20 სექტემბერს მამა კახაბერ ტაბატაძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე სრულდება
20 სექტემბერს მამა კახაბერ ტაბატაძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე სრულდება
ქ.რუსთავის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვრის, დეკანოზ კახაბერ  ტაბატაძის ხსოვნას
"საქართველოს ეკლესიის სამღვდელო დასს გამოაკლდა გონიერი, ნიჭიერი, ცხოვრებისეულ მრავალ ახალ იდეათა ავტორი, სამწყსოს ერთგული მსახური, ქ. რუსთავის 13 ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე", - ამ სიტყვებით მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, მეუღლეს, ქალბატონ ფატის, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს, მამა კახაბერის გარდაცვალება.

მამა კახაბერი, ერისკაცობაში კახი ვალერიანის ძე ტაბატაძე, 1961 წლის 12 აპრილს დაიბადა ქალაქ რუსთავში. ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი დაბადება კოსმოსში პირველი ადამიანის, იური გაგარინის გაფრენას დაემთხვა. სწავლობდა ქ. რუსთავის მე-17 სკოლაში, ხოლო VIII-X  კლასებში - სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საშუალო სკოლაში. ეს წლები, როგორც თავად აღნიშნავდა მამა კახაბერი, იყო მნიშვნელოვანი ეტაპი მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. იგი მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, დაუღალავად და ენთუზიაზმით ახორციელებდა საკუთარ იდეებს. ქ. რუსთავის წმინდა 13 ასურელი მამის სამლოცველოს მრევლი ელოდება წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარის აშენებას, რომელსაც მამა კახაბერმა ჩაუყარა საფუძველი. "სამლოცველოს მიმდებარედ მიწას აკურთხებდა ტაძრისთვის და რამდენიმე ხანში იქ კორპუსის მშენებლობა იწყებოდა, - იხსენებს დიაკვანი მამა დავითი, - ბოლოს საკუთარი სახლი გაყიდა მამა კახაბერმა და სამლოცველოს გვერდით შეიძინა მიწა, სადაც დავიყწებთ ტაძრის მშენებლობას, პროექტი უკვე მზად არის."

პროფესიით ინჟირენ-გეოფიზიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჯერ კიდევ კახი ტაბატაძე, ტაძარში 1996 წელს მივიდა. "8 წელიწადში 5 მიცვალებული გავასვენე ოჯახიდან, ბოლოს ფატისაც, ჩემს მეუღლეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რომ შეექმნა, უფალს აღთქმა დავუდე, ოღონდ ფატი დამიტოვე ცოცხალი და  შენს გზას დავადგები", - ასე იხსენებდა მოძღვარი იმ გზაც, რომელმაც ტაძარში მიიყვანა.

1996 წელს რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს კახი ტაბატაძე წარუდგინეს როგორც, მორწმუნე ბიზნესმენი, საუბარმა ერთ საათს გასტანა, რის შემდეგაც მეუფემ ეპარქიის ეკონომოსად (ხაზინადარი) დანიშნა. ამ პოზიციას მამა კახაბერი იკავებდა 2009 წლამდე. ერთგულად ემსახურა ეპარქიას. პირველი, რაც გააკეთა, იყო გამომცემლობა "გორგასალი"-ს დაარსება. დაინახა, რომ მრევლს სჭირდებოდა სარწმუნოებაში გაძლიერება და ამიტომ ლოცვანის გამოშვება დაიწყო. 



რუსთავის ლოცვანი - ასე იცნობს მრევლი ღვთისმშობლის ხატით შემკულ შავყდიან ლოცვანს. შემდეგ დაბეჭდა ტროპარ-კონდაკთა კრებული, "ლოცვები ოჯახის კეთილდღეობისთვის", "ვის ვევედროთ ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს?" და ასე ამოქმედდა გამომცემლობა "გორგასალი", სადაც მომდევნო წლების განმავლობაში  გამოიცა "ცხოვრება, დაუჯდომელი, პარაკლისი ღირსი შიო მღვიმელისა", "დაუჯდომელი წმინდა მფარველი ანგელოზისა",  "ცხოვრება წმინდა ლუკასი (ვოინო-იასენეცკი, მთავარეპისკოპოსი,  ქირურგი)", "წმინდა მოციქულთა ცხოვრება", "პარაკლისები წმ. მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა, წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა, წმინდისა დიდმოწამისა საქართველოს მნათობისა კახეთის დედოფლისა ქეთევანისა", "დაუჯდომელი წმინდა მეფისა ვახტან გორგასლისა", რომლის ყდაც შემკულია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ   რუსთავის ვახტან გორგასლის სახლობის ტაძრისთვის დაწერილი და გახსნის დღეს ნაჩუქარი ხატით.  

მამა კახაბერი ყოველთვის მრევლის საჭიროების შესაბამისად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა დაბეჭდილიყო გამომცემლობა "გორგასალში", რაზეც თავად სახელწოდებებიც მეტყველებს: "ლოცვა მძღოლთა შეწევნისა და ლოცვისათვის", "ტრიფტისი, რატომ ვინათლებით?- ანუ მართლმადიდებლური ნათლობა", "ლოცვები და დაუჯდომელი მიცვალებულთათვის", " დაუჯდომელი აბორტგაკეთებული დედებისთვის". მამა კახაბერმა აბორტაკეთებული დედების ხატიც დააწერინა, რომელიც რუსთავის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სამლოცველოშია დაბრძანებული. მამა კახაბერს ასევე სურდა პანსიონატის გახსნა, სადაც ორსული დედები, რომელთაც სურდათ აბორტის გაკეთება უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ სათანადო პირობებით, მშობიარობის შემდეგ კი თავად გადაწყვეტდნენ, დაიტოვებდნენ შვილებს თუ მხლოდ  ქართულ ოჯახებში გააშვილებდნენ. 



ტაძარში მისვლიდან სამი წლის შემდეგ კახი ტაბატაძე 1999 წლის 1 ოქტომბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავ-მარნეულის ეპარქიის მოტროპოლიტმა ათანასე ჩახვაშვილმა აკურთხა დიაკვნად და უწოდა კახაბერი.  მალევე, 2000 წლის 29 ივლისს დიაკვანი კახაბერი იკურთხა მღვდლად, ხოლო 2003 წლის 13 დეკემბერს ვახტან გორგასლის ხსენების დღეს, აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 

დეკანაზო კახაბერი 2004 წლიდან მოღვაწეობას განაგრძობს ქ. რუსთავის 21-ე მიკრორაიონში, სადაც საქართველოში პირველი წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი, სამლოცველო სახლი დააარსა, რომელიც 33-ე ბაღის შენობაშია განთავსებული. მამა კახაბერის ინიციატივითა და ძალისხმევით სამლოცველოს გახსნასთან ერთად დაიწერა წმინდა 13 ასურელი მამის ხატი, პირველად გამოიცა "13 ასურელი მამის დაუჯდომელი და პარაკლისი", ხოლო საეკლესიო კალენდარში დაწესდა 13-ვე მამის ხსენების დღე ცალ-ცალკე. საეკლესიო ტერმინის დამკვიდრებაც - 13 ასურელი მამა - მამა კახაბერის სახელს უკავშირდება, რადგან  საქართველოს სამოციქულო ეკლესია 13 ასურელ მამას, მოიხსენიებდა, როგორც "იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე".   

"მამა კახაბერთან განსაცდელმა დამაკავშირა - მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, და სწორედ მაშინ ვიგრძენით მისი გამორჩეული თანადგომა. მთელი ოჯახი აღმსარებელი გავხდით და მამა კახაბერი ჩვენს სულიერ მოძღვრად იქცა. შესაბამისად, როცა საუბარი წამოიჭრა ახალ რუსთავში სამლოცველოს დაარსების აუცილებლობაზე, ჩემმა სულიერმა მამამ გამიზიარა თავისი  იდეა, რომ ეკლესია ბაღის შენობაში ყოფილიყო, - იხსენებს ლეილა მიქელაძე - გოგოლაური, 33-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, - ცხადია, მეც მოხარული ვიყავი, რომ ასეთ საქმეში წვლილს შევიტანდი. ბაღის შენობაში გამოვყავით ოთახები და მეუფე ათანასეს კურთხევით, მამა კახაბერის თავდადებითა და მერაბ ტყეშელაშვილის დახმარებით საქმეც დაიძრა. ასე დაიწყო ჩვენი გზა - ბაღის შენობაში გაჩნდა ეკლესია". მამა კახაბერი ყოველთვის სიხარულით აღნიშნავდა, რომ მოხდა სასწაული, ბაღის შენობაში ოთახების გამოყოფიდან ზუსტად მე-13 დღეს აღევლინა პირველი წირვა. 

2004 წლის 20 მაისს, წმინდა იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ხსენების დღეს, უფლის შეწევნით გაიხსნა წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სამლოცველო. ერთ-ერთი პირველი მნათე ალექსი გოგოლაური იყო, რომელმაც 66 წლის ასაკში დაიწერა, ჯვარი და ეს იყო სამლოცველოში პირველი ჯვრისწერა.  "განსაკუთრებული მადლი იყო ისიც, რომ მშობლებთან შეთანხმებით და მათი დიდი მონდომებით ბაღის აღმზრდელები იღებდნენ წმინდა ზიარებას", - გვიყვება ლეილა მიქელაძე-გოგოლაური. ტრადიცია გრძელდება. დღეს წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძართან არსებობს ორი ქორეოგრაფიული ანსამბლი: "გორგასალი" და "კეღოშვილები", რომლის წევრები მშობლებთან და ხემძღვანელთან ერთად ხშირად ეზიარებიან ბაღის აღსაზრდელთა გვერდით.

სამლოცველოს გახსნიდან მალევე მოეწყო მსვლელობა რუსთავიდან  სამების საკათედრო ტაძრამდე. მამა კახაბერმა მრევლთან ერთად  ფეხით ჩააბრძანა ანჩისხატი სამებაში, სადაც დახვდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II, გადაიხადა პარაკლისი და დალოცა მრევლი. 

2005 წლიდან 7 წლის განმავლობაში ყოველ კვირას წირვის შემდეგ წმინდა 13 ასურელი მამის სამლოცველოში, მამა კახაბერის მოწვევით, საჯარო ლექციებს კითხულობდა თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. მრევლის ცოდნით აღჭურვა და რწმენაში გაძლიერება იყო ამ შეხვედრების მიზანი, რომელსაც რუსთავის სხვადასხვა ტაძრიდან მოსული მრევლიც ესწრებოდა. 

2006 წლის 26 თებერვალს მამა კახაბერი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. მის სახელთან არის დაკავშირებული სამი ტრადიცია, რომელშიც მრევლთან ერთად რუსთაველებიც არიან ჩართულნი. მაცხოვრის შობის ალილო და სააღდგომო ჭონა- მსვლელობა, რაც აერთიანებს ყველას და საერთო სიხარულს ბადებს. მესამე ტრადიცია კი 100 000 მოწამის დღეს უკავშირდება, რომელსაც საფუძველი 2022 წელს ჩაეყარა. "13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, რუსთავის ხიდზე შეგვკრიბა მამაომ მრევლი, იმ ხიდზე, მტკვარზე რომ არის გადებული და გაღმა-გამოღმა რუსთავს აკავშირებს ერთმანეთთან. ის მტკვარი კიდევ, იმ ხიდქვეშ რომ მოედინება, თბილისიდან მოემართება რუსთავისკენ. ასი ათასი მოწამის სისხლი, მეტეხის ხიდიდან რომ ჩაედინა მტკვარში, ხომ რუსთავისკენ გამოჰყვა მტკვარს. ჩვენც რუსთავში დავხვდეთ და მივაგოთ პატივიო", - უთქვამს მამაოს, იხსენებს მისი სულიერი შვილი, მედავითნე მარიამ ძიმისტარიშვილი და სინანულით დასძენს: "წელს უკვე მეოთხედ მამაოს გარეშე შევიკრიბებით 13 ნოემბერს, მტკვარში ჩავყრით ყვავილებს ლოცვითა და გალობით ისე, როგორც მეტეხის ხიდზე ტარდება მსახურება". 

მამა კახაბერი სულიერ შვილებს ცოდვის მოსანანიებლად რუსთავიდან აგზავნიდა ფეხით სვეტიცხოველში უფლის კვართთან შენდობისთვის მუხლმოსადრეკად ან ფეხით ერთ დღეში 13 ტაძრის მოსალოცად.

2008 წელი განსაკუთრებული იყო წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს ისტორიაში. აგვისტომს ომის დროს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გახლდათ,  მრევლს ელოცა მშვიდობისათვის. "ჩვენს ტაძარში 200 მეომრის დაცვისა და შეწევნისათვის დაიწყო 24 საათიანი ლოცვა, - გვიყვება ქეთევან ნათენაძე, რომლის დის ქმარიც, ზაზა ფერაძეც,  ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო, რომელიც შეეწირა აგვისტოს ომს. მამა კახაბერი ყოველთვის სიამაყით აღნიშნავდა, რომ მისი სულიერი შვილი მაგალითი იყო მოყვასის სიყვარულისა: "ზაზამ გაიხადა ჯავშანჟილეტი და გვერდით მდგომ პირტიტველა ჯარისკაცს ჩააცვა, მე ცოლი მაინც მყავს და მეორე შვილსაც ველოდები, შენ კი უნდა გაამრავლდეო."  წინა ხაზზე მებრძოლი მეომრების შეწევნისთვის ფსალმუნთა კანონებსა და დედა ღვთისმშობლის დაუჯდომელს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში კითხულობდა მრევლი. ღამით სამლოცველოს კარიც აღარ იკეტებოდა, რათა მრევლს შესაძლებლობა ჰქონოდა ტაძარში ელოცა. "მიზანი ჩვენი ფსალმუნთა კანონის უწყვეტი კითხვისა არის სახარებისეული სიყვარულის დადგომა, როდესაც მრევლი ერთმანეთისთვის ლოცულობს", - განგვიმარტა ქეთევან ნათენაძემ, იგი სწორედ მამა კახაბერის ძალისხმევით, კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2015 წლიდან სვეტიცხოველში  ხელმძღვანელობს უწყვეტ 24 საათიან ლოცვას.

სამლოცველოს გახსნიდან მალევე კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  მამა კახაბერმა ჩამოაბრძანა პირველი  წმინდა ნაწილი დიდმოწამე ქეთევან დედოფლისა ხატთან ერთად. დღეს ტაძარში 100-მდე წმინდანთა წმინდა ნაწილები ინახება. "უფალი დიდი სამლოცველოსთვის მამზადებინებსო", - ამბობდა მადლიერებით მამაო.  მას მოჭედილი ლუსკუმა გამზადებული აქვს დიდი ტაძრისთვის, აგრეთვე ბარძიმ-ფეშხუმი, რომელზეც  წმინდა 13 ასურელი მამაა გამოსახული.  წმინდა 13 ასურელი მამაა გამოსახული დეკანოზ კახაბერის კურთხევით შექმნილ გარდამოხსნაზე, რომელიც არის სამების ტაძარში ჩატარებული საღვთო ნივთების გამოფენის გამარჯვებული და კათალიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელით დაჯილდოებული. 

დეკანოზ კახაბერის იდეითა და კურთხევითაა შექმნილი უნიკალური ხატები იმ ეკლესიისთვის, რომლის აშენების იდეაც მასვე ეკუთვნის. დეკანოზმა კახაბერმა კათოლიკოს-პატრიაქრისგან მიიღო ლოცვა-კურთხევა, აეშენებინა წმინდა გიორგის სახელობის პატარა ტაძარი, რომლის კედლებშიც ჩატანებული იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული წმ. გიორგის სახელობის 365 ტაძრიდან ჩამობრძანებული ქვები. ამ ქვების მოგროვება სწორედ მრევლის დახმარებით ხორციელდება. 

მამა კახაბერი იქ, სადაც გარდაცვლილი შვილების მემორიალის გაკეთებას გეგმავდა, თავის გარდაცვლილ სულიერ შვილებს ყოველ დღე უხდიდა პანაშვიდს. მათთან ერთად მოიხსენიებდა საქართველოს გამორჩეულ მეფეებს, პატრიარქებს, სამღვდელო და საერო პირებს, წმინდათა მშობლებს შვილების წმინდანად აღზრდის მადლობის ნიშნად, საქართველოს შვილებს, რომელთაც ქართველმა ერმა სათანადო პატივი ვერ მიაგო: ოლღა გურამიშვილს, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანს და ა.შ.
"წმინდა ადგილების მოსალოცად წასული სულ იმას ფიქრობდა, რა ჩამოეტანა მრევლისთვის, - იხსენებს მამა კახაბერის მეუღლე, ფატი, - 2014 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან დაფნის ბუჩქი წამოიღო, გავამრავლებთ და მრევლს დავურიგებთ, რომ ჯვრის მონასტრის მადლი ჩემი სულიერი შვილების ოჯახებში შევიდესო. და როდესაც იორდანიის მესაზღვრემ კატეგორიული უარი უთხრა დაფნის გადატანაზე, მოძღვარი შეევედრა, დაგიჩოქებ, ოღონდ დაფნა გამატანეო. მუხლი რომ მოიყარა, სახტადდარჩენილმა მესაზღვრემ წინააღმდეგობა  ვეღარ გაუწია." 

"ეს პატარა ლამაზი ხის ჯვარი მამა კახაბერმა ჩამოგვიტანა მრევლს იორდანე-ისრაელის მოლოცვიდან, ამ ჯვრით იცნობთ მამა კახაბერის მრევლს," - სევდანარევი ღიმილით მიყვება ნინო.
2015 წლიდან გამომცემლობა მამა კახაბერის მიერ გამოცემული წიგნების  ყდაზე (რუსთავის ლოცვანი, "ვის ვევედროთ ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს?", "ლოცვები ოჯახის კეთილდღეობისთვის") დატანილია წმინდა ქსოვილი, რომელიც მამა კახაბერმა შეახო უამრავ სიწმინდეს მოლოცვისას.  
იერუსალიმში აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე დღესაც ინახება ძველ ქართულ ენაზე დაწერილი სახარება, რომელიც მამა კახაბერმა ოქრო-ვერცხლით მოაჭედინა მრევლის შემოწირულობით და 2015 წელს მაცხოვრის საფლავზე აღვლენილ წირვაზე სწორედ ქართულ ენაზე წაიკითხა.

დეკანოზმა კახაბერ ტაბატაძემ ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ხალხს მიუძღვნა. მამაოს ცხოვრება ლოცვითა და მოყვასისადმი უპირობო სიყვარულით იყო გაჟღენთილი. მისი მოღვაწეობა მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ დიდი ტაძრების აშენება მხოლოდ ქვის კედლების აღმართვა არ არის - ჭეშმარიტი ტაძრები ადამიანთა გულებში შენდება. 

დეკანოზ კახაბერის მიერ დაწყებული მრავალი საქმე დღესაც ცოცხლობს და განაგრძობს მოქმედებას, როგორც ლოცვით, ასევე საქმედ ქცეული რწმენით. მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა არის ადამიანებში დათესილი სიყვარული, რწმენა და ერთგულება. დღეს, როცა მასზე ვყვებით, მხოლოდ წარსულზე არ ვსაუბრობთ, მამა კახაბერი კვლავ ჩვენთანაა, მის მიერ დაწყებულ ყოველ საქმეში, ნათქვამ ყოველ სიტყვასა და თითოეულ აღზრდილ სულიერ შვილში. 

მოძღვარმა ანდერძად დაიბარა, ტაძრის ეზოში დაეკრძალათ...მრავალი წლის შემდეგაც, როცა ვინმე წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარს მოინახულებს ან რუსთავის ლოცვანს გადაშლის, იგრძნობს ამ მნათობი სულიერი მოღვაწის სიყვარულსა და მფარველობას. ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე სრულიად დაუთმო ღმერთისა და ერის სიყვარულს. დღეს ხომ დეკანოზი კახაბერი ეკუთვნის არა მხოლოდ თავის მრევლს, არამედ მთელ, მისთვის საყვარელ, მრავალტანჯულ საქართველოს
ბეჭდვა
1კ1