ძალიან ვუფრთხილდებით წინაპრების დანატოვარს
შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის პირდაპირ, წმინდანად შერაცხული ბერის, ალექსი შუშანიას და აფხაზეთის ეპისკოპოსის, ლეონიდეს (ჟვანიას) შთამომავლები ცხოვრობენ.
მახვილი თვალი კარზე წარწერასაც შეამჩნევს, რომელიც მეუფე ლეონიდეს იქ ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს მიუთითებს. ქუთაისში ყოფნის დროს ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. ტაძარში შავოსან ქალბატონს გამოველაპარაკე. როცა გაიგო, "კარიბჭიდან" ვიყავი, გამეცნო. ეს დიდი სულიერების მქონე სევდიანი მანდილოსანი წმინდა ალექსი შუშანიას შთამომავალი და მეუფე ლეონიდეს რძალი გახლდათ.
ქალბატონი დალის ვაჟი, მამა ზინობი, ბაგრატის ტაძრის წინამძღვარია. მამა ზინობი იმ დროს ქუთაისში არ ბრძანდებოდა და მისი გაცნობა ვერ მოხერხდა.
ერთსართულიან, საკმაოდ ლამაზ სახლში, სადაც მეუფე ლეონიდე ცხოვრობდა, დღეს მამა ზინობის ოჯახი ცხოვრობს. შესასვლელში ეპისკოპოსის შესამოსელს მოვკარი თვალი. ეს ანაფორა, ჯვარი, პანაღია, სკვნილი, თურმე, მეუფე ლეონიდესი ყოფილა. ერთ დიდ კედელზე კი შუშანიებისა და ჟვანიების საუკეთესო გვარიშვილთა სურათებია გამოფენილი.
საუბრის დაწყებამდე მამა ზინობის მეუღლე, ჩვენი კოლეგა მანანა ქურციკიძე გაგვიმასპინძლდა. მათი ქალიშვილები - ანა და მართაც გავიცანით.
ქალბატონ დალისთან ჩვენი საუბარი ასე დაიწყო:
- გვარად ჩინჩალაძე ვარ. დავიბადე 1941 წელს. პროფესიით - ისტორიკოსი და ფილოლოგი. 1961 წელს ცოლად გავყევი ამირან ჟვანიას. ჩემი მეუღლე რეჟისორი იყო. 1988 წელს გარდაიცვალა. ოთხი შვილი დამრჩა. ერთი ვაჟი, ლევანი, რამდენიმე წლის წინ გულით გარდაიცვალა. მხატვარი იყო. მამა ზინობი მესამე შვილია. 1993 წლის 15 თებერვალს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ მღვდლად დაასხა ხელი და ბაგრატის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. მამა ზინობს გამოცემული აქვს წიგნები: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები 1917 წლიდან დღემდე", ნარკვევი ბაგრატის ტაძარზე, "მართალთა ცხოვრება", რომელიც ეძღვნება ჟვანიების გვარის ისტორიას. ჟვანიძეების ანუ ჟვანიების გვარი XVII საუკუნიდან მოდის. ისინი აფხაზეთის მიტროპოლიტები ყოფილან. ჟვანიები იყვნენ მიტროპოლიტი კირილე და მიტროპოლიტი ანტონი.
მამა ზინობი მერვე კლასში იყო, როცა გამოცხადება ნახა. თეთრ სამოსში გამოწყობილმა თეთრწვეროსანმა უთხრა, - სასულიერო პირი უნდა გახდეო და აუხსნა, როგორ ესწავლა ხუცური. დაიწყო ხუცურის სწავლა. ეს სიზმარი განუმეორდა. ჩააბარა სასულიერო სემინარიაში, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა სასულიერო აკადემია. ზოგჯერ ფიქრობს, რომ რომელიმე წინაპარი გამოეცხადა. მამა ზინობი დეკანოზია, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. უკვე 11 წელია, ბაგრატის ტაძარში, ღია ცის ქვეშ აღავლენს წირვა-ლოცვას. ჰყავს ძალიან კარგი, პატიოსანი მრევლი.
დედის მხრიდან ჩემი ბაბუა იყო ვალენტი შუშანია. შუშანიები ისტორიულ საბუთებში დაახლოებით XVII საუკუნიდან მოიხსენიებიან. ისინი აფხაზეთიდან სამეგრელოში გადასახლებულან. დედაჩემის ბაბუა დიდვაჭარი იყო. ცხოვრობდა სტამბოლში. ამ ღვთისმოშიშ, მორწმუნე და ენების საუცხოო მცოდნე კაცთან იზრდებოდა ალექსი შუშანია. ალექსის სიზმარში უთხრეს, სასულიერო პირი უნდა გახდეო. ეს გამოცხადება ბიძას გაანდო და მისი თანხმობით მონასტერში წავიდა. იყო სქემმონაზონი, ეწეოდა სალოსურ მოღვაწეობას. სოფელ მენჯში, მთავარანგელოზის მთაზე ააშენა მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა. დაკრძალულიც იქვეა. მის სანახავად მისულ ბიძაშვილებს - ფასტოს და აკეფსინას ისე მოეწონათ იქაური ცხოვრება, რომ სამუდამოდ დარჩნენ მონასტერში. მამა ალექსის გარდაცვალების შემდეგ მონასტერს ისინი განაგებდნენ. ორივე იქვე დაასაფლავეს. როდესაც ალექსი ბერი გარდაიცვალა, ფასტოს და აკეფსინას დედას შეეშინდა, კომუნისტებს მიცვალებული არ შეურაცხეყოთ, ამიტომ ის თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს. 40 წლის განმავლობაში ალექსი ბერის ლანდი დადიოდა მონასტერში. დებმა დიდი ძალისხმევით მოახერხეს ეკლესიის გადარჩენა. ერთხელ მონასტრის დასანგრევად მისული ბოლშევიკებისთვის ფასტოს უთქვამს: - ხომ ამბობთ, არ მოიპაროთ, არ იმრუშოთ, კაცი არ მოკლათო. ეკლესია სხვას რას ქადაგებს! არიგებს ადამიანებს, რომ ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, დაეხმარონ გაჭირვებულებს, არ იქურდონ, არავინ მოკლანო. ისეთი შთაგონებით ელაპარაკა, რომ ხელი ააღებინა თურმე ამ უკეთურ საქმეზე.
ფასტოს და აკეფსინას ძმა ონოფრე (ისიც სასულიერო პირი იყო) რომ გარდაიცვალა, დებმა მონასტერში დაკრძალეს. 60-იან წლებში მამა ალექსიც გადმოასვენეს თეკლათიდან. როდესაც საფლავი გახსნეს, ალექსი ბერის ნეშტი უხრწნელი დახვდათ. მამა ალექსის, დები შუშანიებისა და ონოფრეს საფლავზე პატარა ეკლესია დგას.
ახლა თეკლათის მონასტერში ჩემი ბიძაშვილები არიან. სენაკის ეპისკოპოსი მეუფე შიო (მუჯირი) დიდ ყურადღებას აქცევს მონასტერს. მეუფე შიოს ბებია ჟვანიას ქალი იყო.
ალექსი ბერი არ მახსოვს. მხოლოდ გადმოცემით ვიცი მის შესახებ. კარგად მახსოვს პაპიდები - ფასტო და აკეფსინა შუშანიები. ერთ დღეს თურმე ფასტო ბაზარში მიდიოდა. სამამულო ომი ახალი დამთავრებული ყოფილა. ბოშა ქალი გადაკიდებია - გიმკითხავებო. ცნობისმოყვარეები შემოხვევიან გარს. ფასტოს მათთვის მიუმართავს - ხომ მიცნობთ, ვინც ვარ, ახლა ვნახოთ, რას მეტყვის ეს მკითხავიო. ბოშას უთქვამს, - შვილი გყავს დაკარგული ჯარში. მალე ჩამოვა, ნუ იდარდებო. ფასტოს ხალხისთვის გადაუხედავს - ამის შემდეგ ამ მკითხავის უნდა დაიჯეროთო?
დედა და დეიდა სოფელ კვაუთში ცხოვრობდნენ და ხშირად დადიოდნენ მამიდებთან მონასტერში. ალბათ ცელქობდნენ კიდეც. ბავშვები თუკი რამეს დააშავებდნენ, ფასტო და აკეფსინა მათ ასე სჯიდნენ - მამა ალექსის პატარა ოთახში აჩოქებდნენ. ბერის ოთახში უბრალო ტახტი და ერთი სკამი იდგა. მამა ალექსის დიდი ხის ჯვარი ჰქონია. ზურგზე იდებდა ამ ჯვარს და ამით ატარებდა ლოცვებს. ის დღესაც ინახება მონასტერში. დედა და დეიდა თურმე ისეთ ადგილას იჩოქებდნენ, რომ ბერს დაენახა. მოკრავდა თუ არა დაჩოქილ გოგონებს თვალს, ადექითო, ანიშნებდა. მამა ალექსი ძალიან განათლებული, გულმოწყალე ადამიანი იყო. ფული სამ ქისაში ჰქონდა განაწილებული - ერთი მონასტერს უნდა მოხმარებოდა, მეორე - ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს, მესამე კი მასთან დახმარებისთვის მისულებს. მონასტერში, რომელიც თავისი შრომით ააგო, დღესაც არის შუშანიების სალარო.
- ქალბატონო დალი, რა დაგრჩათ ალექსი ბერისაგან?
- პირადად მე - არაფერი, მაგრამ მონასტერში ალექსი ბერის მიერ იერუსალიმიდან და საბერძნეთიდან ჩამოტანილი ხატებია, თუ არ ვცდები, შესამოსელიც ინახება. სხვათა შორის, ხალხმა სთხოვა ალექსი ბერს საქართველოს ეკლესიის მეთაურობა, მაგრამ უარი თქვა. უკვე ავად იყო. ხშირად ფეხშიშველი დადიოდა. იყო შეჭირვებულთა დამხმარე და უპატრონო მიცვალებულთა პატრონი. ერთხელ ამბავი მიუტანეს, სოფელში ოჯახისგან მიტოვებული დავრდომილი კაცი ცხოვრობსო. ნოქალაქევთან აბანოა. მოიკიდებდა ამ კაცს ზურგზე, წაიყვანდა, დაბანდა, აბაზანებს მიაღებინებდა და შინ დააბრუნებდა. ასეთი მცდელობით ავადმყოფი ფეხზე დააყენა...
მეუფე ლეონიდე (ჟვანია) მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მამა ჩხოროწყუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ჰყავდა. მისი თაოსნობით აშენდა იქ ხის ეკლესია. ჩხოროწყუში დააარსა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოძღვარი ხალხს ნივთიერადაც ეხმარებოდა. მამა თეოფანეს ჰყავდა ხუთი შვილი - სამი ვაჟი და ორი ქალი. ხუთივეს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული. ლეონიდემ ხარკოვის უნივერსიტეტი და სტავროპოლის სემინარია დაამთავრა. მამა თეოფანე ძალიან შრომისმოყვარე ყოფილა, შვილებსაც ამას აჩვევდა. სამივე ვაჟს ცისკრისას წაიყვანდა ყანაში და ხალხი რომ სათოხარში მიდიოდა, ისინი უკვე უკან ბრუნდებოდნენ. ჩხოროწყუში მათ ნამამულარს (მერე კომუნისტებმა ჩამოართვეს) ახლაც პაპას ჭალები ჰქვია. პაპა - მეგრულად ხომ მღვდელს ნიშნავს. საბჭოთა პერიოდში თეოფანეს ანაფორა ვერ გახადეს. მალულად მაინც ასრულებდა საეკლესიო რიტუალებს. 80 წლისა გარდაიცვალა.
მეუფე ლეონიდე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ასწავლიდა ღვთისმეტყველებას, მუშაობდა პროკურორად, მოსამართლედ, ადვოკატად. პენსიაზე გასვლის მერე ბერად აღიკვეცა. კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა 1958 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხა. მეუფე ლეონიდე 1964 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა. ანდერძისამებრ დაკრძალულია ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტრაპეზის წინ. ტაძრის ეზოში განისვენებენ მეუფე ლეონიდეს მეუღლე, ჩემი მეუღლე და ვაჟი.
მეუფე ლეონიდეს სოხუმში პანაშვიდი მაშინ ეპისკოპოსმა, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გადაუხადა. ჩემი მამამთილი ყოველთვის თბილად იხსენიებდა მას. მეუფე ლეონიდეს პირად არქივში ინახება ილია II-ის მილოცვები.
ძალიან ვუფრთხილდებით წინაპრების დანატოვარს. ჟვანიებს ურთიერთობა ჰქონდათ ასევე დადიანებთან. ახლაც ვინახავთ დავით დადიანის ნაჩუქარ სადილის ჭურჭელს. დაგვრჩა მეუფის წიგნები. მას ახლა მისი შვილიშვილი, მამა ზინობი იყენებს.
- ქალბატონო დალი, მკითხველს რას უსურვებთ?
- სიკეთეს, მიმტევებლობას, ღვთის სიყვარულს. გფარავდეთ ღვთისმშობელი.