დღის ლოცვა
ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის სავანეთა აღმშენებელის და არქიმანდრიტის
ტროპარი: ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა საღმრთოთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსნენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
სხვა ტროპარი: აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა წმიდისათა განაბრწყინვენ სამწყსოი შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღმერთშემოსილო მამაო, და მიიწიე რა სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და იღუაწე სასოებითა და დაითმინენ მრავალნი განსაცდელნი; მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა მეუფისა და გვითხოვე წყალობაი.
კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგოლი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
დღის საკითხავი სახარება
ცისკ.: მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: 1 კორ. 15: 58 - 16: 3 (დას. 164). ლკ. 5: 27-32 (დას. 20).
ღირ: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
1კორ XV, 58 - XVI, 3.
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.
3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.
ლკ. V, 27-32.
27. ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.
28. მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.
29. გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.
30. ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
31. მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
32. მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
გალ. 5,22 - 6,2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.