დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ამოსის კონდაკი:
განწმედილ იქმენ სულითა, წინაისწარმეტყუელო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.
დღის საკითხავები
რომ. 3: 28-4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24-8: 4 (დას. 24).
რომ. III, 28 - IV, 3
28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე?
2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე.
3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ".
მთ. VII, 24 - VIII, 4
24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.
27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.
28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.
2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.
4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.