წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
იგი იყო ბოლო ვალიელი მეფე, რომელიც მთელ ბრიტანეთს მართავდა.
ვალიის "მთავართა ქრონიკები" იწყება სწორედ ამ მეფის მართვის დასასრულიდან.
ვალიის სამეულებში იგი მოხსენიებულია "ბრიტანეთის კუნძულის სამ ოქროსფერ სარტყლიანთაგან", ანუ იმ სამი მეფიდან ერთ-ერთად, ვინც ატარებდა ოქროს სარტყლებს - უმაღლესი დროებითი ხელისუფლების ნიშნებს, რომლებიც ეკეთათ კისერზე, ხელებსა და მუხლებზე. სხვა სამეულში იგი მოხსენიებულია ბრიტანეთის სამი "კურთხეული" ან კანონიზებული მეფიდან ერთ-ერთად იმ დევნილი ქრისტიანებისთვის დაცვის გაწევის გამო, რომლებიც წარმართებისაგან იყვნენ გაძევებული.
თავისი მეომარი მამისაგან განსხვავებით, იგი იყო მშვიდობის და კეთილმსახურების კაცი და სრულყოფილად ასახიერებდა სამეფო ხელისუფლების იმ ბიბლიურ და მართლმადიდებლურ იდეალს, რომლის მიხედვით მეფე ღვთის და მისი ხალხის მსახურია.
დიდი ბედნიერება იყო, რომ ამ წმინდა მეფემ იმ კრიტიკული ისტორიული დროის განმავლობაში იმეფა. ეს მეფე დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესიას. განსაკუთრებით იგი კეთილგანწყობილი იყო კლინოგ ვაურის სააბატოს მიმართ.
664 წელს გავრცელდა შავი ჭირი, რომელმაც გაანადგურა ბრიტანეთი და ირლანდია, და რომლის დროსაც სავარაუდოდ გარდაიცვალა თავად წმინდანიც - მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა თავისი ქონება დაურიგა შავი ჭირის და წარმართული შემოჭრების მსხვერპლებს.
ზოგიერთი ცნობით, სიცოცხლის ბოლოს კადვალადრი მეფობიდან გადადგა და ეგლუის აილის მონასტერში დასახლდა და გარდაიცვალა რომში პილიგრიმობისას, სავარაუდოდ, შავი ჭირით. მისი სხეული სამშობლოში იქნა დაბრუნებული და დაკრძალული ამ მონასტერში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა ლლანგადვალადრი. შემდგომ კადვალადრი წმინდანად იქნა შერაცხილი. მისი დროშა წითელი დრაკონით გამოიყენა ჰენრიხ VII ტიუდორმა, რომელიც თავს გვინედის მეფეების პირდაპირ მემკვიდრედ თვლიდა. გალფრიდ მონმუტელი კადვალადრს უწოდებს ბრიტტების უკანასკნელ უზენაეს მეფეს.