დაე, შეხედონ და შეინანონო
დაე, შეხედონ და შეინანონო
ონისიფორე მღვიმელის სულიერი შვილი, ბერი, ცდილობდა, მისთვის "მიებაძა". ხალხს მმარხველად ეჩვენებოდა, დაფარულად კი ჭამდა, სვამდა და ხორცითაც სცოდავდა. მამა ონისიფორე დაფარულთმცოდნელი კი იყო, მაგრამ სულიერი შვილის ფარისევლობა ღმერთმა დაუფარა. ერთხელაც უფალმა ინება ამ საიდუმლოს გამჟღავნება: ფარისეველი ბერი უეცრად გარდაიცვალა და მაშინვე გახრწნა დაიწყო, ისეთი სუნი დატრიალდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი. წესის აგებისას მის კუბოსთან ხმები ისმოდა, თითქოს ვიღაცას სცემენო. მაშინ კი გამოეცხადა წმინდა ონისიფორეს წმინდა ანტონ მღვიმელი (რომლის უხრწნელი სხეულიც კიევის მღვიმის მონასტერშია დასვენებული) და მკაცრად უთხრა: - რად დაასვენე აქ ასეთი მყრალი უსჯულო? გაიტანე გარეთ და ძაღლებს მიუგდე, მაგის ადგილი აქ არ არისო. დაღონდა ღირსი მამა, ნეტავ რად არ გამიმხილა ღმერთმა საიდუმლოო. მაშინ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ შემდგომში გაემჟღავნებინა ეს საიდუმლო ყველა იმ ცოდვის მქნელისთვის, რომელნიც არ ინანიებენ, დაე, შეხედონ და შეინანონო.

ბეჭდვა
1კ1