
ღირსთა მოწამეთა: მღვდელმონაზონისა შიო ახლისა, დავით მწირისა, გაბრიელისა, პავლესი და გაბრიელისა, გარეჯელთა, ლეკთაგან მოწყვეტილთა (1696-1700);
მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსისა, პეონისა და ვალერიანესი (166);
ღირსი დიონისე, იღუმენი გლუშიცისა (+1437);
წმინდა იოანე კრონშტადტელის (+1908) განდიდება 1990 წელს;
ღირსი აღაპიტე პეჩორელი, უვერცხლო მკურნალი (+1095);
წმ. დანსტანი, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი (+ 988); ხსენება მღვდელმოწამისა ვასილისა, პრეობრაჟენსკისა, პრესვიტერისა და მოწამისა ვერასი, სამსონოვასი (+1940);
მოწამე ფირმა (+284-303);
მოწამე ფესპესიოსი (+230); მოწამისა ნეონისა; მღვდელმოწამისა პიროსისა, ეპისკოპოსისა; ათი ათასი ანტიოქიელი მოწამისა, დეციუსის დევნისას ვნებულთა;
წმინდა მამა იუსტინე პოპოვიჩი (+1979).
დღის ლოცვა
მოწამისა იუსტინე ფილოსოფოსის და სხვა იუსტინესი და მათ თანა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსისა, პეონისა და ვალერიანეს კონდაკი:
საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხორებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 1:7-12 (დას. 79, შუა). მთ. 5: 42-48 (დას. 15).
ღირსმოწამეთა საკითხავი საზიაროთაგან.
რომ. 1, 7-12
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას.
9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;
10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.
11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
მთ. 5, 42-48
42. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.