიტად იყო სიტყვები უწმინდესი მაცხოვრისა ჩვენისა, რომელმაც თქვა: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (მათ. 10:28). და კიდევ ამბობს სული წმინდა: "მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა" (ფს. 30:25). თქვენ მოციქულებზე ადრე მოციქულთა საქმე აღასრულეთ. თქვენ წმინდა მოწამეებზე ადრე მათი რწმენა და სულის სიმამაცე გამოავლინეთ.
ელია, დიდი წინასწარმეტყველი, ღვთაებრივი მოშურნეობით აღგზნებული, აქაბს ამხელდა, ხოლო თქვენ უფლის საფლავის მცველნი შეარცხვინეთ. გედეონმა ოდესღაც სამასი მეომრით მადიამელთა მრავალრიცხოვანი ჯარი შემუსრა (შდრ. მსაჯ. 7:25). თქვენ კი, მართალ კაცებთან იოსებთან და ნიკოდემოსთან ერთად, იუდეველთა და პილატეს ყველა სიმაგრეზე ძლიერნი აღმოჩნდით და უშიშარ მსახურებად იქეცით, მზად მყოფნი მსხვერპლამდეც კი ემსახუროთ მას, ვინც მოვიდა სამსახურად და თავისი სულის დასადებად მთელი კაცობრიობის გამოსახსნელად. თქვენ, ჰოი წმინდა დედანო, უწმინდეს ქალწულ მარიამთან, ჩვენი მარადიული მაცხოვრის დედასთან ერთად, დიდი მოშურნეობითა და სულის სიმამაცით შეიკრიბეთ და ყველაზე ადრეული მსახურება აღასრულეთ მაცხოვრისათვის. ამიტომაც მოციქულებზე ადრე ღირსი გახდით გექადაგათ უფლის აღდგომა.
საყვარელო მორწმუნენო!
ვინ არიან ეს წმინდა მენელსაცხებლე დედები, ანუ მირონის მტვირთველნი, რომლებიც მისდევდნენ ქრისტეს მოციქულებთან ერთად და ღირსნი გახდნენ ყოფილიყვნენ უფლის ვნებათა მოწმენი, და ეცხოთ მისი წმინდა სხეული ნელსაცხებლებით, როცა ის საფლავში იწვა? წმინდა სახარება მოკლედ გვაუწყებს მათ სახელებსა და საქმეებს.
პირველი და ყველაზე სულიერი მოშურნეობითა და სიმამაცით აღვსილი არის მარიამ მაგდალინელი გალილეის ქალაქ მაგდალადან.
სხვა წმინდა მირონმტვირთველი ქალები არიან: მარიამი, იაკობის (მარკ.16:1) და იოსიას (მარკ.15:47) დედა, ანუ ღვთისმშობლის ბიძაშვილი; მარიამ კლეოპა (იოან.19:25) და სალომე, ზებედეს ძეთა დედა (მათ.27:56; 28,1; მარკ.16:1; ლუკ.24:10). შემდეგ იოანა, ხუზას, ჰეროდეს სახლთუხუცესის ცოლი, სუსანა და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით (ლუკ.8:3). მირონმტვირთველთა შორის არიან აგრეთვე მართა და მარიამი, ლაზარეს ორი და ბეთანიიდან, სადაც ხშირად ჩერდებოდა მაცხოვარი წმინდა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში ან გალილეაში მიმავალი.
რა იყო ამ მირონმტვირთველი დედების მთავარი სათნოებები? უპირველეს ყოვლისა, მათ მტკიცედ სწამდათ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები მესია, რომელიც მოვიდა დედამიწაზე კაცობრიობის გადასარჩენად. შემდეგ, კი ისინი წმინდად ცხოვრობდნენ, ლოცვასა და მარხვაში, თავშეკავებასა და მოწყალებაში, იმყოფებოდნენ წმინდა სიყვარულში ერთმანეთის მიმართ და, როგორც შეეძლოთ, სიყვარულით უმასპინძლდებოდნენ იესოს და მის წმინდა მოწაფეებს.
თუმცა წმინდა მირონმტვირთველი დედების რწმენა და მოშურნეობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. ისინი არა მხოლოდ იღებდნენ უფალს თავიანთ სახლებში, ბანდნენ მას ფეხებს, ემსახურებოდნენ სუფრასთან და აძლევდნენ მას დასვენების საშუალებას, არამედ მეტიც - მოშურნეობით მიჰყვებოდნენ ქრისტეს, იყვნენ მისი სასწაულების მოწმენი და კადნიერებით აღიარებდნენ, რომ ის არის ძე ღვთისა, სოფლის მაცხოვარი.
მაგრამ ყველაზე დიდი სიმამაცე მირონმტვირთველმა დედებმა უფლის ვნებების დროს გამოავლინეს. მას შემდეგ, რაც მოწაფეებმა შიშით მიატოვეს იგი და პეტრემ უარყო ქრისტე, ერთადერთნი, ვინც შორიდან მიჰყვებოდნენ მას, იყვნენ წმინდა მირონმტვირთველი დედები ღვთისმშობლის, მარიამ მაგდალინელის და სიყვარულის მოციქულის იოანეს მეთაურობით. რადგან საღვთო სიყვარულის მიტოვება შეუძლებელია.
მირონმტვირთველი დედების გამბედაობა და სიმამაცე ჩანდა გოლგოთისკენ მიმავალ ჯვრის გზაზეც. მხოლოდ ისინი მიაცილებდნენ წმინდა იოანესთან ერთად ჯვარცმაზე მიმავალ უფალს და იყვნენ მისი ტანჯვის მოწმენი. მხოლოდ ისინი ლოცულობდნენ მისთვის ცრემლებითა და ღრმა ამოოხვრით, ისე რომ მაცხოვარმა, შეიწყალა რა ისინი, თქვა: "ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა... რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?" (ლუკ.23:28,31).
გოლგოთაზე წმინდა მირონმტვირთველი დედები უკვდავი სიყვარულის მოციქულთან ერთად ასევე ერთადერთნი იყვნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვარცმის მოწმენი. მათ ნახეს იგი სისხლიანი და ჯვრის სიმძიმით დაცემული. მათ ნახეს იგი შიშველი, უქიტონოდ, ჯვარზე გართხმული. მათ ნახეს, როგორ ჩაასვეს ლურსმნები უფლის ხელებსა და ფეხებში, და ტკივილისგან გრძნობა დაკარგეს ჯვრის ქვეშ. მათ ესმოდათ იუდეველთა მგმობელი სიტყვები, ავაზაკთა მონანიებითი აღსარება და მაცხოვრის სულისშემძვრელი ვედრება: "ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?" (მათ.27:46).
მენელსაცხებლე დედებმა იხილეს, როგორ დაბნელდა მზე, როგორ შეძრწუნდა ზეცა, როგორ აღდგნენ მკვდრები საფლავებიდან და მოისმინეს ღვთის ძის ვედრება იუდეველი მკვლელების შენდობისთვის: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკა 23:34). სწორედ ამ ქალებმა, რომლებიც მოციქულებზე უფრო მამაცნი და მოწაფეებზე უფრო მოშურნენი იყვნენ, იხილეს, წილი როგორ ჰყარეს ქრისტეს კვართზე, ღვთისმშობლის ხელით შეკერილზე, და მოისმინეს მისი უკანასკნელი სიტყვები: "მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23:46).
აი, რაოდენ დიდი იყო წმინდა მენელსაცხებლე დედების მოშურნეობა, რწმენის სიმტკიცე და სულის სიმამაცე! მათ არ ეშინოდათ რომაელი ჯარისკაცების, ასეთი სისხლისმსმელების. არ შეუშინდნენ ღვთის უშიშარ იუდეველთა სიმძვინვარეს და არც ჯვარზე უფლის სიკვდილმა შეაშინა ისინი, იმათგან განსხვავებით, ვისაც სასოება არ გააჩნდათ!
მაგრამ წმინდა მენელსაცხებლე დედების სიმამაცე არ შემოფარგლულა გოლგოთით. ისინი პარასკევს საღამოსაც იყვნენ ჯვრიდან უფლის გარდამოხსნისას და იოსებ არიმათიელთან ერთად იყიდეს სუდარა და ნელსაცხებელი, სცხეს მის სხეულს ნელსაცხებელი, გაახვიეს სუდარაში, დაასვენეს საფლავში და მიაგორეს ქვა საფლავის კარს. ხოლო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იოსეს დედა უყურებდნენ, სად დაასვენეს იგი. და მას შემდეგ, რაც შაბათი დღე გავიდა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამმა, იაკობის დედამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
და კვირის პირველ დღეს, ანუ ერთშაბათს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას, მივიდნენ საფლავთან. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. იქ იხილავთ მას, როგორც მან გითხრათ თქვენ. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა. ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს" (მარკოზი 15:46-47; 16, 1-10).
ხედავთ მენელსაცხებლეთა მოშურნეობას, მათ სიმამაცეს და ღვთის ძის რწმენის სიმტკიცეს? ხედავთ ამ წმინდა დედათა სიმამაცეს? მოწაფეები იუდეველთა შიშით ოთახში დამალულნი და ჩაკეტილნი ისხდნენ, ხოლო მათ იყიდეს სუდარა და ნელსაცხებელი, რათა იესოს სხეულისთვის ეცხოთ. მოწაფეები ტიროდნენ და გოდებდნენ უფლის სიკვდილზე, ხოლო ისინი განთიადისას გაიქცნენ გოლგოთისკენ, რათა საფლავი ეხილათ. ისინი შიშით ელოდნენ ამბავს გოლგოთიდან, ხოლო მათ, საფლავში შესულებმა, მთავარანგელოზ გაბრიელისგან მიიღეს უწყება, რომ უფალი აღდგა, სიტყვებით: "ნუღარ სტირით!" შემდეგ კი, მისი ბრძანებით, სირბილით დაბრუნდნენ უკან და უთხრეს მოციქულებს, რომ ქრისტე აღდგა - იგი აღარ არის საფლავში!
აი, რამდენი სიმამაცე და რწმენა, რამდენი სიმტკიცე და კადნიერება ჰქონდათ ამ დედებს. კაცები მიმალულნი სხედან, ხოლო ისინი გარბიან საფლავისკენ, შედიან შიგნით, მოაქვთ ნელსაცხებელი, ამხნევებენ ერთმანეთს, საუბრობენ ანგელოზებთან, პირველები ხედავენ ცხოველსმყოფელ საფლავს და გვერდზე დაკეცილ სუდარას. არ ეშინიათ არც ღამის სიბნელის, არც საფლავის მცველი მეომრების, არც სიკვდილის, არც ანგელოზების, არაფრის. ერთადერთი სურვილი ჰქონდათ მათ - ენახათ იესო, ეცხოთ და ემთხვიათ მისი წმინდა სხეულისთვის. მენელსაცხებლე დედები არიან პირველი და უღირსეულესი მოწმენი უფლის ჯვარცმის, სიკვდილის, დაფლვისა და აღდგომისა. მათ პირველებმა აუწყეს მოციქულებს და მთელს სამყაროს, რომ ქრისტე აღდგა, რომ სიკვდილი, ეშმაკი და ჯოჯოხეთი დამარცხებულია და სამოთხე გახსნილია.
სად არიან ახლა ქრისტეს მოყვარული ქრისტიანი ქალები, ისეთივე მტკიცენი რწმენასა და კეთილ საქმეებში, როგორც წმინდა სახარების მენელსაცხებლე დედები?
და მაინც, წმინდა დედათა რიცხვი ქრისტიანულ ეკლესიაში გაიზარდა და ზოგჯერ მამაკაცთა რიცხვსაც კი აღემატება. გავიხსენოთ წმინდა მოწამე დედათა უზარმაზარი დასი, როგორებიც არიან მოციქულთასწორი თეკლა; ბარბარე, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა ქრისტესთვის; ეკატერინე; ირინე; მარიამი; სოფიო თავის სამ ასულთან ერთად; თებრონია; ტატიანა და ფილოთეა არჯეშელი. დიდია აგრეთვე ღირსი დედების რიცხვი, რომლებიც მოღვაწეობდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში, გახდნენ სულიწმინდის ჭურჭელნი და აღასრულებდნენ სასწაულებს. მათგან მხოლოდ ზოგიერთს მოვიხსენიებთ: მარიამ მეგვიპტელს, ევფროსინეს, ქსენიას, პელაგიას, მელანიას, ასევე ღირს პარასკევა იასელს, თეოდორა სიხლელს და მრავალ სხვას.
ყველა ეს ღირსი დედა - ქრისტეს სძალნი არიან, მენელსაცხებლე დედათა მოწაფენი და ეკლესიის მლოცველნი ჩვენ ყველასთვის.
საყვარელო მორწმუნენო!
დღეს ქრისტიანი ქალების დღეა. ისინი არიან მენელსაცხებლე დედათა მემკვიდრენი, აღდგომის ასულნი, უფლის მხევალნი, რწმენის სანთელნი, ოჯახის სულნი. ქრისტიანი ქალები, მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი, მამაკაცებზე მეტად ინახავენ რწმენის ალსა და ძველ ტრადიციებს, ლოცვის წმინდა ცეცხლსა და ღვთისმოსაობას ჩვენს სახლებში. მორწმუნე ქალები ამავდროულად კარგი დედებიც არიან, ერთგული ქრისტიანები, პატიოსანი და შრომისმოყვარე მეუღლეები, სამაგალითონი საზოგადოებისთვის. მორწმუნე ქალები პირველნი არიან ტაძარში, პირველნი ლოცვაში, მარხვაში, შრომაში, მოწყალებაში, კეთილი წიგნების კითხვაში, სნეულთა მოვლაში, ყველაფერში. ისინი ინახავენ რწმენის, სიყვარულის, მოთმინებისა და მშვიდობის სულიერ სითბოს ტაძარში, ოჯახში, საზოგადოებაში.
ასეთი შესანიშნავი დედები სჭირდება დღეს ჩვენს ოჯახებს. ასეთი ღვთისმოსავი ასულები სჭირდება ქრისტეს ეკლესიას. ასეთი პატიოსანი და ყველაფერში სამაგალითო ქალები ასე სჭირდება დღეს საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ. რადგან იმდენ დედას არ სურს არც შვილების გაჩენა, არც მათთვის კარგი ქრისტიანული აღზრდის მიცემა. რამდენი დედა კლავს თავიანთი შვილების უმეტეს ნაწილს, ხოლო იმ მცირედს, რომელთაც აჩენენ, არ ზრდიან ღვთის შიშში, თავის ნებაზე მიუშვებენ, რათა ოჯახის ტვირთად და საზოგადოების სირცხვილად იქცნენ.
დედებო, თქვენ ხართ დღევანდელი მენელსაცხებლენი ქრისტეს ეკლესიისა. მიართვით უფალს არა ძვირფასი ნელსაცხებელი, არამედ თქვენი წმინდა რწმენა და კარგი შვილები, კარგად აღზრდილნი და მორწმუნენი. ელაპარაკეთ მათ ყველაზე მეტად ღმერთზე, წმინდანებზე, ეკლესიასა და ჩვენს წინაპრებზე. ნუ აცდუნებთ მათ ნურაფრით და აკითხეთ კარგი წიგნები, რაც შეიძლება მეტი. თქვენ შეგიძლიათ უზარმაზარი წვლილი შეიტანოთ მსოფლიოს, ეკლესიის, საზოგადოების სულიერ განახლებაში. დაამატეთ წმინდა ზეთი თქვენი შვილების სულებში. ხვალ მათგან გამოვლენ დიდსულოვანი, კარგი ადამიანები, მოწიწებული მღვდლები, განათლებული მასწავლებლები, სამაგალითო ქრისტიანები. ოჯახის, შვილების, ეკლესიის მომავალი ყველაზე მეტად თქვენზეა დამოკიდებული.თქვენი მოვალეობის აღსრულებისას, მუდამ იყავით როგორც თქვენი დედები. გაიხსენეთ, რა წმინდა დედები გყავდათ!
ახალგაზრდა გოგონებო, უფლისთვის შეინახეთ შეუბღალავი თქვენი პატიოსნება და კეთილი რწმენა, სანამ თავად არ მიიღებთ დედის სტატუსს ეკლესიასა და საზოგადოებაში. ასევე თქვენც, ქვრივებო და მოხუცო დედებო, თვალყური ადევნეთ ახალგაზრდებს, ბავშვებს, გარშემომყოფთ. ნუ დადუმდებით! ახალგაზრდა დედებს სჭირდებათ თქვენი მაგალითი და მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალწულებს სჭირდებათ თქვენი რჩევა, ხოლო შვილებსა და შვილიშვილებს - თქვენი ლოცვა, ცრემლები და მხილება.
დაიწყეთ ყველაფერი უფალთან ერთად, ლოცვით, რეგულარული აღსარებითა და მეტი სიმდაბლითა და მოთმინებით. მეტი კარგი დედა, მეტი პატიოსანი და მორწმუნე ქვრივი და ქალწული ნიშნავს ხვალინდელი დღისთვის მეტ ბავშვს სახლებში, მეტ მორწმუნეს ტაძრებში, მეტ მშვიდობას ოჯახში, ნაკლებ ლოთობას, განქორწინებასა და აბორტს ქვეყანაზე, ნაკლებ ავადმყოფობასა და ცრემლს დედამიწაზე და მეტ სულს სამოთხეში! ამინ.
ქრისტე აღდგა!