ეს ერთხელაც არ მოგინანიებია
ეს ერთხელაც არ მოგინანიებია
მოწყალების მოსაკრებად ერში გასული წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას, მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული. გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.

***
წმინდა ბარსანოფი ოპტელის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და მამამისმა მეორედ იქორწინა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად გულკეთილი ქალი იყო და მართლაც შეუცვალა დედა. "შესაძლოა, ღვიძლ დედასაც არ აღვეზარდე ასე", - ამბობდა მამა ბარსანოფი, - ყოველ დილით ადრიანად დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირეწლოვანებისა, ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.

ერთ დილას გავიღვიძე, მაგრამ წამოდგომა არ მინდა... დედა უკვე მზადაა და მოახლეს ეუბნება: - პავლეს ჯერ კიდევ სძინავს. სასწრაფოდ ცივი წყალი მომიტანეო. მაშინვე საბნიდან გამოვძვერი: დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი. ტაძარში მივდივართ".

წმინდა ბარსანოფი მადლიერი იყო ამ "ძალდატანებისა" და ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რა კარგად იმოქმედა მასზე ყრმობის დროინდელმა ცისკრის ლოცვებმა.

ბეჭდვა
1კ1