დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 18: 22-28 (დას. 41). ინ. 12: 36-47 (დას. 43).
ღირსთა: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). ლკ. 14: 25-35 (დას. 77).
* მწუხრის, ცისკრისა და ლიტურგიის დასაწყისი, ასევე ლიტურგიის დასასრული და განტევება შესრულდება წმ. პასექის წესით.
** შენიშვნა: უკეთუ ინებებს უპირატესი, ღირსთა დღესასწაული ჩატარდება მსგავსად აღდგომის დღესასწაულის წარგზავნას დამთხვეული წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის განგებასთან (იხ. ზატიკი, 1850 წ. მარკოზის თავები, გვ. 270).
საქ. 18,22-28
22. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა.
23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,
25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.
28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
ინ. 12,36-47
36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
37. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი.
38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ:
40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.
42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.
43. რადგანაც კაცთა დიდება უფრო შეიყვარეს, ვიდრე დიდება ღმრთისა.
44. ხოლო იესომ შეღაღადა და თქვა: ვისაც მე ვწამვარ, მე კი არ ვწამვარ, არამედ ჩემი მომავლინებელი.
45. და ვინც მე მხედავს, ჩემს მომავლინებელს ხედავს.
46. მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში.
47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, არ განვსჯი მას, ვინაიდან ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვსულვარ, არამედ ქვეყნის სახსნელად.
2 კორ.4,6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.
12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: "მწამდა და მიტომ ვამბობდი", ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ლკ. XIV, 25-35.
25. მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:
26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
27. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
29. რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა
30. და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.
31. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
32. თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.
33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?
35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!