დღის ლოცვა
ყოვლადქებული მოციქული თომას
ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო ურწმუნოებით ქრისტეს აღდგომაი გამოიძიე და მისისა ყოვლადპატიოსნისა ვნებისა განხილვითა ირწმუნე, თომა ყოვლადქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობა და დიდი წყალობა.
კონდაკი: ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.
დღის საკითხავი სახარება
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: 2 კორ. 11: 31-12: 9 (დას. 194). ლკ. 7: 11-16 (დას. 30).
მოც.: 1 კორ. 4: 9 -16 (დას. 131). ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ
15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.
13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.
14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.
16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).
17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.
18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
2 კორ. 11: 31-12: 9
31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
32. დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.
33. მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.
1. სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები.
2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;
3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),
4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს.
5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?
6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის.
7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.
8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.
9. მომიგო: "შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში". ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
ლკ. 7: 11-16
11. მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12. როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
13. ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
14. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
15. მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
16. ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
1 კორ. 4,9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
ინ. 20,19-25
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.
21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.
23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.
26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.
31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.