წმინდა ანდრია მოციქული უფლის მითითებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოუგზავნია თავის წილხვედრ ქვეყანაში საქადაგებლად. უფლისავე ბრძანებით, ქალწულ მარიამს წმინდა ანდრიასთვის თავისივე ხელთუქმნელი ხატი გამოუტანებია, რომელიც ფიცარზე მისი პირის დადებით ასახულა. "და შენ წილ ხატი იგი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა", - უბრძანებია უფალს "აწყურისად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატზე, ზოგს რომ დაკარგული ჰგონია და სინამდვილეში ხელოვნების მუზეუმის ცხრაკლიტულშია გამოკეტილი.
ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, წმინდა ანდრია საქართველოში ორჯერ ყოფილა, სხვა წყაროების მიხედვით - სამჯერ. პირველი მოგზაურობისას მისულა ქალაქ ტრაპიზონში, რომელსაც "ქართლის ცხოვრება" "მეგრელთა ქვეყანას" უწოდებს. იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, დიდაჭარაში და ადგილობრივი მოსახლეობა მოუქცევია. იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული, სასწაულთმოქმედი წყარო აღმოცენდა. აქვე აუშენებია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დაუდგენია მღვდელნი და დიაკონნი. გამგზავრებისას, მათივე თხოვნით, იმავე ზომის ფიცარი დაუდვია წმინდა ხატზე და ზედ მეყსეულად გამოსახულა ღვთისმშობელი. ეს ხელთუქმნელი წმინდა ხატი დაუტოვებია აჭარლებისთვის.
მერე გადაუვლია მთა, რომელზეც რკინის ჯვარი აღუმართავს (შემდგომში ამ მთას "რკინის ჯვარი" ეწოდა), გადასულა ოძრახის ხევში, მისულა სამცხის საზღვრებზე. სოფელ ზადენ-გორაში წმინდა ანდრიას ლოცვით კერპები დამხობილან. იქიდან აწყურში (რომელსაც ადრე სოსანეთს ეძახდნენ) საკერპო ტაძრის გვერდით შეჩერებულა. აქ წმინდა ანდრიას ლოცვით სიცოცხლე დაბრუნებია ამ მხარის გამგებლის, ქვრივი სამძივარის ერთადერთ გარდაცვლილ ვაჟს. ამ ამბავმა მთელი სამცხე მოაქცია, შემუსრა კერპები, ააშენა ეკლესიები. მრევლი იმდენად გამრავლდა, რომ წმინდა ანდრიამ მათ ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მათივე თხოვნით და უფლის დედის ნებით, დაუტოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. წმინდა ანდრია იერუსალიმში დაბრუნებულა.
"მარტვილიის დღესასწაულის" მერე კვლავ შემოსულა საქართველოში, ოღონდ ამჯერად წმინდა სვიმონ კანანელთან და წმინდა მატათა მოციქულთან ერთად, მოუვლია "ტაოს კერძი ქვეყანა და ვიდრე მდინარე ჭოროხამდე", აქედან მოციქულები, შავი ზღვის გავლით, სვანეთში ასულან. აქაც ჩაუნერგავთ ახალი სარწმუნოება. იმავე წყაროს მიხედვით, წმინდა ანდრიას უქადაგია აფხაზეთში, მერმე ჯიქეთში; ჯიქებს ჯიქურად არ მიუღიათ მისი ქადაგება და კვალავ აფხაზეთში დაბრუნებულა, "კვალად განამტკიცა წმინდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითედ".
ბოლო ხანს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება სამეგრელოში წმინდა ანდრიას მოღვაწეობა.

6 მაისს (ახ. სტ.) გიორგობაა მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანოსთვის. წმინდა გიორგი მებრძოლი ქრისტიანობის სიმბოლოა. იგი უნახავთ თავიანთ გვერდით მეომარი როგორც ქართველებს, ისე სერბებს. დიახ, ცოცხალია ქრისტიანთა ღმერთი, ცოცხლები არიან ქრისტიანთა ღმერთის წმინდანები! ლუდიაში წმინდა გიორგის მარმარილოს სიმბოლური საფლავიდან უწყვეტად მოედინება მირონი და კიდევ ერთხელ განამხნევებს უფალ იესო ქრისტეს "მცირე სამწყსოს".
ამ გიორგობასაც გაივსება შესაწირი ცხვრებით და მოზვრებით ქართველთა სალოცავები, მაგრამ წმინდა გიორგის ხომ მათი არც ხორცი უნდა და არც სისხლი, მას ქართველთა ცოცხალი სარწმუნოება უნდა, უნდა, ივერიელებს უფალი და ერთმანეთი რომ უყვარდეთ. შემთხვევითი არც ის არის, რომ სწორედ მისმა ბიძაშვილმა, წმინდა ნინომ იქადაგა საქართველოში.
ვულოცავთ ყველა გეორგიანელს წმინდა გიორგის დღესასწაულს. მუდამ გვეწეოდეს წმინდა გიორგი ხილულსა და უხილავ მტერთან ბრძოლაში.

შემდგომში წმინდა ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდა ეფრემმა უდიდესი ამაგი დასდო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცებას. მანამდე მირონი ივერიაში ანტიოქიის ეკლესიიდან შემოჰქონდათ. მისი შემწეობით კი საქართველოს ეკლესიამ მირონის კურთხევის ნება მიიღო. მას შემდეგ ის მცხეთაში "იხარშება".
წმინდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ჰქონდა მადლი ჭვრეტისა, სასწაულთა ქმნისა და ნიჭი კურნებისა. წმინდა ეფრემი ღრმად მოხუცებული მიიცვალა და მის წმინდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალ სნეულებათაგან იკურნებოდნენ.

წმინდა ექვთიმე, ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საერო თუ საეკლესიო საქმეების გადაწყვეტაში. მას პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა იმერთა მეფე, წმინდა სოლომონ II.
მიტროპოლიტი ექვთიმე შარვაშიძე 1819 წლის იმერეთის საეკლესიო აჯანყების მთავარ მონაწილედ მიიჩნიეს, ვინაიდან იგი იმერეთში მეფობის კანდიდატად სოლომონ I-ის შვილიშვილს, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟს, თავად ივანე აბაშიძეს უჭერდა მხარს. ამავე აზრის ყოფილა წმინდა დოსითეოს ქუთათელი, ორივე მღვდელმთავარი უშიშრად აკურთხებდა ხალხს სამშობლოს თავისუფლებისთვის. ამიტომ 1820 წლის 4 მარტს წმინდა მღვდელმთავრები რუსებმა შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ტანსაცმლის შემოსვაც არ აცალეს და ცემა-ტყეპით რუსეთის გზას გაუყენეს. წმინდა დოსითეოსმა ვერ გაუძლო ტანჯვას, გზაში გარდაიცვალა. იგი ანანურის ეკლესიაში ჩუმად დაკრძალეს. მეუფე ექვთიმე, არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად, ქალაქ ნოვგოროდში ჩაიყვანეს. მისი ნახვის სურვილი გამოუთქვამს იმპერატორ ალექსანდრე პირველს და დიდი პატივით დახვედრია პეტერბურგში. მაგრამ მეუფე არ მორიდებია და იმპერატორი უმხილებია. "საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის მას ახალი ნერონი უწოდა", - ბრძანებს წმინდა ამბროსი (ხელაია). ეს ყოფილა მიზეზი მისი სვირის მონასტერში გაგზავნისა. იმავე წლის მაისში ცარსკოე სელოს სასახლის კარის ეკლესიის გუმბათში თავისით გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი მთლიანად დაიწვა. მეუფე ეფრემს დიდ პატივს მიაგებდა სვირის მონასტრის წინამძღვარი მამა თეოდორე, მის სულიერ ძალას გრძნობდა ყველა, ვინც მას ხვდებოდა.
წმინდა ექვთიმეს დიდხანს აღარ უცოცხლია, 1822 წლის აპრილში გარდაიცვალა. იგი იქვე, მონასტერში დაკრძალეს.
როგორც ვიცით, წმინდა ექვთიმესთან ერთად რუსეთში არქიმანდრიტი გრიგოლიც (ცქიტიშვილი) გადაასახლეს. წმინდა ექვთიმეს გარდაცვალებამდე სამი დღთ ადრე მას სიზმარში უნახავს მღვდელმთავარი, რომელსაც მისთვის უთქვამს: "ჰე, აღვყვავდი მე, ავღორძინდი მე, განვახლდი მე". ერთი გადმოცემით, მიტროპოლიტი ექვთიმე ღამით ბალიშებით დაახრჩვეს. "შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, მღვდელმთავარი ექვთიმე წარმოდგა თავის კუბოში და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომად ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით". ამ ამბის მრავალი მოწმე ყოფილა, მაგრამ ხმამაღლა განცხადება ვერ გაუბედავთ: "და დაიდუმნეს ესე შიშითა რუსთათა". წმინდა ექვთიმე წმინდა ალექსანდრე სვირელის მონასტრის საკურთხეველში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი ლოცულობდა და კურნებას მიიღებდა. დაიდუმეს კაცთა, მაგრამ "არ დაიდუმა" ღმერთმა. წმინდა ექვთიმეს ნეშტი 2005 წლის აპრილში ჩამოასვენეს საქართველოში და იმავე წლის 9 აპრილს გელათში დაკრძალეს. იმავე წლის 27 ივნისს კი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე) წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 22 აპრილი (4 მაისი) დაადგინა. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვა ქართველებს.
