წმინდა დიოსკორე მოწამებრივად აღესრულა ქალაქ სმირნაში, თუმცა უცნობია მისი წამების თარიღი. იგი ქრისტიანობას ქადაგებდა და მრავალი წარმართი მონათლა, ამიტომაც შეიპყრეს და გაამათრახეს.
მთავრის წინაშე ქრისტე აღიარა (წარიდგინა წინაშე პაპილიოს მთავრისა), რის შემდეგაც კარგა ხნით დილეგში ჩააგდეს. მერე ისევ მიიყვანეს მმართველთან და სასტიკად აწამეს, მაგრამ მან ქრისტეს არ უღალატა. წმინდა დიოსკორეს სიკვდილი მიუსაჯეს და თავი მოჰკვეთეს.
წმინდანის შესახებ მცირე ცნობაა შეტანილი იმპერატორ ბასილი მეორის მონოლოგიაში (X ს. ბოლო), კონსტანტინეოპოლის ეკლესიის სვინაქსარში (X ს. ბოლო) და დიდი ეკლესიის ტიპიკონში (IX-X სს.). ბერძნულ სვინაქსარებში მას დიოსკორეს უწოდებენ, დიოსკორიდეს სახელითაა შეტანილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარში. ვარაუდობენ, რომ დიოსკორიდე, ან დიოსკორე მას ეწოდა მისი სეხნია წმინდანისაგან გასარჩევად, რომელიც დიოკლეტიანეს დროს ეწამა.