19 ივნისი უდიდესი ეგვიპტელი მეუდაბნოე მამის - ღირსი ბესარიონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეა.
ღირსი ბესარიონ საკვირველმოქმედის ცხოვრება ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვენში სინდისი გამოაღვიძოს, გამოგვიყვანოს მომხიბვლელობის დამღუპველი თვითკმაყოფილებისაგან და დაგვანახოს: ჩვენი მოჩვენებითი სიკეთეები არაფერია ასეთი დიდი მამების ღვთისვსათნო ცხოვრებასთან შედარებით.
ღირსი ბესარიონი ეგვიპტეში დაიბადა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, მაგრამ სიყრმიდან მიდრეკილი იყო არა ამა სოფლის ტრფიალისადმი და ამაოებისადმი, არამედ საღვთო სიბრძნისადმი, ჭაბუკობიდან ჰქონდა ღვთისადმი სწრაფვა და მისი შეცნობის სურვილი.
სწორედ ასეთი სულიერი მიდრეკილებების გამო ჭაბუკ ბესარიონს გაუჩნდა სურვილი, რომ წმინდა მიწა მოელოცა. მან მოილოცა, მოინახულა უამრივი კინოვია, ლავრა, უდაბნო, მონასტერი, და ბევრი წმინდა და ღმერთშემოსილი მამა. თუმცა მიმოივლიდა არა განცხრომითა და ფუფუნებით, არამედ ფეხითა და დამაშვრალობით. განსაკუთრებული სულიერი სარგებლობა მოიღო ისეთი სულიერი მამისგან, როგორიც იყო გერასიმე იორდანელი, რომელსაც იორდანიის სანახებში მოღვაწეობისას უდაბნოში ლომი მსახურებდა.
ღირსმა ბესარიონმა ბევრი წმინდა და ღმერთშემოსილი მამა ინახულა და კიდევ უფრო გაუმძაფრდა სურვილი დაეტევებინა ამა სოფლის ამაოება.
აქ შეიძლება გავავლოთ პარალელი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედთან, რომელიც სიყრმიდანვე ასევე იყო დიდად მოკრძალებული ადამიანი, კდემამოსილი, არა თუ არ საუბრობდა დედაკაცის მოდგმასთან, არამედ არც არასდროს შეუხედავს სახეში და ამას იქმოდა სიყრმიდან და სიჭაბუკიდან, სწორედ ამასვე იქმოდა წმინდა ბესარიონიც სიყრმიდანვე. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ნამდვილად ღვთისგან იყო რჩეული.
ბესარიონ საკვირველმოქმედი წმინდა მიწიდან მშვიდობითა და მადლით აღვსილი დაბრუნდა და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ შეაჩია მოძღვარი ღმრთივ განბრძნობილი წმინდა ისიდორე პელუზიელი. ღირსმა ბესარიონმა იცოდა, რომ ნაბისმიერ მოძღვარს არ შეიძლება ანდო სული.
ისიდორე პელუზიელის სულიერი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო წარემატა სულიერ ცხოვრებაში ბესარიონი, მის სულს სწყუროდა დაეტოვებინა ეს სოფელი, მაგრამ მშობლების პატივისცემის გამო კვლავ რჩებოდა ერში. ღმერთმა თავის დროზე გაიყვანა ამა სოფლიდან მშვიდობით ბესარიონის დედ-მამა. მან მიაბარა მიწას ქრისტიანული ღირსებით მშობლები, ქონება გლახაკებსა და მონასტრებს დაურიგა და მონოზვნად აღიკვეცა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მიაშურა ერთ ყრუ უდაბნოს და დაეყუდა, გასაოცარ ღვაწლს მიჰყო ხელი, კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს, არცთუ იშვიათად მთელი ორმოცი დღე საერთოდ არ იკვებებოდა. ერთხელაც საოცარი ღვაწლი იტვირთა - მოძებნა უდაბნოში ეკლოვანი ადგილი, დადგა ხელაპყრობილი და დაიწყო ლოცვა. მთელი ორმოცი დღე ნათლის სვეტივით იდგა ბესარიონ საკვირველმოქმედი უდაბნოში, ხელი არ ჩამოუშვია, თვალი არ მოუხუჭავს, ხმა არავისთვის გაუცია, შეერთებული იყო ღმერთთან - ლოცვად იდგა.
სწორედ ამ გასაოცარი ღვაწლის გამო მან მიიღო მადლი საკვირველმოქმედებისა. ერთხელ იგი თავის სულიერ შვილთან ერთად ზღვის პირა უდაბნოში მიდიოდა, სულიერი შვილი უწყლობის გამო აგონიაში ჩავარდა. ღირსი ბესარიონი თავმდაბლობის გამო არ აჩენდა თავის ნიჭს, მაგრამ სულიერი შვილის -დულას მამობრივი სიყვარულის გამო შებრუნდა ზღვისკენ, ილოცა, ზღვას ჯვარი გადასახა, ჭურჭელი ზღვის წყლით აუვსო და მიაწოდა. "ასეთი გრილი და გემრიელი წყალი არასოდეს დამილევიაო" - თქვა დულამ. დულამ, წყურვილი რომ მოიკლა, ხელახლა იწყო ჭურჭლის ავსება. "რას შვრებიო" - ჰკითხა ბესარიონმა. "კიდევ რომ მოგვწყურდეს გზად, მინდა წამოვიღო წყალიო" - უპასუხა დულამ. ჩემო კარგო, ნუთუ ღმერთი, რომელმაც აქ მოიღო სასწაული, სადაც მივალთ იქ არ დაგვხვდებაო?" - მიუგო ღირსმა ბესარიონმა.
ღირსი ბესარიონის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სასწაული იყო ის, რომ მან მზე შეაჩერა. ერთხელ წმინდა ბესარიონს შუაღამიანის ლოცვაში ღმერთმა გამოუცხადა, რომ მეზობელ უდაბნოში ერთი ღირსი მამა მძიმედ იყო დასნეულებული და არავინ ყავდა ნუგეშისმცემელი და მიმხედველი და უბრძანა რომ ამდგარიყო და წასულიყო. თენდებოდა, მზე ამოიწვერა , საკმაოდ დიდხანს იარა, მზემ დასვლა იწყო, მალე დაბნელდებოდა, წმინდა ბესარიონი შებრუნდა აღმოსავლეთისკენ, განართხა ხელები და ღმერთს მიმართა წმინდა კადნიერებით: " უაფალო ღმერთო, რომელმან შექმენ მზე, მთოვარე და ვარსკვლავები, უბრძანე მზეს, რომ შეჩერდეს, ვიდრე ჩემი ძმის სენაკს არ მივაღწევო" გადასახა მზეს ჯვარი და მზე გაჩერდა. ასეთი სასწაული ისუ ნავეს ძემ ჩაიდინა მხოლოდ და მეორე - ბესარიონ სასწაულმოქმედმა.
ბესარიონა მიაგნო სენაკს და მზეც ჩავიდა. ასეთი სასწაულის ჩადენის საფუძველი მხოლოდ სიყვარული და მორჩილებაა.
წმინდა ბესარიონს ხშირად მოძებნიდნენ ხოლმე გლეხები გვალვების დროს და მას შეეძლო დამალტობელი წვიმა მოეყვანა ლოცვით.
გავიხსენოთ კიდევ ერთი შემთხვევა მონასტერში, სადაც ღირსი ბესარიონი საზიარებლად მიდიოდა ხოლმე. წირვა დაიწყო, მონასტრის იღუმენმა დაინახა, რომ ერთ-ერთი მორჩილი, რომელიც ცოდვით დაეცა და რომელმაც მასთან თქვა აღსარება, კათაკმევლის ლიტურგიის შემდეგერ ტაძარში დარჩა და მართალთა ლიტურგიას დაესწრო. იღუმენმა ხმამაღლა ამხილა მორჩილი და ყველას გასაგონად მიმართა: "ეი, შენ, ცოდვილო, ადექი და გადი ტაძრიდან!" ბესარიონს, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები არ ეხებოდა, მაგრამ ისიც ადგა და თავჩაღუნულ ტაძრიდან გასულ მორჩილს უკან გაჰყვა, "მამაო, თქვენ არ გეხებათ, თქვენ დარჩითო" - მიმართა იღუმენმა, მეც ცოდვილი ვარო - უპასუხა ღირსმა ბესარიონმა. ამით ამხილა მონასტრის საძმო და ნუგეში სცა სინანულში მორჩილს.
შეგეწიოთ ღირსი ბესარიონ ეგვიპტელის ლოცვის მადლი!
ამონარიდები დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგებიდან
სრულად იხილეთ ვიდეო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი