წმინდა ედბერტ ლინდისფარნელი (+698) – 06 (19) მაისი
წმინდა ედბერტ ლინდისფარნელი (+698) – 06 (19) მაისი
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი (ბერძნ., კელტ. და ბრიტ., რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ); ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)

წმინდა ედბერტი გახდა ლინდისფარნის ეპისკოპოსი 687 წელს წმინდა კუტბერტის გარდაცვალების შემდეგ. ბედა პატივცემული წერს ედბერტზე როგორც კაცზე, რომელმაც კარგად იცოდა წმინდა წერილი და იცავდა უფლის მცნებებს, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მის გულუხვობას.

წმინდა ბედა გვაუწყებს, რომ ედბერტი ყოველ წელს, "ძველი აღთქმის მითითების მიხედვით, თავისი საქონლის, მარცვლეულის, ხილის და ტანსაცმლის მეათედს ღარიბებს აძლევდა".

წმინდა კუტბერტის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ მისი კუბო გაიხსნა, სხეული აღმოჩნდა უხრწნელი და სახსრებში მოქნილი (დამყოლი), ხოლო სამოსელი - ახალი და ნათელი. ედბერტი ემთხვია სამოსელს, რომელიც წმინდანის სხეულს ფარავდა, შემდეგ სთხოვა ჩაეცვათ მისთვის ახალი სამოსელი და დაესვენებინათ ახალ კუბოში. ეს კუბო, მისი სიტყვებით, უნდა გამხდარიყო თაყვანისცემის ადგილი. მან ასევე დაიბარა დაეტოვებინათ ადგილი მის ქვეშ საკუთარი საფლავისთვის, რომელსაც მოკლე დროში დაიკავებდა.

ედბერტი ბაძავდა თავის მასწავლებელს კეთილშობილ საქმეებში, წელიწადში ორჯერ - დიდი მარხვის წინ და შობის წინ - ორმოც დღეს ატარებდა განმარტოებულ ლოცვაში პატარა კუნძულზე და აშენებდა მშვენიერ ტაძრებს ღვთის სადიდებლად. მან დაადგა ლითონის გუმბათი ხის ეკლესიას, რომელიც წმინდა ფინანმა ააშენა ლინდისფარნზე და აკურთხა წმინდა პეტრეს სახელზე.

წმინდა ედბერტისა და კუტბერტის ნაწილები ინახება დარემის საკათედრო ტაძარში, სადაც ისინი გადაიტანეს 875 წელს მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში მალავდნენ ნორმანელი მძარცველებისგან.

ბეჭდვა
1კ1