დღის ლოცვა
მღვდელმოწამეთა: დიონისე არეოპაგელისა, ათენელი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელევთერ დიაკონის
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ზეციერნი ბჭენი წიაღვლენ სულითა და ემოწაფე ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, და გამოუთქმელისა ცნობისა მიერ განმდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.
დღის საკითხავი სახარება
ლიტ.: ფლპ. 1: 20-27 (დას. 238). ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
მღ.მოწ.: საქმ. 17: 16-34 (დას. 40). მთ. 13: 44-54 (დას. 55).
ფილპ. I, 20-27.
20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.
21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.
22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.
23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.
24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.
25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,
26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით.
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
ლკ. VII, 17-30.
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.
19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.
26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
საქ. XVI, 16-34.
16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო.
18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.
19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,
20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;
21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.
22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.
27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.
29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;
30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?
31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.
32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც.
33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად.
34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.
მთ. XIII, 44-54
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.
46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.
47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;
48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან.
49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ;
50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.
52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?