3 ივნისი წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ხსენების დღეა
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ყოველივე ამას კი წინ უსწრებდა სასწაული, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა: ერთხელ, ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს (312 წელს, როცა კონსტანტინე დიდი ეომებოდა მაქსენტის), კონსტანტინე დიდმა და მთელმა ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე!" მეორე ღამით იმპერატორს თვით იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრა, რომ ჯვრის ძალით სძლევდა მტერს, თან უბრძანა, ბრძოლაში ჯვარი წინ წაემძღვარებინა. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა.
კონსტანტინემ ირწმუნა ჯვრის ცხოველმყოფელობა.
წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად.
პირველ ხანებში ძიება წარუმატებელი აღმოჩნდა. მაშინ იუდეველები დააშინეს და მათაც გაამხილეს მოხუცი იუდეველის - იუდას სახელი, რომელმაც ჯვრის ადგილსამყოფელი იცოდა. იუდა დიდხანს დუმდა. ბოლოს ღრმა თხრილში ჩააგდეს და გაამხილა, თუ სად იყო ჩაფლული ჯვარი.
დედოფალმა ელენემ დაანგრევინა კერპების ტაძარი, რომელიც ჩამარხულ ჯვრებზე იყო აგებული. იპოვეს მაცხოვრის სამარხი და გოლგოთა, შორიახლოს კი სამი ჯვარი. იქვე იყო ის ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი - ებრაული, ლათინური და ბერძნული - წარწერა გააკეთებინა ("იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა") და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი - მარცხნივ, მეორე - მარჯვნივ. მარცხნივ გაკრული ავაზაკი გმობდა უფალს. მარჯვენა ძელზე დაკიდებულმა ავაზაკმა შერისხა ამ გმობისთვის და სთხოვა იესო ქრისტეს, რათა მოეხსენებინა იგი ცათა სასუფეველში. უფალმა აღუთქვა მას ცხონება და მართლაც, პირველი, ვინც მან სასუფეველში შეიყვანა, სწორედ ეს მონანული ავაზაკი იყო), პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.
უფლის ცხოველმყოფელმა ჯვარმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა: განიკურნა მძიმედ დასნეულებული დედაკაცი. ამ სასწაულთა ხილვამ მოხუცი იუდა და მრავალი სხვაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იუდა, შემდეგში - კვირიკე, იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა და იულიანე განდგომილის დროს (361-369) მოწამებრივად აღესრულა.
კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი თავის ნაშრომში "ივერიაში მოგზაურობა" გვამცნობს, რომ მაცხოვრის ოთხი სამსჭვალიდან ერთი ადრიატიკის ზღვაში გადააგდეს, მეორე კონსტანტინე დიდმა გამოიყენა თავისი ცხენის ლაგამისთვის, ხოლო დანარჩენი ორი მან საქართველოში გაგზავნა. ამ ორი სამსჭვალიდან ერთ-ერთი ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში ინახება, ერთი კი მე-17 საუკუნეში არჩილ II-მ რუსეთში წაიღო მანგლელი მიტროპოლიტის მიტრასთან ერთად. სამსჭვალი მიტრაში იყო ჩაკერებული.
მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იერუსალიმში ქრისტეს დიდებული აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა, რომელიც თავის კედლებში გოლგოთასაც მოიცავდა და უფლის საფლავსაც. ეს ტაძარი ათი წელი შენდებოდა. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი ქრისტიანული წესით აკურთხეს. მეორე დღეს დაწესებულ იქნა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამაღლებისა (ჯვართამაღლება), რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 სექტემბერს ზეიმობს.
ამ პერიოდში ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი "ერთარსი მამისა".
ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.
თამარ რიგიშვილის ხატი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი