ბოტანიკოსი, მებაღე ზურაბ შევარდნაძე - უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II-ის შესახებ :ეპიზოდი 1.
ზუსტად 20 წლის წინ, გაზაფხულზე, ერთი ჭირვეული დამკვეთის ეზოს ვრგავდი საგურამოში. თავზე მადგა და ისე მებუზღუნებოდა ამ კაცის სიდედრი, სიცოცხლე არ მინდოდა. მირეკავს ჟუჟუნა ავალიშვილი და მისი ტელეფონიდან მელაპარაკება დედა თეკლე სიხარულიძე. ჟუჟუნა მაშინ საპატრიარქოშიც მუშაობდა და დედა თეკლესთან ერთად უწმინდესის სათბურს და ბაღს პატრონობდა.
-ზურიკო ამწუთას, ახლავე უნდა მოხვიდე საპატრიარქოში, უწმინდესი გიბარებს. საპატრირქოში ნამყოფიც არ ვიყავი, უწმინდესი კი მარტო ტელევიზორში მყავდა ნანახი. რა თქმა უნდა, სიხარულით დავყარე ყველაფერი და გავიქეცი.
იმ დილით უწმინდესი ჩასულა სათბურში, შეხვედრია დედა თეკლეს და ჟუჟუნას, იქვე ჩამომჯდარა და უთქვამს: დედაო თქვენ უნდა წახვიდეთ ლონდონში ერთი სამი წლით, შეისწავლოთ მებაღეობა, დაბრუნდეთ და გააკეთოთ სამებაღეო სასწავლებელი. დედა თეკლეს შეწუხებული სახე რომ დაუნახავს, უთქვამს, დედაო - ეს კურთხევაა.
დედა თეკლეს უპასუხია, ვიცნობ ერთ ახალგაზრდას, ახალი დაბრუნებულია გერმანიიდან, იქ ისწავლა მებაღეობა, ქალბატონი ჟუჟუნას მოსწავლეცაა, თუ გნებავთ გაგაცნობთ.ასე "გავჩნდი" საპატრიარქოში.
რა თქმა უნდა, პირველად შევხვდი მის უწმინდესობას. იმ დღიდან დაიწყო ჩემი უცნაური, სიხარულით, სიყვარულით, სითბოთი, ბევრი შრომით და ინტერესებით სავსე ცხოვრების ეს ნაწილი.
ეპიზოდი 2.
ბევრი არ ულაპარაკია. მომისმინა, მომეფერა, ორი შეკითხვა დამისვა და თქვა: თქვენ იქნებით სამებაღეო სასწავლებლის დირექტორი, დედა თეკლე, თქვენ - მისი მოადგილე, ქალბატონო ჟუჟუნა, იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, - თქვენი გამოცდილება და ცოდნა ძალიან გვჭირდება. ახლა წამობრძანდით, გაჩვენებთ ჩვენი ახალი სასწავლებლის შენობას.
დიდი სამების ეზოში, უზარმაზარი კედრების, კვიპაროსების, კვიდოების ხეებში ჩაფლული ძველი, ლამაზი შენობა გვანახა, მთლად ჩამონგრეული და მოუწესრიგებელი. შეკეთების და მოწესრიგების ფულს მე მოგცემთ, ავეჯზეც მოვახერხებთ რამეს. 1 სექტემბერს უნდა გაიხსნას..
გაოცებული ვუყურებდით.
აქ მოვაწყობთ აუდიტორიებს, აქ იყოს ბიბლიოთეკა, ამ ფანჯრიდან ტაძარი ჩანს ეს იყოს დირექტორის კაბინეტი, დედა თეკლე თქვენ აქ ამ პატარა ოთახში მოიწყვეთ კელია და გადმოდით.ეზო მოვაწესრიგოთ კი ხედავთ გაველურებულია. აქ ავაშენოთ სათბური და სასადილო სტუდენტებისათვის.
რამდენი მოსწავლე დაეტევა?
თითონვე გასცა პასუხი, ასი , ასი უნდა იყვნენ.ჩვენ ისევ გაოგნებული ვუყურებთ.
აქ, ამ მთაზე სამება სანამ აშენდებოდა, იდგა რადიო სიგნალის ჩამხშობი ანტენები, ხმა რომ არ გაგვეგო უცხოეთიდან. ეს შენობა ამას ემსახურებოდა, ამიტომაა ხეებში ჩაფლული და საგანგებოდ დამალული.
ახლა აქედან ხმა გავრცელდება და მთელი ქვეყანა გაიგონებს.
მეორე დღესვე გამოგზავნა ხელოსნები, დავიწყეთ შენობის და ეზოს მოწესრიგება. თითქმის ყოველდღე მოდიოდა. მოქონდა ავეჯი, ნახატები, საჭირო ნივთები.
ჩემს ოთახში თავისი სამუშაო მაგიდა თითონ დაადგმევინა. ყუთიდან ძვირფასი, ონიქსის საწერი მაგიდის ნაკრები ამოალაგა და თავისი ხელით დააწყო მაგიდაზე. "სტუდენტობისას ვიყიდე მოსკოვში, საკომისიოში, აქ იყოს .."
გამოვაცხადეთ მიღება. ყოველდღე რეკავდა და კითხულობდა, რამდენი მსურველია?გახსნის წინა საღამოს მობრძანდა და იკითხა, რამდენი მსურველია? 98 უპასუხა დედა თეკლემ. ჰოდა ორიც თქვენა და გაგვიღიმა.
ეპიზოდი 3.
შევკრიბე მასწავლებლები. ბოტანიკური ბაღიდან ძველ თანამშრომლებს შევთავზე ყველას, ვისაც ვთცლიდი რომ სწავლება შეეძლოთ. ერთ საგანს მაგალითად მეყვავილეობას ოთხად, ხუთად ვყოფდით და იმ ნაწილის სწავლებას მას ვავალებდით ვინც მცენარეთა ამ ჯგუფის დიდი ოსტატი იყო.
მოსვლა ვთხოვე ჩემს ყოფილ მასწავლებლებს უნივერსიტეტიდან, ბოტანიკის კათედრიდან. ჩამოვიყვანეთ ჩემი გერმანელი მასწავლებლები, ბონის და მიუნხენის ბოტანიკური ბაღებიდან.
ავაწყვეთ სასწავლო გეგმა და პროგრამები. ვთარგმნეთ გერმანულიდან სამებაღეო სასწავლო სახელმძღვანელო.
სასწავლებელს ასე დაარქვა: "დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი" და შეგვაერთა სასულიერო აკადემიასთან. მაშინ თითონ იყო აკადემიის რექტორი. დადგა გახსნის დღე. შეიკრიბნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მთავრობის ხალხიც მოვიდა. უწმინდესი მოგვესალმა და დაგვლოცა.
ზოგი ლაპარაკობს ეკოლოგიაზე, ზოგი სულიერებაზე, ზოგი მებაღეობაზე. ცოტა გაურკვეველია რა ხდება..პრეზიდენტის მოვალეობას მაშინ ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, უწმინდესს მან შებედა უკვე საზეიმო მიღებაზე სადაც ლანგრები ყვავილებით გვქონდა გაფორმებული და უჩვეულოდ გამოიყურებოდა ყველაფერი.
- თქვენო უწმინდესობავ, ვერაფერი ვერ გავიგე. ამ ბავშვებიდან ვინ უნდა გამოვიდნენ?- პატარა ზურიკოები!!!
მიირთვით, მიირთვით ოღონდ ყვავილები არ იჭმევა..
ეპიზოდი 4.
საპატრიარქოდან გამოგვიგზავნა ახოვანი, გერმანელი კაცი.
მეგობარს ურჩევია პროფესიონალია და დაგეხმარებათო.
ამ კაცის სახელი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს სავიზიტო ბარათზე ეწერა "პლანუნგს ბიურო დრეკერ"
დამგეგმარებელი ბიურო. ფრანქფურტიდან იყო მგონი.
დედა თეკლე და მე შევხვდით. ვუამბეთ, მოვუყევით, გვისმინა ყურადღებით მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო. დაჟინებიტ კითხულობდა, რამდენი გაქვთ ბიუჯეტი?
რამდენი გაქვთ ბიუჯეტი? ათჯერ გაგვაწყვეტინა ამ შეკითხვით. ჩვენ კი ბიუჯეტი არ გვაქვს..
უწმინდესი გვყავს.
ბოლოს გვითხრა თუ პროექტის ბიუჯეტს აკლია თუნდაც ერთი თეთრი ჩვენ ამ პროექტს ხელს არ ვკიდებთ.
გახსნა ჩანთა ამოიღო ფერადი დასაწებებელი ფურცლები. ერთი ფურცელი მოხია, მიაკრა საქაღალდეზე, გადმოაბრუნა და გვაჩვენებს ნახეთ არ ძვრება, ეკვრის, გამოგადგებათ. ერთი ის შეკვრა გადმოგვცა საჩუქრად და დაგვემშვიდობა. მახსოვს როგორ წასკდა დედა თეკლეს ცრემლები სტუმარი რომ გავაცილეთ.
მაგრამ ჩვენ გვყავდა უწმინდესი.
ეპიზოდი 5.
მაშინ პროფესია "მებაღეობა" არ იყო განათლების სამინისტროს დარეგისტრირებულ პროფესიათა ჩამონათვალში. არ ჰქონდა კოდი, არ იყო პროფესიული სტანდარტი.
მაგალითად ბოტანიკურ ბაღში მუშაობდნენ აგრონომები რომელთა მითითებებსაც ასრულებდნენ მუშები.
სამებაღეო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, ევროპულ სტანდარტებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით პირველად ჩვენ შევაერთეთთ. მივიღეთ ახალი პროფესია, პრაქტიკოსი -" სწავლული მებაღე". რომელსაც აქვს თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული უნარ ჩვევები.
სასწავლებელმა მიიღო აკრედიტაცია, სახელმწიფომ აღიარა ჩვენი სასწავლო პროგრამები. მებაღე, ბაღის დიზაინერი და ფლორისტი.
პირველი ნაკადის მოსწავლეები ორჯერ მყავდა გერმანიაში სასწავლო პრაქტიკაზე. დიდი გამოცდილება მიიღეს და ახლა თითონ მუშაობენ მასწავლებლებად.
თუკი დღეს ვინმე საქართველოში მებაღეობაში პროფესიონალი მუშაობს ჩვენი გამოზრდილია.
სიტყვა მებაღე არ იყო მაშინ დიდად საამაყო.
ახლა ბევრი ამბობს ამაყად რომ მებაღეა.
ეპიზოდი 6.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ დედა თეკლეს დაეკისრა ჩემი მოქცევა. მას უნდა ეზრუნა რომ მე მეცხოვრა ეკლესიურად, მიმეღო წმინდა ზიარება, მეთქვა აღსარება, მემარხულა და მყოლოდა მოძღვარი.
რა თქმა უნდა ცდა არ დაუკლია.
სასწავლებლის გახსნიდან ზუსტად ერთი წლის თავზე დაგვიბარა უწმინდესმა და სიყვარულით გვკითხა : ერთი წელი გავიდა, აბა რა გააფუჭეთ და რა გააკეთეთ?!
დედა თეკლემ დაიწყო.
როზარიუმს ვაშენებთ, ვარდების უახლეს, კორდესის ჯიშებს ჩამოვიტანთ, ბაღს შეძლებისდაგვარად ვუვლით, ვამშვენებთ, პირამიდული კვიპაროსების ხეივანი დავრგით საკურთხევლის უკან. ღობეებზე მთლიანად ხვიარა ვარდების საუცხოო ჯიშები ჩავაყოლეთ. სტუდენტები ზარმაცობენ,არ არიან შეჩვეული შრომას, იოლად წარმოუდგენიათ, იმას ვაკალმებთ, ამას ვთესავთ, იმას ვრგავთ...
მე ვარ ჩუმად.
- დედა თეკლე, დედა თეკლე, ერთი წლის თავზედ თქვენ უფრო გეტყობათ ზურაბის გავლენა, ვიდრე ზურაბს თქვენი. რა თქმა უნდა ვიცინეთ.
ეპიზოდი 7.
შაბათის ლოცვამდე უსათუოდ მოდიოდა ჩვენთან. მოჰქონდა ბევრი შოკოლადი, ორცხობილა ყუთებით სტუდენტებისთვის.
გვეუბნებოდა რომ შესვენებებზე სტუდენტებს უნდა ედგეთ დერეფანში ტკბილეული, თაფლი. ფიზიკური შრომა უწევთ და სჭირდებათ ენერგია.
მოგვიტანა დიდი აპარატურა და გვთხოვდა რომ შესვენებების დროს ჩაგვერთო კლასიკური მუსიკა. როცა ვრთავდით ყველა ეზოში გარბოდა.
ვიცინოდით..
ეპიზოდი 8.
გაზაფხულია, დავავლეთ ხელი ყველა სტუდენტს, მასწავლებლებს და ჩავედით საპატრიარქოში. შევესიეთ უწმინდესის ბაღს. ვსხლავთ, ვკრეჭავთ, ვრგავთ ვალამაზებთ.
უწმინდესი მცხეთიდან დაბრუნდა სტუმრებთან ერთად. ძალიან გაიხარა. ყველა კუთხე მოარა, შეგვაქო, დალოცა სტუდენტები..
დედა თეკლეს უთხრა: დედაო რათ ამუშავებ გოგონებს და ბიჭებს ცალ ცალკე? შენ ეგენი მონაზვნებად კიარ უნდა გაზარდო. ერთად იმუშაონ, ეგებ შეუყვარდეთ ერთმანეთი, გამრავლდნენ. როგორც იცოდა, სიყვარულით სიცილი, ისე იცინოდა თან.
კმაყოფილება ეტყობოდა. ბევრი გვეფერა.
ანაფორის ქვეშ რომ შეიყოფდა ხელს და საბეჭურის ჯიბეში რომ დაიწყებდა ძებნას ვიცოდი ფულს ამოაცოცებდა და გვაჩუქებდა.ამოიღო 50 ლარიანი და მაძლევს. ზურაბ, ახლა წაიყვანე ეს სტუდენტები და კარგად აჭამე ხინკალი.
ვიცოდი, არ ვაწყენინებდი. ვკითხე სიყვარულით, თქვენო უწმინდესობავ, ეგებ ისიც მითხრათ, 50 ლარად 50 სტუდენტს, თან კარგად, როგორ ვაჭამო ხინკალი?
მივხვდი უხერხულობაში ჩავაგდე და შემრცხვა, ძალიან შემრცხვა.
- მამა დავით რა ღირს ხინკალი?
- 80 თეთრი, თქვენო უწმინდესობავ.
- უჰ, როგორ გაძვირებულა, ჩემს სტუდენტობაში 5 კაპიკი ღირდა.
მამა დავითმა მოგვცა 500 ლარი და იმ დღეს კარგად ვჭამეთ ხინკალი.
ეპიზოდი 9.
ძალიან უყვარდა ფულის ჩუქება.
საბეჭურის ჯიბეში სულ ედო.
შეიყოფდა ხელს ანაფორის ქვეშ, ჯერ მარჯვენა ჯიბეს მოსინჯავდა, მერე მარცხენას, მერე მამა დავითი ანიშნებდა გულის ჯიბეში ჩაგიდეთო. ამოაცოცებდა და გაღიმებული სახით მჩუქნიდა.
პირველად 500 დოლარი მაჩუქა, კამფეტები იყიდეო.
თქვენო უწმინდესობავ ეს ბევრია, ეგებ იმას აჩუქოთ ვისაც უფრო სჭირდება, მე მაქვს.
გამიბრაზდა..
- ზურაბ, თქვენ ამპარტავანიც ყოფილხართ.
საქართველოს პატრიარქს ასწავლით, ვის აჩუქოს და რამდენი?
ვიყიდე ბევრი შოკოლადი, მთელი თვე ვარიგებდი, უწმინდესმა გამოგიგზავნათ მეთქი.
ეპიზოდი 10.
დედა თეკლესთან ავირიე. ვეღარ ვუძლებდი მის გაუთავებელ დავალებებს და აქტიურობას.
საქმე და საკეთებელიც მომეძალა ჩემს ბაღში და თავს ვარიდებდი სასწავლებელში სიარულს.
დამირეკა მამა დავითმა უწმინდესი გიბარებთო.
რათქმაუნდა ყველაფერი დავყარე და გავიქეცი.
თბილად მიმიღო, მომიკითხა.
- მე მითხრეს, რომ თქვენ კვირაში მხოლოდ ერთი დღე დადიხართ სამსახურში.
- თქვენო უწმინდესობავ, ეს ვინც გითხრათ, ის არ გითხრათ, რომ მისი გაძლება უფრო ხშირად შეუძლებელია?
ძალიან იცინა.
თქვენ, გურულები, გადაარჩენთ ამ ქვეყანასო. ბევრი მეფერა და სადილად დამტოვა.
ეპიზოდი 11.
ისევ დაგვიბარა.
დედა თეკლე და მე ფურცელზე ჩამოწერილი გეგმით მივედით და ვთხოვდით. საქმე გაიზარდა, ვეღარ აუდივართ, სატვირთო მანქანა ან ტრაქტორი გვჭირდება, სასწავლებლიდან ბაღში მცენარეების, იარაღის ტარება ძალიან გვიჭირს.
დაფიქრდა. ზუსტად ვიცი, რომ ჰქონოდა, იმწუთას მოგვცემდა. უცებ გაიღიმა. ვირები მოვიყვანოთ და შევაბათ, ბავშვებიც გახალისდებიან.
მეორე დღესვე ჩამოვიყვანე ბოდბისხევის ბაზრიდან ორი ვირი. შალიკო და ოლიკო დავარქვით. სამების ეზოში ვაბამდით პალოზე და ვაძოვებდით. გალაღდნენ, გაიზარდნენ, გათამამდნენ და აღარ ისურვეს მუშაობა.
დედა თეკლეს ჭირად ექცნენ. მისი ჯინა კი ვიყარე. ბოლოს მეგობარს სთხოვა და წინანდლის პარკში გაამწესა.
ეპიზოდი 12.
10 წელი გავიდა. დავიღალე, მომბეზრდა.
საქმე მომეძალა, ჩემი ბაღი წამომეწია, დედა თეკლემ მოთხოვნები კიდევ უფრო გაამძაფრა.
დადგა ის დღე რომ მივედი უწმინდესთან.
დილა იყო, ზამთრის ბაღში დამხვდა.
- თქვენო უწმინდესობავ, ათი წელი გავიდა, სასწავლებელში ყველაფერი კარგადაა, უკვე ბევრი ახალგაზრდა გამოიზარდა, დედა თეკლე მშვენივრად ართმევს საქმეს თავს, გთხოვთ მაკურთხოთ, წასვლა მინდა.
არ ესიამოვნა.
- ზურაბ, არ მაქვს ამწუთას პასუხი, დამელოდეთ მოვიფიქრებ.
გაზაფხულია, ეკლებზე ვზივარ, ნერგი დაყრილი მაქვს დატოვებული ბაღში დასარგავი, ერთი სული მაქვს უკან დავბრუნდე.
მთელი დღე იქ მამყოფა, მასთან ახლოს. ახლა მირონმდინარი ხატი მოაბრძანესო, ახლა ყავაო, ახლა ტრაპეზიო, ახლა მეუფე მობრძანდებაო.
დროდადრო გადმომხედავს.
დაღამდა, ვახშამიო, ღამის ლოცვაო, გულიკო ჩაფიძეო, ნანი ბრეგვაძეო, სიმღერაო, გალობაო, ლოცვაო. დაშუაღამდა.
აღარაფერი აღარ მინდა.
- ზურაბ გამომყევით. შემიძღვა ბუხრიან მომცრო ოთახში.
მე მოვიფიქრე, დაბრძანდით.
დავჯექი უხერხულად.
- იცით, მეც თქვენსავით აღარ მომწონს აქ ბევრი რამე. მეც მინდა წასვლა. მოდით, ასე გავაკეთოთ, დამელოდეთ და ერთად წავიდეთ.
სახლში ფეხით წამოვედი. მთელი გზა ცრემლი ნიკაპთან მეფსკვნებოდა.
ასეთი სულელი როგორ ვარ, ასე როგორ მოვიქეცი?
ასეთი როგორ ვიკადრე?
დღემდე მტანჯავს ამის გახსენება.
ეპიზოდი 13.
ადმინისტრაციამ მთხოვა ბობოყვათის რეზიდენციის ბაღის მოწესრიგება.
შევკარი სტუდენტების და კოლეგების მომცრო ჯგუფი და წავედით. იქვე დაგვასახლეს პერსონალისთვის განკუთვნილ კორპუსში. თავდაუზოგავად ვშრომობდით.
ჩვენი იქ ყოფნის მესამე დღეს გავიგეთ, რომ უწმინდესი ჩამობრძანდებოდა რამდენიმე დღით დასასვენებლად.
რომ უთხრეს ეზოში ჩვენ ვმუშაობდით დაგვიბარა. იმ წუთიდან გავხდით მისი ზრუნვით გარემოცული.
მოჰქონდათ და მოჰქონდათ მასთან ნაირნაირები, ყველაფერს ჩვენ გვიგზავნიდა.
შუა მუშაობის დროს დაგვიძახებდა, მისაღებში მთლად თეთრი, თოვლივით თეთრი ავეჯი იდგა, გვთხოვდა დაბრძანდითო. ვერ ვსხდებოდით ჭუჭყიანი ტანსაცმელი გვეცვა.
-რატომ მალავთ ხელებს?
-ჭუჭყიანი გვაქვს თქვენო უწმინდესობავ.
-ეს ჭუჭყიანი არაა ეს ნამუშევარი ხელებია.
ბედნიერებმა ვიმუშავეთ ერთი კვირა, მისი ზრუნვით და სიყვარულით განებივრებულებმა, დაღლა არ გვიგრძნია.
კარგად მახსენდება ბობოყვათი.
ეპიზოდი 14.
ოცჯერ მაინც უკითხავს:
-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?
-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.
-თქვენ მარხულობთ არა?
-არა არ ვმარხულობ.
-დიდ მარხვაში ხორცს მიირთმევთ?
-დიახ უწმინდესო, ექიმმა დამინიშნა.
-მერე თქვენც მორწმუნე ექიმებთან იარეთ.
ერთხელ სუფრასთან მკითხა ტრაპეზის დროს, სამი მეუფე იჯდა მაგიდასთან უცხო სტუმრებთან ერთად.
-ზურაბ თქვენ მარხულობთ არა?
-არა თქვენო უწმინდესობავ მე არ ვმარხულობ.
-მეუფევ, ამ გურულს თავისი გულწრფელობა აცხონებს.
ეპიზოდი 15.
-რამდენი სტუდენტი გყავთ ასიდან ისეთი თქვენ რომ ძალიან მოგწონთ?
-ოთხი თქვენო უწმინდესობავ.
-ამდენი?
ეპიზოდი 16.
-ზურაბ როგორ გგონიათ რატომ იზრდება საპატრიარქოს ეზოში პირამიდული კვიპაროსები ასე ხარბად?
- თქვენი ლოცვით და კურთხევით უწმინდესო.
-ყოჩაღ დედა თეკლე, კარგი პასუხია.
ეპიზოდი 17.
ინდოეთიდან დავბრუნდი, 40 დღე იქ გავატარე ახალ დამეგობრებულ მაჰარაჯასთან.
უწმინდესის შემდეგ არავის ჩემზე მსგავსი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. უცნაური რამ ვიგრძენი რაჯასტანში.
ამით შეწუხებულმა, ეგება და რამეს ვაშავებ, რავიცი უცხო ქვეყანაა, უცხო კულტურაა, უცხო რელიგიაა, სხვა სამყარო და ემოციაა. უწმინდეს მივმართე, მოვუყევი მოკლედ შთაბეჭდილება , ემოცია გავუზიარე.
და გავუბედე:
-როცა ის საუბრობს თქვენზე მეფიქრება, მისი სიტყვები ძალიან ჰგავს თქვენს ქადაგებას, მეშინია.
-ნუ გეშინია, პირიქით გიხაროდეს, ღმერთმა კარგი მეგობარი გამოგიგზავნა. რწმენა სიმაღლემდეა სხვადასხვა, სიმაღლემდე ასული მერე ყველა ერთიანდება.
ცრემლები ჩამომცვივდა, შიში გამიქრა.
ეპიზოდი 18.
არ მგონია ხშირად ვინმე შეკადრებდა.
მხოლოდ ვუყვებოდით ჩვენს სატკივარზე, გასაჭირზე..
-უწმინდესო როგორ ბრძანდებით?
-მტკივა ზურაბ, წელი ძალიან მტკივა.
ეპიზოდი 19.
ისეთ დროს მობრძანდა სასწავლებლის წინ დიდ ჯგუფად ვისხედით და ვარდის კალამს ვამზადებდით.
უცნაურად მოულოდნელად დაგვადგა თავზე, რატომღაც ზარებიც არ რეკავდა.
ესიამოვნა, გამოგვკითხა რას ვაკეთებდით, ვინ ვინ ვიყავით..
მაშინ გვითხრა: იცოდეთ ერთად შრომას ერთად ლოცვის ძალა აქვს.
ეპიზოდი 20.
საპატრიარქოში მივედი. უწმინდესი ეზოში დამხვდა. ბევრი ხალხი ირეოდა.
ბაღში ძველი საფარი აეთხარათ და ახალ ბაზალტის ფილებს აგებდნენ ქვიშაზე.
-ზურაბ მოგწოთ ახალი მოკირწყვლა?
-დიახ თქვენო უწმინდესობავ, რა კარგია, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ეს ამბავი.
-ერთხელ და სამუდამოდ?
-ერთხელ და სამუდამოდ..
-ერთხელ და სამუდამოდ..
ჩემი იქ ყოფნის დროს, იმ დღეს ათჯერ მაინც გაიმეორა გაუაზრებლად ნათქვამი ეს სირტვა.
-ერთხელ და სამუდამოდ...

