"ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია. მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა, განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? რა იქნებოდა, თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო. მამა გაბრიელი მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ სახარება მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა, იმავე ღამეს სახლი დატოვა და უკან კარგა ხანს არ დაბრუნებულა, ვიდრე მშობელმა საქციელი არ შეინანა. მაშინ ის 12 წლისა იყო. გამოხდა ხანი. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ უამრავი ქართველი დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს უბრძანა, არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო. მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას. სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა მამა გაბრიელმა, მაშინ უკვე მღვდელმონაზონმა, და ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, ყველას წესი აუგო.
