დღის ლოცვა
ღირსი დავით თესალონიკელის კონდაკი:
ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხორებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.
ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
დღეს ვითარცა მზეჲ ყოვლადბრწყინვალეჲ, გამოგვიჩნდა ჰაერსა შინა ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, დედუფალო, რომელმან მოწყალებისა ნათლითა განანთლა ყოველი ქუეყანა ვითარცა ღვთაებრივსა ნიჭსა მადლით ღვთივშვენიერად გამოჩინებულსა, გნატრით შენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველთა დედუფალო და შენგან შობილსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა სიხარულით ვადიდებთ, მას ევედრე ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისათაო, რაჲთა უვნებლად დაიცვნეს ყოველნი მხარენი ქრისტეანეთანი ყოველთაგან ზედამოსვლისა და იჴსნნეს ყოველნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი მისდა და შენისა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ, სძალო ქორწილისა გამოუცდელო.
ლოცვაგმადლობთ შენ, ყოვლადსახიერო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო, დედაო ქრისტჱსა ღვთისა ჩუენისაო, ყოველთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელსა გარდამოუვლენ კრებულსა ქრისტეანეთასა, რომელთა მდაბალთა უხუებით მიჰმადლებ ხმასა ანგელოსთა გალობისასა, რამეთუ აწცა განგუაკჳრვა ჩუენ წყალობამან შენმან უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა - სასწაულებრივთა თჳთგამოჩინებითა წმიდისა ხატისა შენისათა, რომელმან განანათლა ქუეყანაჲ ყოველი. ამისთვისცა სიხარულითა და შიშით თაყუანის-ვცემთ მას ცოდვილნი ესე და გიგალობთ შენ: ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედუფალო და ღვთისმშობელო, აცხოვნე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩუენი და ყოველი ქუეყანაჲ, მღვდელმთავარნი და ყოველნი ერნი, ქალაქნი და ქუეყანანი ქრისტეანეთანი დაიცვენ, განათავისუფლე წმიდა ეკლესიაჲ ჩუენი ყოველისაგან წვალებისა და ყოველთა აქა მდგომარეთა სარწმუნოებით მვედრებელთა და თაყუანის-მცემელთა წმიდისა ხატისა შენისათა ყოველივე კეთილად მოჰმადლე, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, შენგან შობილისა ძისა და ღვთისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავი
რომ. 15: 7-16 (დას. 117). მთ. 12: 38-45 (დას. 48).
რომ. XV, 7-16.
7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.
8. მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა.
9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: "ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს".
10. ესეც ითქვა: "ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად".
11. და კიდევ: "აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა".
12. ხოლო ესაია ამბობს: "იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა".
13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
14. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ.
15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,
16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.
მთ. XII, 38-45.
38. მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
39. ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.
40. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
41. ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.
42. სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.
43. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას.
44. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.
45. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.