არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ოთხი კანონი, რომლითაც ქრისტე განსჯის ქვეყანას
არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე) - ოთხი კანონი, რომლითაც ქრისტე განსჯის ქვეყანას
მე უკვე ვთქვი რამდენიმე სიტყვა სიკვდილზე. ახლა ვიტყვი რამდენიმე სიტყვას სინდისზე, რადგან ვინც თავის სინდისს სუფთად ინახავს, სიკვდილი მას აუცილებლად ნეტარად და მზად მყოფს ჰპოვებს.

სინდისი არის მართალი მსაჯული, რომელიც ღმერთმა ჩვენს შიგნით მოათავსა. სინდისი არ შეიძლება იყოს მატერიის რეფლექსია უკუნითი უკუნისამდე. ის არის ღვთის ხმა ადამიანში და მუდმივად ამხელს მას, როცა ის სცოდავს: "ადამიანო, რატომ გააკეთე ეს?"

ეს ბუნების კანონი არსებობს როგორც ჩინელებში, ისე ქრისტიანებში, ბუდისტებში, ბრაჰმანისტებში, მაჰმადიანებში. ეს არის პირველი კანონი, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანის გულში მისი შექმნისას და რომლითაც ქვეყანა ცხოვრობდა დაწერილი კანონის გამოჩენამდე.

ერთმა ურწმუნო ადვოკატმა ერთხელ მკითხა:

- მამაო, მე ვერ ვეთანხმები საშინელი სამსჯავროს იდეას!

- და რატომ არ ეთანხმები მას, ძმაო?

- მამაო, როგორ განმსჯის მე ქრისტე, თუ მე, მაგალითად, ჩინელი ვარ ან კიდევ სხვა ვინმე და არ მსმენია ქრისტეს შესახებ? მათ ხომ არ სმენიათ ქრისტეს შესახებ. ნუთუ ღმერთს შეუძლია უსამართლოდ განსჯა? ის ხომ მართალია. როგორღა განმსჯის და დამსჯის მე, თუ მე არც კი მსმენია ქრისტეს სახარების შესახებ?

- მოიცა! შენ შეგიძლია საქმეების შეკერვა, ოქმების შედგენა ან კიდევ რასაც იქ აკეთებ. წმინდა წერილი კი არ იცი. შენ რაციონალისტი ხარ, შენ ყველაფერს ძირის ძირამდე იკვლევ, ხოლო საკუთარ თავს საბოლოოდ ღუპავ, ცხოვრობ ისე, როგორც თავში მოგივა.


არსებობს ოთხი კანონი, რომლითაც ღმერთი განსჯის მთელ დედამიწას. და ვერავის შეეძლება თავი დააღწიოს ღვთის რისხვასა და სამართლიანობას, იყოს ის თუნდაც ჩინელი, ბრაჰმანისტი, ბუდისტი, ქრისტიანი, მაჰმადიანი თუ ებრაელი, რადგან ღმერთი მართალია, როგორც ამბობს მოციქული: "იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" (იხ. რომ.3:4).

ღმერთმა, რადგან იგი მართალია, დააწესა ეს კანონები, რომ ყველა განსაჯოს სიმართლით. გესმის? ოთხი კანონი.

პირველი კანონი - ეს არის ბუნებრივი კანონი (სჯული), ანუ სინდისის კანონი. ამ კანონით ღმერთმა ამხილა კაენი, როცა მან მოკლა თავისი ძმა აბელი. რადგან გესმის, რას ამბობს წერილი? მას ისე ძლიერად ამხელდა სინდისი, რომ ამის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და შეღაღადა: "უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა" (იხ. დაბ.4:13).

ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იმის გამო, რომ მოკლა თავისი ძმა აბელი, მწყემსი; რადგან ღმერთმა მიიღო ძმის მსხვერპლი, და მან შური იძია მასზე და, გავიდა რა ველზე, მოკლა იგი.

სინდისის კანონი ეუბნებოდა მას: "რა ჩაიდინე? შენ ხომ შენი ძმა მოკალი!"

და აი, მას ესმის ღვთის ხმა:

- კაენ, სად არის შენი ძმა?

და მან, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: "ღმერთო, შევცოდე", - თქვა:

- განა მე ჩემი ძმის მცველი ვარ?

და უთხრა მას ღმერთმა:

- "ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით" (დაბ. 4:10). იმისთვის, რაც შენ ჩაიდინე, მე დაგსჯი ყველა სასჯელით, და ვინც მოგკლავს შენ, იგი შვიდჯერ სამოცდაათჯერ დაისჯება (იხ. დაბ. 4:11-12, 15)...

და იცოცხლა კაენმა ათას წელზე მეტი, როგორც წერია კედრინის "ქრონოგრაფში"[12], და არავინ კლავდა მას, რადგან ყველას ეშინოდა წყევლისა, რომელიც ღმერთმა დაადო მას.

რა იყო კაენის შვიდი სასჯელი იმისთვის, რომ მან მოკლა თავისი ძმა აბელი? უპირველეს ყოვლისა ეს იყო სასოწარკვეთილება, შემდეგ ძრწოლა, შემდეგ ტირილი, რადგან ის ტიროდა ქვითინით მიწაზე დამხობილი, შემდეგ შიში, რადგან ის გადარბოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ეშინოდა რა, რომ ღმერთი ხედავდა მას; შემდეგ მიწის დაწყევლა, რომ მას არ მიეცა თავისი ნაყოფი მისთვის, და სხვა, როგორც წერია წმინდა წერილში, დაბადების წიგნში, მეოთხე თავში.

ყოველი ადამიანი დედამიწაზე, როდესაც ბოროტებას სჩადის, მხილებულია სინდისით, რომელიც ეუბნება მას: "რატომ ჩაიდინე ბოროტება?" ეს არის პირველი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს, მას ეწოდება სინდისის კანონი, ანუ ბუნებრივი კანონი.

მეორე კანონი, რომელიც, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს, მუდამ ჩვენს თვალწინაა და გამუდმებით ისმის ზეციდან, საყვირის მსგავსად, მიგვითითებს ღმერთზე, არის შესაქმის (ქმნილების) კანონი.

ვინ შექმნა ცა, მიწა და ყველაფერი ირგვლივ? მთვარე, ბალახი, ყვავილები, თევზები, ზღვები, მდინარეები, ქვები, ხეები, მთები, ყველა ცოცხალი არსება, რომელიც ბინადრობს ხმელეთზე, წყალში და ჰაერში? ვინ შექმნა ეს ყველაფერი, ძმებო? ვინ შექმნა სამყაროს საათები, რომლებიც ისეთი სიზუსტით და საოცრად მუშაობენ, რომ არაფერი შეიძლება შეედაროს მათ? არავინ სხვამ, თუ არა კეთილმა ღმერთმა! ცენტრი, რომელიც მართავს ამ სამყაროს, არის მისი შემოქმედი, ღმერთი, რომელმაც წესრიგი ჩადო ყველაფერში.

ეს ქმნილებათა კანონი არის ის, რაზეც წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა, ქმნილებანი კი ხელთა მისთა აუწყებენ სამყაროს" (ფს. 18:2). როგორ უთხრობენ? თავიანთი სფერული წყობით და თავიანთი უზომო სიშორით; ვარსკვლავთშორისი სივრცით, რომლის მანძილი მილიარდობით სინათლის წელია; ციური ვარსკვლავების, ზოდიაქოს და პლანეტების მოძრაობით ისეთი ზომიერებით და სიზუსტით, რომ ეს აოცებს მსოფლიოს უდიდეს ასტრონომთა გონებას.

რა თქვა ისააკ ნიუტონმა, დიდმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ათეისტი იყო, და ბოლოს აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი და დაინახა, რომ ყოველი პლანეტა იზიდავს თავის უმცირეს თანამგზავრს და არ აძლევს მას არც დაშორების, არც დამსხვრევის, არც უწესრიგოდ მოძრაობის საშუალებას ციურ ვარსკვლავთა სამყაროში? მან დადო თავისი ხელსაწყოები მაგიდაზე და თქვა: დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა!"

ხედავ? ის, ვინც იცის გარეგანი მეცნიერება, მივიდა ღვთის შიშამდე, აღმოაჩინა რა უდიდესი სასწაულები ვარსკვლავთა სამყაროში. რა თქვეს კეპლერმა, ისააკ ნიუტონმა და სხვებმა, ვისი ხსენებისთვისაც დრო არ მეყოფოდა, როდესაც მიუბრუნდნენ ღმერთს, დაინახეს რა, რომ ღვთის ქმნილება არ არსებობს თავისთავად, რომ მას აქვს რაღაც მიმმართველი ცენტრი და ისეთი სიზუსტე, რომელსაც შეუძლია გააოცოს ნებისმიერი გონება?

ბუნების საიდუმლოებებიდან ჯერ კიდევ მემილიარდე ნაწილიც კი არ არის გახსნილი. რადგან ღვთის სიბრძნეს არ აქვს საზღვრები და არც ექნება უკუნითი უკუნისამდე, რადგან შემოქმედის სიბრძნე უსასრულოა.

ამრიგად, მეორე კანონი, რომელიც ყველას თვალწინ გვაქვს, არის ქმნილებათა, ანუ შესაქმის კანონი. რადგან ბუნებრივი ჭვრეტით სულში ჩვენ ავდივართ საგანთა გონიერი საფუძვლიდან მათ შემოქმედამდე.

თუ ხედავ გემს, უნდა ვიფიქროთ, რომ იყო ოსტატიც, რომელმაც ის ააშენა; თუ ხედავ კარგ ტანსაცმელს ადამიანზე მორგებულს, იცოდე, რომ კარგი იყო მკერავიც. თუ ხედავ სასახლეს, ლამაზ არქიტექტურულ ნაგებობას, იცოდე, რომ არსებობდა ბრძენი არქიტექტორი. თუ ხედავ საათს, უეჭველია, არსებობს გამოცდილი მესაათეც, რომელმაც ის დაამზადა. და რასაც არ უნდა ხედავდე, ვერ იტყვი, თითქოს ის თავისით გაჩნდა.

ამრიგად, ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ არსებობს შემოქმედი, და თუ ის არსებობს, მაშინ უნდა გვეშინოდეს მისი და ვემორჩილებოდეთ მას, რათა მან არ დაგვსაჯოს სრული სამართლიანობით.

მესამე კანონია დაწერილი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე, ანუ ათი მცნება და მთელი ძველი აღთქმა, რომლითაც განიკითხება რჩეული ხალხი, ანუ ებრაელები.

მეოთხე და უკანასკნელი კანონია მადლის კანონი, სრულყოფილების კანონი, იესო ქრისტეს სიყვარულის კანონი, ანუ წმინდა სახარება. ამ კანონით განიკითხება ყველა ქრისტიანი, ნათელღებული წმინდა სამების სახელით.

პირველი იყო ბუნებრივი კანონი, რომელიც საერთოა ყველა ხალხისთვის ქვეყნის დასასრულამდე. მეორე, შესაქმის კანონი, პირველის მსგავსია. პირველი და მეორე კანონით განიკითხებიან მსოფლიოს ყველა ხალხი, ქრისტიანებისა და ებრაელების გარდა. დაწერილი კანონით, ანუ ძველი აღთქმით, განიკითხებიან ებრაელები. ხოლო მადლის კანონითა და სახარებით განვიკითხებით ჩვენ, ქრისტიანები, რადგან ჩვენი კანონი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ყველა სხვა კანონი. თუ კი ჩვენ მას ვარღვევთ, მაშინ ჩვენზე მოდის უფრო დიდი ცოდვა და გველის უფრო მძიმე ტანჯვა, ვიდრე მათ, ვინც არ იცოდა სახარება.

ამრიგად, ღმერთმა დაგვინიშნა მსგავსი ადვოკატი. ნუ მოვტყუვდებით, ძმებო, და ნუ ვიტყვით, თითქოს ღმერთმა არ იცის, რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი. შენ ვერ იტყვი, თითქოს შენზე არ არის ცოდვა, იმიტომ რომ არ იცოდი, რადგან იყავი ჩინელი, თურქი ან ათეისტი.

დაე, შენ იყავი წარმართი, მაგრამ სინდისი ხომ გქონდა, და მისი კანონით განგსჯიან კიდეც. ქმნილება ხომ გინახავს - და საკუთარ თავს ერთხელაც შეეკითხე, თუ ვინ შექმნა ეს ცა, მზე, მიწა და ყველაფერი ირგვლივ, რომ ამის შემდეგ დაფიქრებულიყავი და შეგშინებოდა ღმერთის, რომელმაც ყველაფერი შექმნა? ამინ.

ბეჭდვა
1კ1