
ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335). წინადღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლებისა.
წმიდისა დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624);
მღვდელმოწამისა კორნილი ასისთავისა (I);
მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახლ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III);
მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV);
ღირსი პეტრე ატროელი (+837);
ღირსი იეროთეოს ახალი, ივერონელი (+1745);
წმინდა არისტიდე ფილოსოფოსი (II);
წმინდა რადოლფ ვერონელი (+847);
წმინდა ლიტორი (ლიდუარი), ტურის ეპისკოპოსი (+371);
ღირსი იოანე პრისლოპელი;
მღვდელმოწამისა ივლიანე ხუცისა (IV); ღირსი კორნილი პადანსკელი და მისი მოწაფენი დიონისე და მისაილი (XVI); წმინდა მღვდელმოწამენი: სტეფანე კოსტოგრიზი, მღვდელი; ალექსანდრე აქსიონოვი, მღვდელი; ნიკოლოზ ვასიუკოვიჩი, დიაკვანი (+1937);
დუბოვიჩის ღვთისმშობლის ხატი (XVI).
დღის ლოცვა
ჯვართამაღლების წინადღესასწაული
ტროპარი: ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა, სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგუანიჭე ჩუენ ცოდვილთა, უფალო, შენდა შევწირავთ მეოხებად, დაიცევ სამწყსო შენი, რომელი გევედრება ღმრთისმშობლისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა.
წმიდა დიდმოწამე, კახეთის დედოფლის ქეთევანის
ტროპარი: დიდებულებაი საწუთოსა მოიძულე, დედოფალსა ცათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ხორცნი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთვის, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა ქართველთათვის.
ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოთა წყლულებანი მრავალნი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაიცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაი ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა, ზეცათა დედოფალი ქუეყნიერსა დედოფალსა, ასული დავითისი ყოვლადუხრწნელი მარიამ სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩუენა თვისება მისი, და აწ გვირგვინითა შემკული წინაშე მისსა იღუწის ჩუენ ყოველთათვის.