ბერი გაბრიელ ათონელი - იმისთვის, რომ ღმერთმა შვილები მოგვცეს, ჩვენც უნდა გავიღოთ რაღაც
ბერი გაბრიელ ათონელი - იმისთვის, რომ ღმერთმა შვილები მოგვცეს, ჩვენც უნდა გავიღოთ რაღაც
შვილებს ღმერთი გვაძლევს. იმისთვის, რომ ღმერთმა შვილები მოგვცეს, ჩვენც უნდა გავიღოთ რაღაც. უნდა ვთქვათ აღსარება, როგორც დაწესებულია, ვეწეოდეთ ეკლესიურ ცხოვრებას, ვმარხულობდეთ, ვლოცულობდეთ, ვკითხულობდეთ წმინდა წერილს და, რა თქმა უნდა, გავცემდეთ მოწყალებას გლახაკთათვის. ეს პირველ ყოვლისა.

მეორე. ათონზე არის განსაკუთრებული სიწმინდეები. უპირველესად ვატოპედში, სადაც დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, რომელიც ქალმა წელზე უნდა შეიბას და ატაროს. თუ ეს არ უშველის, მამაკაცს შეუძლია თაყვანი სცეს წმინდა ანას ტერფს და ილოცოს მის წინაშე ამავე სახელწოდების სკიტში. შეიძლება ათონზე ორმოცდღიანი მოსახსენებლის დაწერა. მინდა შეგახსენოთ, რომ წმინდა ანა უშვილო იყო და, როდესაც ღვთისგან განსაკუთრებული შეწევნა მიიღო, შვა ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. თუ არც ეს უშველის, ქილანდრის მონასტერში არის წმინდა საბას ვაზი, რომლის ნაყოფის მიღებაც ასევე შეიძლება მარხვითა და კანონების კითხვით.

უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ ღმერთი არ იძლევა შვილებს განსაკუთრებული მიზეზების გამო, რაც მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ოდესღაც "წმინდა ანას" სკიტში მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი იოაკიმე სპიცერისი. ერთხელ ერთმა ქალმა წერილი მისწერა: "მამაო, გთხოვთ, ჩემთვის განსაკუთრებული ლოცვა აღავლინოთ, რადგან ვოცნებობ შვილის გაჩენაზე". მან ილოცა და ასეთი პასუხი გაუგზავნა: "ღმერთი არ გაძლევს შვილს, რადგან მის მცნებებს არ ასრულებ". ხედავთ? მთავარი მიზეზი ცოდვაა.



და ასე, ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე ხშირად უფალი ჩვენს რწმენას ცდის. გაიხსენეთ, როგორ გამოცადა უფალმა პატრიარქ აბრაამის, წმინდა მართალთა იოაკიმესა და ანას, წმინდა ანას — წინასწარმეტყველ სამოელის დედის რწმენა. მართალია, ეს ქრისტემდე ათასი წლით ადრე იყო, მაგრამ ახლაც ასეა — ახლაც ჩვენ იმავეს ვითხოვთ ღვთისგან.

რა თქმა უნდა, ხდება ისეც, რომ მამაკაცი არ აქცევს ქალს საკმარის ყურადღებას და, მოაკლებს რა მას სითბოს, არ აძლევს საშუალებას გაიხსნას. მით უმეტეს, თუ ისინი ძაღლი და კატასავით ცხოვრობენ. მით უმეტეს, თუ ერთმანეთს პრობლემებს უქმნიან. ეს ბუნებრივი და აშკარა მიზეზია.

როდესაც ბავშვი პრობლემებით იბადება, ამას ყოველთვის აქვს აშკარა მიზეზი. იცით, ხდება ისე, რომ მშობლები, რომლებიც ხორციელად ერთდებიან, ამავდროულად სჩადიან სასიკვდილო ცოდვებს. და ეს ყველაფერი გადაეცემა ხორციელი ურთიერთობისას. ჩვენი ბერები ასე ამბობენ: სიძვის, ჰომოსექსუალიზმისა და სხვა საშინელი ხორციელი ვნებების დემონები მემკვიდრეობით გადადის. მშობლები, რომლებიც სჩადიან სასიკვდილო ცოდვებს ან აქვთ მავნე ჩვევების ტვირთი, ყოველივე ამას შვილებს გადასცემენ. უფალმა დაგვიმალა ვნებების გადაცემის ფიზიკური მექანიზმები, მაგრამ სულიერ პლანში ეს სრულიად აშკარაა.

ნათლობისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, როდესაც ნათლიებად ვინც მოხვდებათ, იმას ირჩევენ — ესეც მოქმედებს ბავშვზე. განა ნათლობა მეორედ დაბადება არ არის? ნათლიები უკავშირდებიან ბავშვს და შემდგომ შეუძლიათ მასზე გავლენა იქონიონ ისევე, როგორც ხორციელმა მშობლებმა. თუ ნათლია სასიკვდილო ცოდვებს სჩადის, ეს გავლენას ახდენს ნათლულზე. ღირს გიორგი კარსლიდისს წინასწარმეტყველების დიდი ნიჭი ჰქონდა. სხვათა შორის, მისი ხატი უკანაა. ერთხელ მასთან მივიდა ქალი ბავშვით. ბავშვი მძიმედ იყო ავად — პრაქტიკულად პარალიზებული. კეთილმსახური ქალი სინანულით ატირდა მის წინაშე: "ნახე, მამაო, რა დავმართე ჩემს შვილს ჩემი ცოდვებით". მან კი უპასუხა: "შენ არ ხარ დამნაშავე. იმ ქალმა, რომელიც დაუფიქრებლად აირჩიე ნათლიად, აბორტი გაიკეთა და ეს მოქმედებს ბავშვზე".

სხვა დროს მასთან ეშმაკეული ბავშვი მიიყვანეს და მან ლოცვის შემდეგ ასე უპასუხა: "ეს ბავშვი იმიტომ იტანჯება, რომ მშობლებმა იგი წითელ პარასკევს ჩასახეს".

ჩვეულებრივ, ღმერთი სჯის იმ მშობლებს, რომლებიც აბორტებს იკეთებენ, იმით, რომ მათი შვილები იბადებიან განუკურნებელი, საშინელი სენით დაავადებულნი. გაიგეთ, ეს არ არის სასჯელი. ღმერთს სურს, მშობლებს სინანულისკენ უბიძგოს.

ხედავთ, ბევრი მიზეზია. ძველად ადამიანები ბევრად უფრო უმანკონი და სუფთანი იყვნენ. ქალები არ იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, არ იკეთებდნენ აბორტებს. ადამიანები ადრე არასდროს ჭამდნენ ამდენ ქიმიკატს, რომელიც ფიტავს ორგანიზმს და, საბოლოო ჯამში, უშვილობამდე მიჰყავს.

და ასე, თუ მიზეზები ჩვენს ცოდვებშია, მაშინ განკურნება მხოლოდ გულწრფელ, უზაკველ რწმენასა და მადლმოსილ საშუალებებშია.

ბეჭდვა
1კ1