არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
იდუმალ ღმერთს ჩამოშორებული, საკუთარი პიროვნებისადმი მაინც მის სიყვარულს გრძნობდე, საკმაოდ მტანჯველია.
როდესაც ახლა იმის შესახებ ვიწყებ ფიქრს თუ ჩემში, იმ დალოცვილი დღეების მანძილზე რა ხდებოდა, აზრები სამი მიმართულებით მიედინება. 1) ღმერთის წყურვილი, ჩემი დამღუპველი ბუნებრივი მდგომარეობის მიუხედავად, ერთადერთ "კეთილ ნაწილად" (ლუკ. 10: 42) ვყოფილიყავი მის მიერ შთნთქმული. 2) მე უსუსური და ყველაფერში არამტკიცე ადამიანი ვარ... საიდან მოვიდა ჩემთან ისეთი ლოცვა, რომელიც ჩემს ბუნებრივ ძალებს აღემატება? 3) თავად უფალმა ხომ არ მიმიპყრო თავისი ძალით?.. იქნებ ორი: ღვთაებრივი და ჩემი ნება გაერთიანდა, რადგან ჩვენი მამა და შემომქმედი, იმ შემთხვევაში თუ თავად არ მოვისურვებთ, უბრალოდ არაფერს მოიმოქმედებს. შეჯამებული სულიერი ცხოვრება (ნაწილი 4)
ჩემი სული დღედაღამ დაუოკებლად წუხდა. ეს სატკივარი უწყვეტ ლოცვაში ძილსა და ხალხთან ურთიერთობის დროსაც გრძელდებოდა. თუმცა სხვათა თანდასწრებით, რაღაც ძალა მაჩერებდა, მაგრამ როგორც კი საცხოვრებელში დავბრუნდებოდი და კარს მივხურავდი ჩემი დიდი დანაკარგი მაშინვე თავს მახსენებდა და ჩემი გონება, ჩემი გული, ჩემი სხეული ერთ მკვრივ გორგალად ერთიანდებოდა და როცა წუხილი რაღაც ზღვარს გასცილდებოდა ჩემი ცნობიერებიდან ქვეყანაცა და მთელი ხილული სამყაროც ქრებოდა და მე ღმერთის წინაშე მარტო ვრჩებოდი. დაუსაბამოდან გამომავალი მიუწვდომელი ნათელი საკუთარი თავს გარეგნული, ყოველდღიურობით კი არა, უცნაურად, ენით აღუწერლი სახით მაყურებინებდა: მე ღმერთის წინაშე სრულიად განძარცვული ჩემი ნამდვილი ბუნებითობით ვიდექი; ასკარად ვხედავდი, რომ ღმერთისათვი ჩემში არაფერი იყო დაფარული.
ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა სახიერი ღმერთის განგებულებით ბერდიდ სილუანესთან შეხვედრა იყო. ამ თავმდაბალ მამას ზეციდან ჰქონდა ბოძებული ძალა ისევე ელოცა მთელი სამყაროსთვის, როგორც საკუთარი თავისთვის. მასში დიდი ძალით გამოსჭვიოდა დარდი ამა სოფლიდან უკვე გასულთა გამო. მისი სული მუდმივად იმ ჯოჯოხეთს ჭვრეტდა, რომელიც ამქვეყნიურობის მიღმა იმალებოდა. ამ ჯოჯოხეთს წმინდა სილუანე იმ გამოცდილებით აღიქვავდა, რომელიც ქვეყნიერების სულიერი რეალობიდან ადამიანურ სულში აღწევდა. საერთოდ მისი სული ყოველთვის მარადიულობისკენ იყო მიმართული და ამიტომ ლოცვაში არც დროით, არც სივრცით იზღუდებოდა. მე კი აქ, ამ სინამდვილესა და ისტორიაში მუდმივად ჯოჯოხეთს ვხედავდი.
უდაბნოში ცხოვრების დროს, არა თუ გავნთავისუფლდი ამ მდგომარეობიდან, არამედ, ჩვენ დროში მიმდინარე პრობლემური მოვლენების და უფრო მეტად მსოფლიო ომის გამო, პირიქით, უარყოფითი შეგრძნებები უფრო გამიძლიერდა. უდაბნო საშუალებას მაძლევდა კაცობრიობისათვის მელოცა, ეს ლოცვები ღამის საათებში უკეთ მიმდინარეობდა. მე განვიცდიდი ტკივილს სამყაროსათვის. ამას გარკვეულწილად განაპირობებდა ჩემი გამოცდილება, რომელიც პირველ მსოფლიო ომთან და შემდეგ რუსეთში განვითარებულ რევოლუციასთან არის დაკავშირებული. მე წლების მანძილზე სიძულვილით აღვსილ მგუდავი ძმათამკვლელი ომების ჯერ საერთაშორისო და შემდეგ შინაბრძოლების ატმოსფეროში ვცხოვრობდი. ამ მოვლენების შემდეგ, მრავალი ადამიანის დაღუპვის შესახებ თუ რამეს შევიტყობ, მირჩევნია ეს ისეთი სტიქიური უბედურების გამო იყოს, როგორიც არის მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია და მსგავსი მოვლენები. ეს მოვლენები ყოველი მხრიდან თანაგრძნობას იწვევს, ხოლო ომები, ყველას მკვლელობების მორალურ თანამონაწილედ აქცევს. არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა ვიდრე ომი. იმ წლებში ვცხოვრობდი ლიტურგიით, მახსოვდა გეთსიმანიის ღამე და გოლგოთას საშინელი დღე. სასოწარკვეთილი ვიყავი: ვხედავდი ადამიანის დაცემულობის მაშტაბებს. ისიც კი ძნელი ასახსნელია - ცოცხალი როგორ გადავრჩი.
"და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული" (იოან. 19: 30). რა მოქმედებდა ქრისტეს ცნობიერებაში როდესაც ამოთქვა სიტყვები - აღსრულებულ არს? არავის ხელეწიფება იმ მარადიულობის სრულად გახსნა, რომელშიც ჩვენი უფალი იყო. შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მის გლობალურ ხედვაში არა მხოლოდ ჯოჯოხეთამდე უკიდურესი "დაუძლურება" მოქმედებდა, არამედ იმ გამარჯვების ხილვაც, რასაც სიკვდილის დათრგუნვა ჰქვია: მან საკუთარი მამის ნათელში მრავალი გამოხსნილი სული იხილა. ის, რაც ადამიანისათვის უფლის მიერ სამყაროს შექმნამდე იყო ჩაფიქრებული, ახლა უკვე შესაძლებელი და განხორციელებადი გახდა: "საქმე", რომელიც მამამ ძეს დაავალა - აღესრულა. დაწერილია: "მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო" (იოან. 17: 4).
ჩვენ შიშსა და ძრწოლვას განვიცდით, როდესაც თვალწინ ტანჯვის უკიდურესი ფორმები წარმოგვიდგება. მაგრამ ქრისტიანული გზის გამორჩეული თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წამების სამყაროში ჩასვლის პარალელურად ღვთაებრივ ნათელში ამაღლების შესაძლებლობა ძლიერდება. როდესაც ჩვენზე, როგორც ჩვენ გვეჩვენება, აუტანელი ძალადობა ხორციელდება, სწორედ მაშინ იხსნება ჩვენთვის ჭარბი ცხოვრების უსაზღვრო წყარო და მაშინ ვიწყებთ ქრისტეს ადამიანობისა და ღვთაებრიობის გაგებას; მაშინ ზეიმობს და მაშინ უკვირს იმ სასწაულის ჩვენ სულს რაც უფალსგან მოგვენიჭა. როგორც თავისი რეალური ძალით მუდმივად მოქმედებს გათსიმანიის ლოცვა, იმის მსგავსად ატყვია ქრისტეს გოლგოთა შექმნილ სამყაროს მარად და ყველგან; ისევე, როგორც მთელი ჩვენი მოდგმის ისტორიას ქრისტეს საქმე და სიტყვა არ მოსცილდება, - ჩვენშიც დარჩება ჩვენი ნაღვაწი და ქრისტეს კვალზე, ღმერთის მადლით, ფერშეცვლილი ჩვენი ნავალი.
მორწმუნეც ისეთივე მდგომარეობაში ექცევა, როგორშიც მისი განკაცებული ღმერთია; ჩვენ არ ვსაუბრობთ სრულ მსგავსებაზე, მაგრამ არც ანალოგიის უარყოა არ გვსურს. პირველი უგუნურება იქნებოდა, ხოლო მეორე - უზნეობა და უმადურება. თუ ლოცვაში არასოდეს და არავის, ღმერთ-კაცის განცდილის მცირედი შეგრძნება არ მიეცემოდა, როგორ შეძლებდნენ ადამიანები ქრისტეში ღმერთის შეცნობას? "და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე" (იოან. 17: 3).
მთელი ჩვენი სარჯელი ის არის, რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენი სული დროებითი მოვლენებისადმი კი არა, მარადიული მყოფობისკენ არის მიმართული. ჩვენი გონება იმას იძიებს, ვინც სუფევს, ვინც საფუძველია ყოველი არსებისა და ვინც არის პირველი და უკუანაჲსკნელი. ის რომ ისეთივე შეზღუდული ინდივიდი ყოფილიყო, როგორიც ჩვენ ვართ... ან თუ მისი მცნებების აღსრულება იმ ნაყოფს არ მოგვიტანდა, რომლის შესახებაც, თაობიდან თაობაში, ასეთი დიდი მოწიწებითა და მოკრძალებით საუბრობენ წმინდა მამები, როგორ შევძლებდით ჩვეულებრივი "ისტორიული" ქრისტესათვის მსგავსი ატრიბუტები მიგვეწერა?.. "ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ" (1 იოან. 5: 20). მოციქული პავლე კი აზუსტებს, "ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ" (ფილიპ. 2: 5). და კვლავ, მუხლს იყრის მოციქული პავლე და ბრძანებს: "კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ" (2 კორ. 1: 3), იმისათვის "რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა, სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა" (ეფ. 3: 14-19).
ამრიგად, თუ ქრისტიანობის დასაწყისში სულმა, რომელმაც მოციქულ პალეს შთააგონა და მის გულსა და ბაგეს ეს სიტყვები გამოათქმევინა, იგივე სულს დღემდე არ შეუჩერებია მორწმუნეების გულის ასეთივე ლოცვა მთელი ქვეყნისათვის, რათა ყოველმა მთელი არსით შეიგრძნოს, რომ ღმერთი ყოველს და ყველას "ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა" (1 პეტ. 2: 9).
ჩვენი გონებით არ ძალგვიძს გავარკვიოთ რას ნიშნავს სამყაროს გამოხსნა; ან რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა "და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?" (შეად. მარკ. 9: 10); მაგრამ ლოცვაში ჩვენ შევიგრძნობთ მოახლებადი საუკუნის საიდუმლოს. გვწამს, რომ მოვა ისეთი მომენტი, რომელსაც "აღვსებისა მის ჟამთაჲსა" (ეფ. 1:10) ჰქვია და რაც არის ყველაფერი იმის დასრულება, რაც შემოქმედმა ჩვენთვის განამზადა.
მარადიულობას, მიუხედავად იმისა, რომ მოიცავს ყოველგვარ საუკუნეებს და სივრცეებს ხანგრძლივობა არ გააჩნია. მას შეიძლება ისეთი "მარადიული წამიერება" ვუწოდოთ, რომელიც არანაირ გაზომვებს და განსაზღვრებას: არც დროს, არც სივრცობრივობას და არც ლოგიკურს არ ემორჩილება. მასში - ამ უცნაურ წამიერებაში, სულიწმიდას მადლით, ჩვენც, ერთიან განუსაზღვრელ უკვდავ აქტში მთელი ჩვენი არსით სიყვარულით მოვიცავთ დასაბამიდან ყველაფერ არსებულს და ღმერთი სუფევს ყველგან და ყველაფერში "ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორ. 15: 28).
გონიერი ქმნილების ყოფიერება სრულყოფას წმინდა ერთიანი სამების ხატად უნდა ეზიაროს. ამაშია აზრი, მიზანი და ეს არის ქრისტეს ეკლესიის ამოცანა: "რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე" (იოან. 17: 21). ნათელია, რომ ეკლესიის ყოველი წევრი ქრისტეში სრულყოფისაკენ და იგივეობამდეც კი უნდა ისწრაფოდეს, სხვაგვარად ეკლესიის ერთიანობა სამების ერთიანობას ვერ მიემსგავსება.
შემდეგ: სულიერი თავისუფლების შესახებ
მოამზადა როლანდ ჩხეიძემ

