დღის ლოცვა
მოციქული იუდას, ძმისა უფლისა
ტროპარი: ნათესავად ქრისტესა, ჰოი, იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოდ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისათვისცა დღეს ყოვლადწმიდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი: პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მის თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.
სხვა კონდაკი: გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაი ქრისტესი, და რწმუნებად სიტყვისა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 11: 2-12 (დას. 105). მთ. 11: 20-26 (დას. 42).
მოც.: იუდ. 1: 1-10 (დას. 77). ინ. 14: 21-24 (დას. 48, შუა).
რომ. XI, 2-12
2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:
3. "უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს".
4. მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? "მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.
5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული.
8. როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე".
9. ხოლო დავითი ამბობს: "დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად;
10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ".
11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.
12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
მთ. XI, 20-26
20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:
21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.
24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.
25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
26. დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.
იუდ. I, 1-10.
1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.
3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.
5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.
7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.
9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!
10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.
ინ. XIV, 21-24.
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.ას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.