ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
სიტყვის სული არის სიტყვა, რომელიც შიგნიდან მოდის, ღვთის მიერ გულში ჩადებული, რომლის მეშვეობითაც ვლაპარაკობთ; რადგან ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. მას ეწოდება "სიტყვის სული", როგორც ამბობს წმინდა იოანე დამასკელი. ეს არის ის სიტყვა, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანის გულში მისი შექმნისას და რომელზეც ჩვენ ფარულად ვსაუბრობთ, არა ხმოვანი სიტყვა.
ხმოვანი სიტყვა არის გულიდან მომავალი სიტყვის სამოსელი. ხმოვანი სიტყვა გვხდის მოლაპარაკეებად. ხოლო ეს გულში ფარულად არის განთავსებული. წიგნს ხომ გონებაში კითხულობ, ენის გაუნძრევლად. ეს არის სიტყვის სული - სიტყვა, რომელიც ფარულად არის გულში განთავსებული. ის ღვთის მიერ არის იქ ჩადებული. და მისი მეშვეობით ჩვენ ფარულად ვსაუბრობთ ღმერთთან: ლოცვისას და ყოველთვის. ვფიქრობთ ყველა პრობლემაზე. ის სინდისთან ერთად მოქმედებს, ის არის ღვთის ხმა ადამიანში.
თუ მე შევცოდე, ის მამხილებს. თუ სიკეთე გავაკეთე, ყოველთვის მახარებს. დიახ, ის ღვთის მიერ არის ჩადებული ადამიანში - ეს სიტყვა, რომელიც შიგნით იმყოფება. ეს საიდუმლო სიტყვა, რომელიც სინდისთან ერთად მოქმედებს, როცა არავინ მამხილებს. მე შევცოდე და არავინ მამხილებს. მაგრამ ის - კი!
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "სინდისი მართალი მსაჯულია. მას ვერც ფულით მოისყიდი, ვერც მლიქვნელობით, ვერაფრით".
იმ ზომით, რა ზომითაც ჩვენ დავამშვიდეთ ჩვენი სინდისი, რომ მას არ ვემხილებინეთ ცოდვაში, იმავე ზომით ვგრძნობთ თავს მსუბუქად და ღმერთთან ახლოს. რადგან სინდისი მაშინვე ამბობს, როცა მასზე რაიმე ძევს, და შენ ის მაშინვე გიმძიმდება.
სინდისი სამგვარად მოქმედებს, ამბობს წმინდა დოროთე. ის მოქმედებს მატერიის, ღმერთის და ჩვენი თავის მიმართ.
როგორ - მატერიის მიმართ? მაგალითად, მე შენ მოგეცი რაღაც სამოსი სულის მოსახსენებლად და გითხარი, რომ მას მოფრთხილებოდი, ტყუილად არ გაგეცვითა. და შენ ატარებ მას, მაგრამ უფრთხილდები. და თუ დაინახავ, რომ ძალიან სწრაფად გაცვითე, სინდისი გამხილებს: "ეჰ, არ გავაკეთე ისე, როგორც მითხრა იმ ადამიანმა!"
კიდევ მატერიის მიმართ. შენ იწყებ ზედმეტად ხარჯვას საჭმელზე, სასმელზე, ხოლო ვიღაცას, საწყალს, საჭმელიც არ აქვს! და სინდისი გეუბნება: "აი ხედავ? შენ გინდა ამ ქვეყანაზე მხიარულად იცხოვრო, სხვა კი შიმშილობს, მას ჭამაც კი არ შეუძლია!" სუფთა სინდისი მატერიის მიმართ ყოველთვის გამყოფებს ღმერთთან ახლოს.
ღმერთის მიმართ სინდისი ყოველთვის მძიმდება ან მსუბუქდება იმის მიხედვით, მაქვს თუ არა მონანიება და ცრემლები ცოდვებისთვის.
საკუთარი თავის მიმართ სინდისი ასევე მამხილებს ცოდვაში. იქნება ის აზრით, სიტყვით თუ საქმით.
* * *
სინდისი - მართალი მსაჯულია. ღვთაებრივი იოანე ოქროპირი ამბობს: "ღმერთმა არ დაგიდგინა გარეთ მსაჯული, რომ შენ არ შეგძლებოდა მისი მოსყიდვა ფულით, მისთვის ქრთამის მიცემით, რომ მას შენ მართლად ეღიარებინე. ეს მსაჯული ჩვენში შიგნით არის დადგენილი, და ჩვენ არ შეგვიძლია მისი მოტყუება არაფრით!"
მოისმინე, რას ამბობს წმინდა დიონისე არეოპაგელი: "წმინდა გულისთქმის უწყება არის სიხარულთა სიხარული, ხოლო შებღალული გულისთქმის უწყება - სატანჯველთა სატანჯველი". მთელ მსოფლიოს შეუძლია მითხრას, რომ მე წმინდანი ვარ, კარგი, კიდევ რაღაც, მაგრამ თუ სინდისი იტყვის: "გაფრთხილდი, რადგან შენ ცოდვილი ხარ, ზარმაცი, ცოდვებით სავსე", - მისი დამშვიდება შეუძლებელია.
თუ მთელი მსოფლიო მაქებს, ხოლო სინდისი მსჯის, ამბობს რომ დამნაშავე ვარ - მორჩა, მე ვარ ქვეყანაზე ყველაზე დატანჯული ადამიანი! ჩემი ცოდნა ხდება სატანჯველთა სატანჯველი, რადგან მე საქმე მაქვს ღვთიურ ცოდნასთან ჩემში, რომელიც არ ინდობს, რომელიც ყოველთვის მართლად განსჯის ყველაფერს და მიგვითითებს ჩვენს სისუსტეებზე.
ხოლო თუ ჩემი სინდისი შეუბღალავია, მაშინ თუნდაც ყველა მლანძღავდეს ქვეყანაზე, თუნდაც ამბობდნენ ჩემზე ყველაზე ცუდს, მე ეს არ მეხება. მე კარგად ვარ, როცა ღმერთი არ მსჯის სინდისში. თუ სინდისი არ მამხილებს ცოდვაში და თუ ღმერთი არ მსჯის სინდისში - მე სავსე ვარ ყოველგვარი სიხარულით! ეს არის ის, რაზეც სახარება ამბობს: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს." (მათე 5:11). რისთვის არიან ნეტარნი? ჭეშმარიტებისთვის. და არა მხოლოდ ამბობს, რომ არ ვმწუხარებდეთ, არამედ გვიბრძანებს: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" (მათე 5:12).
ასეც არის: თუ შენი სინდისი შეუბღალავია, ის არ გთრგუნავს. ხოლო თუ შენი სინდისი შებღალულია და გამხილებს, შენ მისი დამშვიდება შეგიძლია. წადი აღსარებაზე მღვდელთან, ის განგარიდებს ცოდვებს, და შენ შეგიმსუბუქდება სინდისი. შემდეგ კი გაფრთხილდები, რომ აღარ გააკეთო ეს მეტად და ასე შეგიძლია შერიგება სინდისთან. ხოლო სინდისთან შერიგებული, შენ შერიგებული ხარ ღმერთთან, და შენთან სულში ყოველთვის იქნება მშვიდობა და სიმშვიდე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი