დღის საკითხავები
რომ. 1: 1-7,13-17 (დას. 79). მთ. 4: 25-5: 13 (დას. 10).
რომ. 1, 1-7, 13-17
1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,
2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში,
3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს,
4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,
5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,
6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი;
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.
14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15. ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც.
16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.
17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: "მართალი რწმენით იცოცხლებს".
მთ. 4, 25 - 5, 13
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
13. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.