
-ფილმის გადაღების იდეა, ჯერ კიდევ მეუფე ელისეს სიცოცხლეშივე გაჩნდა. მეუფე ელისე ჩემი ბაბუა გახლდათ,-მიამბობს ცოტნე. მეუფე, ძალზედ უშუალო და უბრალო ადამიანი იყო. ჩვენი ურთიერთობა, ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობაზე უფრო მეტი იყო, რისი შედეგიც არის, თუნდაც, ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული. მეუფეს უყვარდა შრომა, შემოქმედება და, შესაბამისად, ყოველთვის უხაროდა შემოქმედების ნაყოფი. ის თავადაც წერდა. ფილმის სათაურიც- "წუთი დიდი დრო ყოფილა", ამონარიდია მეუფეს ბოლოდროინდელი ლექსიდან. ფილმის შექმნის იდეაც სწორედ ჩვენი ერთ-ერთი საუბრის დროს დაიბადა. მას ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური კუთხე და დიდი ინტერესითა და სიყვარულით ათვალიერებდა ჩემს ფოტოებსა და ვიდეო-ჩანახატებს,რომლებიც საფუძველად დაედო ფილმის სიუჟეტს. ფილმი დოკუმენტური ჟანრისაა და ასახავს მეუფის მშობლიური სოფლის, შქმერის, ყოფა-ცხოვრებას. მასში ასახულია სოფლის ყოველდღიური ყოფა,წარსულის მოგონებები და აწმყოს რეალობა. ფილმის ავტორები ვართ მე და ბატონი კობა ცხაკაია. ფილმის მასალებს ორი თვის განმავლობაში ვიღებდი. ფილშმი გამოყენებულია მეუფის ქადაგებები და გარდაცვალების ამსახველი კადრები. პრემიერა 8 აგვისტოს "ერთსულოვნების" ეთერში შედგა. ფილმი წარმოდგენილია ტელეპროგრამებისა და ფილმების მე-20 საერთაშორისო ფესტივალ "РАДОНЕЖ" ფარგლებში. ფილმის მოსკოვური საფესტივალო პრემიერა ახლახან, 25 ნოემბერს შედგა.

მომავალში ვაპირებ მეუფეს წიგნის "უფლის ძახილის" მიხედვით ფილმის გადაღებას. მეუფე კი იმქვეყნიური სამყაროდან კიდევ ერთხელ შეგვახსენებს დროის წარმავლობის, თითოეული წუთის გაფრთხილებისა და სიყვარულის შესახებ. საუბარს მეუფის ლექსით დავასრულებ:
"საფქვავი ჩამოიცალა,
ერთი მარცვალიღა რჩება
სარეკელა უკაკუნებს,
სადაც არის შეჩერდება...
წუთის ისარი ბოლო წრეს ხაზავს,
ისიც მალე მინელდება...
წუთი დიდი დრო ყოფილა -
გული ასე მეუბნება...
ბოლო წუთი რა ყოფილა -
მთელს სიცოცხლეს უტოლდება...
გულის ბაგუნი ნელდება
და არ უნდა შეჩერება".
