მამა კახაბერის სახელს უკავშირდება არაერთი დიდებული საქმე, უფლისთვის სათნოდ აღსრულებული...
მამა კახაბერის სახელს უკავშირდება არაერთი დიდებული საქმე, უფლისთვის სათნოდ აღსრულებული...
მამა კახაბერ ტაბატაძე გარდაიცვალაო - დღეს დილიდან გავრცელდა ეს მეხივით ამბავი...
რომ დაგადუმებს... რომ გაგაჩერებს და სხვა უსაგნო ფიქრის საშუალებას აღარ გაძლევს - ისეთი ამბავი...

მამა კახაბერი იყო არა მხოლოდ კარგი მოძღვარი - ის გახლდათ მოღვაწე, დიდი კაცი, დიდი ადამიანი...

მამა კახაბერის სახელს უკავშირდება არაერთი დიდებული საქმე, უფლისთვის სათნოდ აღსრულებული...
და ამ საქმეებს აკეთებდა უჩუმრად, რუდუნებით, სასოებით.

მამა კახაბერის პიროვნებაში იყო თავმოყრილი წიგნიერება და ღრმა რწმენა უფლისა. 
ამ სწორი შერწყმის შედეგი იყო გამომცემლობა "გორგასალის" დაარსება და ამ გამომცემლობის მიერ მომზადებული და გამოცემული ბევრი კარგი პროექტი. 

ცამეტი ასურელი მამის სამლოცველოს მრევლის მიერ განხორციელდა არაერთი კეთილი წამოწყება და, რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმის მოთავე და სულისჩამდგმელი თავად მამა კახაბერი გახლდათ.

2008 წლიდან კი დეკანოზ კახაბერ ტაბატაძის კურთხევით, ტაძრის მრევლის ინიციატივით, აღდგენილი იქნა 24-საათიანი ლოცვა - მლოცველთა ჯგუფები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და 24 საათი არ წყდებოდა ფსალმუნთა და დაუჯდომელ საგალობელთა კითხვა. 

იქნებ ვინმეს მარტივი მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო თავდადებული ბრძოლა, ხელჩართული ომი უხილავ და ხილულ მტერთან. ასე დადგა მოძღვარი თავისი მრევლით ქვეყნის სადარაჯოზე და ეს ლოცვა არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. 

თავად არაერთი წიგნის გამომცემელს, ძალიან ახარებდა ჩვენი ყოველი ახალი პროექტი. ყოველთვის გვეხმიანებოდა, გვამხნევებდა. ეს კი დღეს, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი ამბავია. და ახლა კიდევ მეტად ვხვდები, რომ მამა კახაბერის დიდბუნებოვნება, რწმენის სიძლიერე, დიდი საქმეები - მოაკლდება თითოეულ ჩვენგანს.

მაგრამ როცა ასეთი ადამიანი მიდის, ტკივილთან ერთად, დიდი ნუგეში ჩნდება გულსა და გონებაში: მან მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლა, ღმერთს მინდობილმა, უფლის მართლად მადიდებელმა.

მე არ ვყოფილვარ მამა კახაბერის მრევლი... არც უშუალო ურთიერთობა გვქონია რაიმე საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად ბევრი რამ მახსოვს მისგან, მიკვირს კიდეც, რანაირად, როგორ იყო ასე ყოველთვის ჩვენ გვერდით ყველაზე რთულ მომენტებში...

მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მამა კახაბერ. 
დაგვლოცე, მამაო, შენი დიდი გულით... 
და როცა უფალთან იქნები, შეგვეწიე შენი დიდი გულმოწყალებით...

თამარ მამაცაშვილი
ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი






ბეჭდვა
1კ1