ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი.
ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი.
ღირსი პეტრე ათონელის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელს. აი ეს ამბავიც:

წმინდა პეტრე კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი სქოლასტიკოსი გახლდათ. ამასთან სარდლის ჩინიც ჰქონდა. ერთ-ერთი ლაშქრობისას, ბაბილონისა და ფინიკიის საზღვარზე, ღვთის დაშვებით, პეტრე დამარცხდა, სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდა და გამოკეტეს მდინარე ევფრატის პირას მდებარე ციხეში, რომელიც მთელ არაბეთში აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა. მრავალი წელი დაჰყო ციხეში, უმკაცრეს პირობებში. ფიქრობდა, თვითონვე ხომ არ იყო მიზეზი ამ ტანჯვისა. გაახსენდა, რომ ღვთისთვის დაპირებული - ბერად აღვიკვეცებიო, შეუსრულებელი ჰქონდა. დიდ სინანულში ჩავარდა პეტრე. იცოდა, კაცთაგან მისი ხსნა არავის ძალუძდა. გაახსენდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი, რომელიც ძალიან უყვარდა. გულით შესთხოვა წმინდანს: "ვიცი, რომ არ ვარ ღირსი, ღმერთს თავისუფლება შევთხოვო, რადგან ვეცრუე, ამიტომაც ვკადნიერობ და შენ გევედრები მის წინაშე შუამდგომლობას და თუ ღმერთი ჩემს განთავისუფლებას ინებებს, სამშობლოში კი არ დავბრუნდები, არამედ წავალ რომში და წმინდა პეტრეს ტაძარში აღვიკვეცები მონაზვნად. დარჩენილ ცხოვრებას ჩემი შემოქმედის მსახურებასა და სათნოყოფაში გავატარებ". ლოცვას წმინდა პეტრემ მარხვაც შერთო, ერთხელ მთელი კვირა უსაზრდელოდ გალია. კვირის ბოლოს, განგრძობილი ლოცვისას მიძინებულ წმინდა პეტრეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა: "ძმაო პეტრე, შენი მწუხარება შევისმინე, შენი გულისტკივილიც ვიცი. ღმერთსაც ვევედრე, მაგრამ აღთქმის აღსრულება რომ დააყოვნე, უფალიც აყოვნებს ჩემი ლოცვის შესრულებას. შესაძლოა სხვაგვარად სურს შენი სულის ცხონება. მოთმინებით უკაკუნე მისი გულმოწყალების კარს და იგი აუცილებლად აღასრულებსო". ბოლოს უბრძანა, საჭმლით მოუძლურდიო და უჩინო შეიქმნა. პეტრემ უფრო გაამკაცრა მარხვა. მალე წმინდა ნიკოლოზი მას მეორედ გამოეცხადა: "დამიჯერე, ძმაო პეტრე, მას შემდეგ ღვთისთვის ვედრება არ შემიწყვეტია, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ სურს შენი გათავისუფლება. ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი. შესაძლოა, სურს, უფრო ღირსეული მეგობარი შეევედროს. ამისთვის გეტყვი ერთი მისი მეგობრის სახელს. ღვთისმიმრქმელი წმინდა სვიმეონი ხომ გაგიგია?" "დიახ", - უპასუხა წმინდა პეტრემ. "ჰოდა, მას შეევედრე, რათა გიშუამდგომლოს ღვთის წინაშე და მწამს, რომ მას უფალი აღუსრულებსო". გამოეღვიძა წმინდა პეტრეს, მადლობა შესწირა წმინდა ნიკოლოზს და მთელი გულით დაუწყო ვედრება წმინდა სვიმეონს.

ბოლოს, წმინდა ნიკოლოზი მოზეიმე სახით, უკვე ცხადად გამოეცხადა: "მადლობა შესწირე, ძმაო პეტრე, ღმერთს, რომ შეისმინა შენი ვედრება. აი, დიდი სვიმეონიც მოვიდა, რათა ბორკილთაგან განგათავისუფლოს". წმინდა სვიმეონს ხელთ ოქროს კვერთხი ეპყრა, შემოსილი იყო ძველაღთქმისეული მღვდელმთავრის სამოსით. წმინდა სვიმეონი პეტრეს ახლოს გაჩერდა და უთხრა: "შენ ხარ, რომ ევედრები ჩვენს ძმა ნიკოლოზს გათავისუფლებას?" შეშინებულმა პეტრემ ძლივს აღმოთქვა: "დიახ, წმინდაო ღვთისაო"... "ხოლო თუ გიშუამდგომლებთ ღვთის წინაშე, აღარულებ აღთქმას, გახდები მონაზონი და დარჩენილ ცხოვრებას ღმერთს მიუძღვნი?" "ღვთის შეწევნით, აღვასრულებ". "თუ ასეა, გამოდი საპყრობილიდან და წადი, საითაც გინდა", - ბრძანა წმინდა სვიმეონმა. პეტრემ ბორკილდადებულ ფეხებზე მიუთითა. წმინდა სვიმეონი კვერთხით შეეხო. ბორკილები ცვილივით დადნა. წმინდა სვიმეონი საპყრობილიდან გამოვიდა და გაყოლა უბრძანა და უეცრად წმინდა სვიმეონი, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა პეტრე ციხესიმაგრის გარეთ აღმოჩნდნენ. "სიზმარში ხომ არ ვარ?" - გაიფიქრა წმინდა პეტრემ. წმინდა სვიმეონი მოუბრუნდა და უთხრა: "ნამდვილად გაგათავისუფლებ, ნუ შეეჭვდები". მერე წმინდა ნიკოლოზს მიანდო წმინდა პეტრეზე ზრუნვა და უჩინო შეიქმნა. წმინდა ნიკოლოზმა კი ღირს პეტრეს საჭმლით მოძლიერება უბრძანა და გზას გაუდგნენ. წმინდა პეტრე რომში მონაზვნად აღიკვეცა და შემდგომ ღვთის განგებით ათონის მთაზე დასახლდა.

ბეჭდვა
1კ1