მამა ფილარეტის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ წიგნში, "ნათელმხილველი ნეტარი დედები" ქსენია პეტერბურგელის ცხოვრების შესახებ ვკითხულობთ: მე-18 საუკუნეში პეტერბურგში ცხოვრობდა კეთილშობილი გვარეულობის მანდილოსანი, სახელად ქსენია გრიგორიევნა, თავის მეუღლესთან, პოლკოვნიკ ანდრეი ფეოდოროვიჩ პეტროვთან ერთად, რომელიც იმავე დროს კარის ეკლესიის მგალობელიც იყო. სამ წელიწადნახევარი გაატარეს ერთად. შვილები არ მიეცათ, მაგრამ იმდენად იდეალური ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ. ქსენია გრიგორიევნას თავდავიწყებით უყვარდა თავისი მეუღლე!
ქმრის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. ერთხელაც, ღამით, გონება დაკარგა და მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ანდეი ფეოდოროვიჩი გამოფხილდა და სრულ გონებაზე მყოფმა მღვდლის მოყვანა ითხოვა-აღსარება თქვა, ეზიარა, მეუღლეს უხმო და ლოცვა-კურთხევა დაუტოვა:-ღმერთს ემსახურე და განადიდე სახელი მისი! იმ დღიდან ქსენია იქცა სულიწმინდის მადლით მოსულ უფლის მხევლად-სალოს ქსენიად.
მეუღლის გარდაცვალების მეორე დღეს ქსენია ვეღარავინ იცნო-იგი მობერდა და გაჭაღარავდა, ორმოცდაათი წლის ასაკოვან ქალს დაემსგავსა:-ანდეი ფეოდოროვიჩი არ მომკვდარა!-განუცხადა მან მოულოდნელად გარშემო მყოფთ-ეს, ქსენია გრიგორიევნა გარდაიცვალა, ხოლო ანდრეი ფეოდოროვიჩი თქვენს წინაშეა, იგი ცოცხალია და კიდევ დიდხანს იცოცხლებს!
მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ქსენიამ გაყიდა სახლ-კარი, ფული ეკლესიაში მიიტანა, ხოლო სხვა ქონება გააჩუქა.
ქსენიას სალოსური ცხოვრების პირველივე წლებიდან გასაგები გახდა, რომ მას ჰქონდა ადამიანთა ბედისა და მათი აზრების ამოცნობის, წინათგანჭვრეტის იშვიათი უნარი.

გამოხდა ხანი და თავადაც მიიცვალა ნეტარი ქსენია, მაგრამ იგი გარდაცვალების შემდეგაც აღასრულებდა სასწაულებს-უამრავი მომლოცველი მიდიოდა მის ძვალთშესალაგთან პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე, განსაკუთრებით ქსენია პეტერბურგელის გარდაცვალების დღეს-24 იანვარს, თავს იყრიდა 5000 კაცამდე და ასამდე პანაშვიდი იხდებოდა.
შეგვეწიოს ნეტარი ქსენიას მადლი!