დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ელისეს
ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინაისწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა გამწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინაისწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 9: 6-19 (დას. 101). მთ. 10: 32-36; 11: 1 (დას. 38).
წინასწარმეტ.: იაკ. 5: 10-20 (დას. 57). ლკ. 4: 22-30 (დას. 14).
რომ. IX, 6-19
6. მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი.
7. და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: "ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი".
8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
9. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე".
10. და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა,
11. მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად,
12. საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: "უფროსი დაემონება უმცროსს".
13. როგორც წერია: "იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე".
14. რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც.
15. რადგანაც მოსეს ეუბნება: "შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ".
16. მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე.
17. რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: "სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე".
18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.
19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
მთ. X, 32-36; XI, 1
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
იაკ. V, 10-20
10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით.
11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.
12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.
14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.
19. ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
20. იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.
ლკ. IV, 22-30
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
24. მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.
25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.
26. მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
27. მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
28. ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
30. მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.