წმ. ჰედა უინჩესტერელი (+ 705) - ხსენება 7 ივლისს.
წმ. ჰედა უინჩესტერელი (+ 705) - ხსენება 7 ივლისს.
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.

676 წელს წმინდა თეოდორემ ის ლონდონში აკურთხა უესექსის გაყოფილი ეპარქიის ეპისკოპოსად. მან თავისი კათედრა გადაიტანა დორჩესტერიდან, ოქსფორდთან ახლოს, უინჩესტერში, საუთჰემპტონთან მცხოვრები საქსების გამო, რომლებიც უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე თემზის ხეობის მცხოვრებნი.

ჰედა მართავდა ეპარქიას დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც მოიცავდა მეფეების სენტვინის, წმინდა კედვალას და აინას მმართველობის პერიოდს. თუმცა, მისი საეპისკოპოსო მსახურების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ მან ქალაქში გადაიტანა თავისი წინამორბედის, წმინდა ბირინის ნაწილები და მოათავსა ისინი წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ტაძარში.

ის იყო მალმსბერის კეთილმოწყობის ინიციატორი და მეფე აინას მთავარი მრჩეველი, რომელიც მადლიერი იყო ჰედას თავისი კანონების ჩამოყალიბებისთვის. შესაძლოა, მან ასევე დააარსა ან აღადგინა ცნობილი მონასტერი გლასტონბერიში; უილიამ მალმსბერიელის ცნობით, ამ მონასტერში იდგა ქვის პირამიდა ჰედასადმი მიძღვნილი წარწერით.

ცნობილია, რომ ის დიდად პატივცემული იყო თანამედროვეთა მიერ.

მის საფლავზე მრავალი განკურნება მოხდა; სხვა განკურნებები მოხდა საფლავიდან აღებული მტვრის წყალთან შერევით. წმინდა ჰედას ნაწილები დღემდე განისვენებს უინჩესტერის საკათედრო ტაძარში. მისი სახელი რომის მარტიროლოგში შეიტანა ბარონიუსმა XVI საუკუნეში, თუმცა იმ დროისთვის მისი დღესასწაული აღინიშნებოდა კროულენდის მონასტერში და უესექსის მონასტრებში.

ჰედას ჩვეულებრივ გამოსახავენ წმინდა გუტლაკ კროულენდელის ხელდასხმისას.

ბეჭდვა
1კ1