დღის ლოცვა
წმინდა ათორმეტ მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იოკობისისა (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი
ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსენებისა აღმსრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.
დღის საკითხავი
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: რომ. 10: 1-10 (დას. 103). მთ. 8: 28-9: 1 (დას. 28).
მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მრკ 3: 13-19 (დას. 12).
ლკ. XXIV, 12-35.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;
14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?
18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?
19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, -
20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი.
21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა.
22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან
23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი.
25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!
26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?
27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში.
28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო.
29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?
33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
რომ. X, 1-10.
1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.
2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.
3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: "კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება".
6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: "ნუ იტყვი გულში: "ვინ ავა ზეცად?" ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7. ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?" ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8. მაგრამ რას ამბობნ? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში"; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
მთ. VIII, 28 - IX, 1.
28. და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.
29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.
30. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.
31. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ.
32. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა.
33. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს.
34. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.
1. მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
1 კორ. 4, 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მრკ 3: 13-19
13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან.
14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,
15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.
16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.