სქემონაზონი ილია (ამინსკი)
სქემონაზონი ილია (ამინსკი)
სქემონაზონი ილია წარმოშობით კამენეც-პოდოლსკის გუბერნიიდან იყო. ამ უაღრესად განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანმა, ტერეშჩენკოს ქარხნების ყოფილმა გამგემ, რომელმაც დიდი ქონება დააგროვა და საზოგადოებაში პატივისცემასა და დიდებას მიაღწია, უეცრად გადაწყვიტა, ყველაფერი მიეტოვებინა და მონაზონი გამხდარიყო. იმისათვის, რომ ძვირფასმა მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს, რაზე თქვა უარი ილია ამინსკიმ, მოვიყვანოთ ტერეშჩენკოს მეურნეობის მოკლე აღწერა 1897 წლისთვის, რომელსაც იგი ერთპიროვნულად განაგებდა: "ტერეშჩენკოს ხორბლისა და შაქრის პლანტაციებსა და ქარხნებში სამუშაო საქონელი შედგება 1500 ხარისგან, 600 ცხენისგან; ინვენტარი 2000 მანქანასა და იარაღს აღემატება. ყოველწლიურად იყიდება 500000 რუბლის ხორბალი [თანამედროვე ფულზე გადაანგარიშებით ეს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია]. ჭარხალი მიდის საკუთარ შაქრის ქარხანაში".

ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ამ ყველაფერზე უარის თქმით მან ჭკუა დაკარგა, მაგრამ მისი შემდგომი ცხოვრება აბსოლუტურად ზუსტად ამტკიცებს, რომ იგი საღ გონებაზე იმყოფებოდა და მტკიცე მეხსიერება ჰქონდა. მის საქციელს ერთი ახსნა აქვს – უფლის მოწყალებამ მიაქცია იგი საღმრთო მადლისკენ და აღძრა ზეგარდამო ხელახლა შობისთვის.

ილია ათონზე 1904 წელს ჩავიდა და რუსეთის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მამა აღათადორთან (ბუდანოვთან) აღსარების შემდეგ ითხოვა კურთხევა, მონაზვნებთან კი არ ეცხოვრა, არამედ სავანის კუთვნილ ტყეში. და, მიუხედავად იმისა, რომ სავანის სამეურნეო ნაწილის ზოგიერთ ხელმძღვანელს უკვე ჰქონდა თავიანთი გეგმები მის მიმართ, როცა მის თვალებში ურყევი გადაწყვეტილებადაინახა, ბერმა აღათადორმა მისცა მას კურთხევა, ტყეში დასახლებულიყო. მან მართლაც თქვა უარი ცხოვრების ყოველგვარ, ელემენტარულ პირობებზეც კი და მომდევნო 30 წელი ტყეში მხეცივით ცხოვრობდა. მას არ ჰქონდა სახლი – ცხოვრობდა ქვის ქვეშ; არ იმზადებდა საჭმელს – ჭამდა ბალახსა და კენკრას; არ იცვლიდა ტანსაცმელს, თუმცა ძონძები ძლივს უფარავდა სხეულს; არ იბანდა და არ მკურნალობდა, თუმცა უკვე 80 წელს იყო მიღწეული და, რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს ლაპარაკობდა. ადამიანებთან შემთხვევითი შეხვედრისას მუხლებზე ეცემოდა და, თავდახრილი მიწამდე, არ სწორდებოდა, ვიდრე მარტო არ დარჩებოდა. ის ერთადერთი ფოტო, რომელიც ღვთის განგებით დარჩა მისგან, გადაღებულ იქნა 1919 წელს პოლიციის იძულებით, საბერძნეთის ახალი ხელისუფალთა მოთხოვნით. სწორედ მაშინ მამა აღათადორმა იგი სქემაში აღკვეცა ილიას სახელით.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს მოსაგრეობას ეწეოდა მრავალი სხვა რუსი მონაზონი ათონზე, მათ სირომახებს უწოდებდნენ. ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ზოგიერთ მათგანზე. სქემღვდელმონაზონი მეთოდე, სოლოვკის მონასტრის ყოფილი მკვიდრი, ცხოვრობდა გრიგოლის კელიაში და ხშირად ემალებოდა ადამიანებს გამოქვაბულში, უზარმაზარი ქვის ქვეშ. სქემონაზონი სევასტიანე, რომელიც ცხოვრობდა ვატოპედის მონასტრის მახლობლად, ზღვასთან გამოქვაბულში და, როგორც მამა სელევკი (ტროფიმოვი) იუწყება: "...ცხოვრობდა როგორც ფრინველი, სრულ უპოვარებაში. კელიაში არაფერი გააჩნდა. საზრდოს ხელსაქმით შოულობდა და ყოველთვის მხიარული და სიხარულით აღვსილი იყო. მიწიერზე მცირედად არ ზრუნავდა, არამედ მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა". სქემონაზონი თეოკლიტე ცხოვრობდა ოსტატურად გამოკვეთილ გამოქვაბულში, ზღვისპირა კლდეზე მაღლა, რომელიც ორი განყოფილებისგან შედგებოდა, სადაც ერთხელ მის მონახულებას შეეცადა დიდი მთავარი ალექსი ალექსანდრეს ძე 1867 წლის ივნისში წმინდა მთაზე სტუმრობისას. ათონის ნაპირთან გავლისას მისი ყურადღება გამოქვაბულმა მიიქცია და მოისურვა მისი დათვალიერება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად გამოქვაბულის მკვიდრი სახლში არ იმყოფებოდა – იგი ორცხობილებისთვის იყო წასული რუსიკში და გამოქვაბულის შესასვლელი დაკეტილი ჰქონდა. სქემონაზონი გაბრიელი, რომელსაც საკუთარი ხელით ქვის ქვეშ აშენებული კალივა ჰქონდა და იქ მარტო ცხოვრობდა 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ასევე მოღვაწეობდა მონაზონი ტროფიმე, რომლის შესახებაც მამა ვლადიმერი (კოლესნიკოვი) წერს შემდეგს: "ცხოვრობდა თითქმის ღია ცის ქვეშ ტყეში, პატარა მდელოზე: ბუჩქებზე დადებულია ფილა, რომელიც ანალოღიის როლს ასრულებს, მის გვერდით კი მას მჯდომარეს სძინავს. დგას წყლის სურა. იქვე, მშრალ ნაკადულში, ნაკადულის ერთ მხარეს მიშენებულია პატარა კედელი, რაღაცით გადახურული, ხვრელით, რომელშიც ძლივს შეძვრები და დაჯდები ამ სოროში, ადგომა კი შეუძლებელია და ძლივს შეტრიალდები; მიკრულია ხატები, სურათები, ფილა მაგიდის ნაცვლად, რომელზეც დევს საეკლესიო-სლავური ბიბლია, და დასაჯდომიც ფილაა. ამ სოროს ვერ შეამჩნევ, გვერდითაც რომ გაუარო. მასში ის კითხულობს წიგნებს და ლოცულობს, ხანდახან კი წერს თავის სულიერ აზრებს იქვე, ღია ცის ქვეშ, სადაც ასევე ფილაა მაგიდის ნაცვლად. საუბრობს ძალიან კარგად და, როგორც ჩანს, მოუკლებელი ლოცვა აქვს, რის გამოც მადლით არის გაბრწყინვებული".

ხოლო მეორე სქემონაზონ გაბრიელზე იგივე მამა ვლადიმერი გვამცნობს შემდეგს: "ეწეოდა მოგზაურ ცხოვრებას, არ ჰქონდა თავშესაფარი, არამედ ცხოვრობდა სადღაც ტყეში, გამოქვაბულებში და ასე, ეტყობა, 50 წელი გაატარა ათონზე სევასტოპოლის ომის დროიდან. თავი ყოველთვის გადაპარსული ჰქონდა, უმეტესწილად იმყოფებოდა ჩვენს მიწაზე ღია ცის ქვეშ, ჭამდა სადაც მოუწევდა. ტყეში ხშირად მიწევდა მასთან შეხვედრა, წყნარი ხასიათის გახლდათ, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მშვიდად და დაწვრილებით. ტანსაცმელი ჰქონდა ყველაზე საბრალო და თითქმის ყოველთვის თავსიშველი იყო".

მამა ვლადიმერი ასევე გვამცნობს სქემონაზონ ზოსიმეს შესახებ, რომელიც "მიმოხეტიალობდა ძველი რუსიკის მახლობლად ტყეში, ფეხშიშველი და ზამთარშიც კი ყველაზე ცივ დროს, თხელი ტანსაცმელი ეცვა, ჭამდა მონასტრის ჭიშკართან, არავისთან სიტყვას არ დაძრავდა. ბოლო წლებში დადიოდა წელში მოხრილი, ისე რომ ხელით მიწამდე წვდებოდა".

სქემონაზონმა ბენიამინმა კალივა მოიწყო მაღალ კლდეზე (სვეტზე), რომელიც ძველი რუსიკისკენ მიმავალ გზაზეა, და იქ თითქმის 15 წელი ცხოვრობდა. ხოლო სქემონაზონი ავაკირი ცხოვრობდა მუხის ფუღუროში, მის მიერვე მასში აშენებულ პატარა კალივაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ცხოვრების წესის მამა ილიას განდეგილურ ცხოვრებასთან შედარებისას თვალში გვცემს სულ მცირე შემდეგი: პირველი, მან, სხვებისგან განსხვავებით, შედარებით ბევრად მაღალი სოციალური საფეხურიდან ჩამოიყვანა საკუთარი თავი თითქოს ქვემოთ. როცა თითქმის არაფერი გაქვს, შედარებით ადვილია უპოვარების გზაზე დადგომა, მაგრამ წარმოუდგენლად ძნელია ნებაყოფლობით თქვა უარი დიდებასა და სიმდიდრეზე. მეორე, ყველანი ცდილობდნენ შეექმნათ თავისთვის თუნდაც რაიმე პირობები ცხოვრებისთვის, ხოლო მამა ილია ცნობიერად დაემსგავსა მხეცს: თუ სხვების მონახულება სადმე მაინც იყო შესაძლებელი, მის შეხვედრას მხოლოდ შემთხვევით შეძლებდით ტყეში.

მამა ფლეგონტმა (ლებედევმა), მამა ილიას წარმოუდგენელი მოღვაწეობით განცვიფრებულმა, მისი გარდაცვალების დღეს მწირად, მაგრამ გამოხატულად აღნიშნა თავის დღიურში: "დიდი მოღვაწე, 30 წელი ცხოვრობდა ქვის ქვეშ". გიჟი ვერ შეძლებს დუმილს 30 წელი, ჭკუაშლილი არ დადგება მუხლებზე მარტოობის მოლოდინში და ვერც კი აიძულებს თავს გაიყინოს, როდესაც არის უფასოდ გათბობის ხელსაყრელი შესაძლებლობა, არა! მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია ასეთი მოღვაწეობის აღსრულება. საკითხავი მხოლოდ ამ მოქმედებების მიზანია. და ვისაც ესმის მიზნის სიდიადე, ის ვერ შეძლებს ქედი არ მოიხაროს ამ ჭეშმარიტად დიდი მოღვაწის წინაშე. არსებობს ინსტინქტური მოღვაწეობა, არსებობს გრძნობადი მოღვაწეობა, და, რაც არ უნდა დიდნი იყვნენ ისინი, ვერ შეედარებიან გონივრულ, გააზრებულ მოღვაწეობას.

დიახ, ამბრაზურაზე გადახტომა მეგობრების გადასარჩენად, თუნდაც ადამიანი აფექტის მდგომარეობაში იყოს, უდავოდ დიდი საქციელია, მაგრამ შედარებით ბევრად მაღალია მოღვაწეობა: ღვთისა და ადამიანების სიყვარულისთვის ოცდაათი წელი გაიყინო ქვის ქვეშ და არ ცდუნდე სამყაროს "სითბოთი". თუ პირველი საქციელის ჩადენა კიდევ შესაძლებელია ადამიანისთვის, მეორეს ვერცერთი ადამიანური არსება ვერ გააკეთებს, თუ მასში აშკარად არ იმყოფება თვით შემოქმედი.

მამა ილიას წარმოუდგენელი მოღვაწეობა იწვევდა ზოგიერთი სულიერად ბრმა ადამიანის წარმოუდგენელ შურსაც და ისინი ყოველღონეს ხმარობდნენ, რომ შეეჩერებინათ იგი. მაგრამ შეუძლებელია მადლის ძლევა, ღვთაებრივი სიყვარული ყოვლისშემძლეა, მას ვერ დაამარცხებს ადამიანური გულქვაობა. აი რას წერს ამის შესახებ თავის დღიურში 1918 წლის 20 ოქტომბერს სქემმღვდელმონაზონი ვლადიმერი (კოლესნიკოვი): "დღეს მამა გრიგოლი შეხვდა ქვის ქვეშ მცხოვრებ, ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე, ბუჩქნართან ახლოს მყოფ მეუდაბნოე ილიას. წააწყდა მას, როცა წაბლს ჭამდა. ბევრი რამის დათმენა უწევდა ზოგიერთებისგან, რომლებიც მას ერეტიკოსად თვლიდნენ, კურაჯებმა, ვინმეს ბრძანებით იგი ცემით გამოაგდეს, ერთხელ ისე სასტიკად სცემეს, რომ ვერ დადიოდა და იწვა ქსიროპოტამოსის ხევში 14 დღე უსმელ-უჭმელი, სანამ არ იპოვა იგი ვინმე ღვთისნიერმა, წაიყვანა ქსიროპოტამოსში და სადაც მას ექიმი დაეხმარა. დიდად დევნია, მაგრამ ის კვლავ ქვის ქვეშ ცხოვრობს. ის ყოველ კვირას აღსარებას ამბობს ჩვენს სულიერ მამასთან, მამა ამონთან და ეზიარება წმინდა საიდუმლოებებს. ცხოვრობს უღრანში, არავის ხელს არ უშლის, რისთვისღა დევნიან? ღმერთმა უწყის".

მამა ილიამ, ქვის ქვეშ მჯდომარემ შეისვენა უფლის მიმართ 1932 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 80 წლისამ. იმ 28 წლის განმავლობაში, სანამ ის ტყეში იმყოფებოდა, რუსეთში მოხდა ორი რევოლუცია, მეფის რუსეთი გაქრა, დასრულდა მსოფლიო და სამოქალაქო ომებიც, მან კი ვერაფერი შეიტყო ამის შესახებ, სამაგიეროდ მან შეიტყო ყველაზე მთავარი ადამიანისთვის, რომ ეს სამყარო – "ამაოებაა ამაოებათა", ხოლო მარადისობა – ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლოა. და როდესაც ერთნი, საკუთარი ამპარტავნებით აღგზნებული ადამიანები ისტორიული ღელვის ტალღებზე წყვეტდნენ სხვა ადამიანების ბედს, სადღაც ევროპის ცენტრში, ტყეში, ქვის ქვეშ, ეჯდა ადამიანი და ევედრებოდა ღმერთს ორივეს გადარჩენას.

წყარო: Русский Афон XIX–XX веков. Или избранные жизнеописания русских старцев и подвижников, живших на Афоне в XIX–XX веках. Том 1

ბეჭდვა
1კ1