დიდი პასუხისგება აწევს მიმრქმელს, მან ზედმიწევნით უნდა აღასრულოს ნათლობისას დადებული აღთქმა. აი, რას ბრძანებს ნათლიის მოვალეობაზე ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი: "ძმანო ქრისტიანენო! ქრისტე მაცხოვრის ნათლობის მსგავსად ყველა მისი მორწმუნე უნდა მოინათლოს, ნათლობისას კი, როგორც იცით, მონაწილეობენ მიმრქმელები ანუ ნათლიები.
მაგრამ ყველამ არ იცის, რისთვის არის საჭირო ნათლიები და მათ რა უნდა გააკეთონ. ამიტომაც დღეს სულიერ მშობლებზე ანუ მიმრქმელებზე ვისაუბროთ.
როცა შვილისთვის ნათლიას ეძებენ, მშობლებმა ის მდიდარ და ცნობილ კაცთაგან კი არ უნდა აირჩიოს, არამედ ღვთისმოშიშ და მორწმუნე ადამიანებს შორის, რამეთუ ნათლობისას მიმრქმელი ყრმის მაგიერ აღიარებს მრწამსს და აღთქმას დებს, ნათლობის შემდეგ ის რჩება ღვთისგან მოცემულ მამად, რომელიც პასუხისმგებელია ჩაბარებული სულის ცხონებაზე.
ნათლობისას უფალი ასრულებს მადლმოსილ მოქმედებას, მღვდლის და მიმრქმელის ლოცვითა და სარწმუნოებით. იმისდა მსგავსად, როცა მან მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი მისი რწმენით, მართას და მარიამის რწმენით კი - ლაზარე, ანდა როცა განრღვეული განკურნა მისი მიმყვანი კაცების რწმენით.

ნათლიის მოვალეობაა, იცოდეს, ლოცულობს თუ არა მისი სულიერი შვილი, რა ლოცვები იცის, თუ დადის ხშირად ღვთის სახლში, ამბობს აღსარებას (თუ უკვე წამოიზარდა) და ეზიარება. ღვთის რწმენა და ლოცვა საჭიროა იმ სიკეთისთვის, სათნოებისთვის, რომელსაც კაცი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უნდა აღასრულებდეს, რომლის გარეშე არც ღმერთის სათნოყოფა შეიძლება და არც ცხონება.
მიმრქმელი ასევე უნდა ზრუნავდეს, რომ მისი ნათლულის სარწმუნოება მკვდარი არ იყოს და ნაყოფი გამოიღოს. ნათლია მამასავით უნდა ზრუნავდეს ბავშვის წმინდა ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით გამშვენებაზე, თვალყური ადევნოს, რომ ცუდი ჩვევები და შეცდომები მის სულს არ შეეხოს და თუ შეუძლებელია ეს ამ სოფელში, რომელიც ბოროტსა ზედა ძევს, ის მაინც გააკეთოს, უკეთურობები დიდხანს რომ არ დარჩეს ყრმის სულში.

მიმრქმელო, შენთვისაა ნათქვამი ნათლისღების ლოცვის სიტყვები:
"როგორც ახლაა გათანგული მადლის სხივებით შენი ნათლული და სულიერი შობის მიერ ბოძებულ არს ხელთა შენთა, დაე, ასევე უბიწოდ წარდგეს მომავალ საუკუნეში ზეციური მამის წინაშე. შენი ბაგეებით როგორც სიხარულით განუდგა სატანას და საქმეთა მისთა, ეშვილა ყოვლის შემოქმედსა და ღმერთს, გახდა წევრი ქრისტეს ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელი, დაე, არასოდეს განუდგეს ეკლესიას, იყოს მასთან რწმენით ერთობაში და მადლის მიერ მუდამ იყოს შვილი უფლისა". აი, რა დიდ მოვალეობას აკისრებს მიმრქმელს წმინდა ეკლესია, რარიგ მამობრივი მზრუნველობით, ყურადღებით უნდა უცქერდეს ის თავისი ნათლულის ცხოვრებას და მოქმედებას!"