ღირსი ქერიმონი ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში მოსაგრეობდა, IV საუკუნის დასასრულს და V საუკუნის დასაწყისში.
მისი მღვიმე ნიტრიის ეკლესიიდან 30 კილომეტრზე მდებარეობდა, ხოლო სასმელი წყლისთვის ორ დღეში ერთხელ უდაბნოში 18 კილომეტრს გადიოდა. წმინდანი ასი წლის ასაკში გავიდა ამ ქვეყნიდან, როცა სკამზე იჯდა და ხელსაქმობდა. მამებმაც ამ მდგომარეობაში ნახეს გარდაცვლილი. მისი სახელი იხსენიება პალადიოსის "ლავსაიკონში" და ანბანურ პატერიკში. წმინდა ქერიმონს იხსენიებს წმინდა თეოდორე სტუდიელი მარხვანში, ყველიერის შაბათის მსახურებაში, ცისკრის მეექვსე კანონში, ხოლო იოანე კასიანე რომაელი თავის წიგნში "შვიდი საუბარი ეგვიპტეში მცხოვრებ თებაიდელ მამებთან" მოგვითხრობს ვინმე აბბა ქერიმონზე და მოჰყავს მისი სწავლებანი.