წმინდა მოწამე ფოკაც მღვდელმოწამე ფოკას მსგავსად ქალაქ სინოპიდან იყო, ცხოვრობდა IV საუკუნის დასაწყისში.
მას ქალაქის ბჭესთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებული ადამიანი იყო: ხილს ყიდდა და აღებული ფულით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმინდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა ამის შესახებ ქალაქის მმართველმა შეიტყო და ბრძანა, შეეპყროთ წმინდა ფოკა და განუსჯელად დაესაჯათ სიკვდილით წმინდანი შემთხვევით თავად შეხვდა მმართველის გაგზავნილ მეომრებს, ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს განუცხადა: -აჰა, მე ვარ ის, ვისაც ეძებთ, აღასრულეთ, რაც ნაბრძანები გაქვთ. გამოგზავნილები განცვიფრდნენ, შერცხვათ თავიანთი განზრახვის გამო და გადაწყვიტეს, გადაერჩინათ იგი. მაგრამ ფოკამ უარი განაცხადა და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. ნეტარი მოწამე ბაღში, მის მიერვე გათხრილ სამარეში დაფლეს. წმინდა საფლავზე მრავალი კურნება აღესრულა. შემდგომ აქ ტაძარი ააგეს.