- მამაო, აღდგომის მარხვაში, დედაეკლესიაში დადგენილია შვიდგზის ზეთისცხება, რატომ აღდგომის მარხვაში?
-VI საუკუნემდე სახლებში სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ტაძრებში. ზეთის კურთხევის საიდუმლო საქართველოში და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც დიდმარხვაში სრულდება, ნიშნად სახარებისეული პრინციპისა : "მარხვის დღეებში იცხე ზეთი და დაიბანე პირი, რათა არა ეჩვენო მმარხველად კაცთა"... თუმცა, მისი შესრულება საეკლესიო წლის ნებისმიერ დროს არის ნებადართული.
- ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებლად სრულდება. წმინდა ნიკოლოზ კავასილას აზრით, თითოეულ საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობის წყალობით ჩვენ ქრისტესთან ვერთიანდებით, ჭეშმარიტად ვეზიარებით განხორციელებული სიტყვა ღმერთის გამომსყიდველობითი ღვაწლის ერთ-ერთ მხარეს და მისი მიწიერი მსახურების თანამონაწილენი ვხვდებით. ეს ხდება ჩვენს თავს ზეთის კურთხევის საიდუმლოშიც, ვინაიდან მასში უფლის ჯვარცმის ტკივილს ვინაწილებთ. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, წმინდა წერილში, მარკოზის სახარებაში უფრო ღრმა აზრი გვხვდება: ,,ქადაგებდეს, რათა შეინანონ. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს"(მკ. 6. 12-13), ასევე გავიხსენოთ იაკობ მოციქულის ეპისტოლე: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკ. 5. 14-15). ტექსტიდან ნათლად ჩანს არსი და მიზანი.
- ამ დროს განსაკუთრებულად მზადდება ზეთი? ზეთს ღვინოც ერევა და ეს რა კავშირშია ერთმანეთთან?
- ზეთის კურთხევის საიდუმლოში, ზეთი არის ეკლესიის ლოცვის და იმავდროულად ავადმყოფზე გარდამომავალი საღმრთო წყალობის სიმბოლო. ღვინო და ზეთი სნეულების განმკურნებელი მადლის
სიმბოლოებიც არის. როგორც ცნობილია, ძველად ამ ორივე ნივთიერებას ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (იგავი მოწყალე სამარიტელზე ამის თვალსაჩინო მაგალითია).
- ტაძრებში შვიდგზის ზეთისცხებამდე იკითხება ასევე შვიდი სახარება, ეს რაზე მიგვითითებს?
- ადრე სნეულთან შვიდი დღის განმავლობაში მიდიოდა სასულიერო პირი და შვიდგზის აცხებდა ზეთს, შესაბამისად სახარებიდან და სამოციქულოდან სხვადასხვა ადგილების წაკითხვა შვიდჯერ ხდებოდა. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი.
- შეიძლება თუ არა შვიდი ზეთისცხება ყველა ადამიანზე? ბავშვებზე?
- ზეთისცხება მორწმუნე, მაზიარებელ და აღმსარებელ ადამიანზე აღესრულება, რომელიც რაიმე სნეულებით არის დაავადებული, სულიერი თუ ფიზიკური, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ბავშვი სნეულია და მოძღვარი ჩათვლის საჭიროდ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია.
- რა დროს უნდა დავანთოთ შვიდი ზეთისცხების სანთელი?
- წლის ნებისმიერ დროს, როდესაც სულიერი შეჭირვების ჟამი დაგვიდგება, თუმცა როდის არ გვაქვს მსგავსი წუთები ეშმაკის ხელში?! უფალმა დაგიფაროთ და გაცხოვნოთ.