წმინდა დიდმოწამე მარინე
მარინე ჯერ კიდევ ჩვილი იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მამამ ობოლი გოგონა მახლობელ სოფელში მცხოვრებ ძიძას მიანდო. ბავშვი სოფლის მყუდროებაში გაიზარდა, ლამაზი გოგონა დადგა და სულიც მშვენიერი ჰქონდა.წმინდა დიდმოწამე მარინე მცირე აზიაში, პისიდიის ქალაქ ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის, ედესიოსის ოჯახში დაიბადა.
III-IV სს მიჯნაზე იმპერატორი დიოკლეტიანე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს მრავალი წარმართის მოქცევა. მარინე ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა.
ერთხელ თორმეტი წლის მარინე ერთ ქრისტიანთან - ღვთის კაცთან საუბარს შეჰყვა. მისგან უფალ იესო ქრისტეს შესახებ შეიტყო და სუფთა გულმა მაშინვე შეიგრძნო ჭეშმარიტი რწმენა: უფალი მთელი გულით შეიყვარა. ამის შემდეგ მარინე საშინელი დევნის პირობებში მაცხოვრის შესახებ უშიშრად ქადაგებდა და მისთვის ვნება, სისხლის დაღვრა სწყუროდა. უნდოდა მონათლულიყო, მაგრამ სოფელში ქრისტიანი მღვდელი არ იყო. მას გაგონილი ჰქონდა, რომ უფლის აღიარებისთვის სიკვდილი ნათლობის ტოლფასია და სისხლით ნათლობა სწყუროდა.
როდესაც მამამ გაიგო ქალიშვილის გაქრისტიანების ამბავი, შეიძულა და თავის შვილად აღარ თვლიდა. მარინემ მთელი სასოება ზეციურ მამაზე დაამყარა.
მშვენიერი მარინეს შეხვედრა ეპარქ ოლიმბრისთან
ერთხელ, თხუთმეტი წლის პირმშვენიერ მარინეს შემთხვევით თვალი მოჰკრა აღმოსავლეთის ქვეყნების ეპარქმა - ოლიმბრიმ, რომელიც ანტიოქიაში მიემართებოდა მართლმორწმუნეთა დასასჯელად. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ბრძანა მისი შეპყრობა და თანმხლებთ უთხრა: "უკუეთუ აზნაურ იყოს, ვიპყრა იგი ჩემდა ცოლად და უკუეთუ მხევალი იყოს, მივსცე სასყიდელი, და იყოს იგი ჩემდა ხარჭად". მთავარმა მოაყვანინა ქალწული, წარმომავლობა და სახელი ჰკითხა. მარინემ მშვიდად უპასუხა, ვისი შვილიც იყო, რა ერქვა, და მოკრძალებულად დასძინა, რომ ქრისტიანი იყო. ეპარქმა მეომრებს მისი ქალაქს წაყვანა უბრძანა. გზაში მარინე სასოებით ლოცულობდა და შეწევნასა და სიბრძნეს შესთხოვდა უფალს. ანტიოქიაში შესვლისთანავე ეპარქმა მსხვერპლი შესწირა თავის ღმერთებს და სადაც კი ქრისტიანებს წააწყდა, შეიპყრო და ციხეში ჩაყარა.წამება ქრისტეს უარსაყოფად
წმინდა მარინემ უყოყმანოდ უარყო მაცდური წინადადება და თქვა: მე მისწავლია ყოვლადწმინდა სამების, ცხოველი და ჭეშმარიტი ღმერთის აღიარება, ვიცი, რომ მას უნდა ვცემდეთ თაყვანს და მას, ერთადერთს ვწირავდეთ ქების მსხვერპლს. მე არ ვცემ თაყვანს ღმერთებს, რომელთაც არ ვიცნობ და არც მსხვერპლს შევწირავ მათ: ისინი უსულონი და უგრძნობელნი არიან და ისიც არ ესმით, თაყვანს სცემენ მათ თუ შეურაცხყოფენ. მე არ მივაგებ კერპებს იმ პატივს, რაც ჩემს შემოქმედს შეეფერება. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავ სასიძოს, ზეციურ მეუფეს, იესო ქრისტეს მივატოვებ და სულით მკვდარს გავყვები ცოლად? არასოდეს.
მიხვდა მმართველი, რომ იგი იესო ქრისტეზე უარს არასოდეს იტყოდა, ყმაწვილი ქრისტიანისადმი მისი სიბრალული უცებ გაქრა და საშინელი წამება დაუწყო. მარინეს წკეპლით ისე სცემდნენ, რომ ღრმა ჭრილობებიდან სისხლი ნაკადულებად სდიოდა. ხალხი სიბრალულით უყურებდა მოწამეს და ტიროდა.
გამძვინვარებულმა მმართველმა უზარმაზარი ლურსმნებით მისი ბოძზე მიჭედება და რკინის კაუჭებით სხეულის დაფლეთა ბრძანა. სხეულის ნაჭრები მიწაზე ცვიოდა და შიშველი ძვლები ჩანდა. უმოწყალო ეპარქმაც კი თვალებზე ხელები აიფარა და შებრუნდა. ამ საშინელ სისხლიან სანახაობას მანაც ვერ გაუძლო.
ბოროტისაგან გამოცდა და სასწაული საპყრობილეში
ამ წამების შემდეგ ბრძანა, მარინე ღრმა და ბნელ საპყრობილეში ჩაეგდოთ.და აი, მიწისქვეშეთში, სადაც მზის ერთი სხივიც კი არ აღწევდა, დიდმოწამე მარტო დარჩა.
"განმიახლე სული, - ლოცულობდა ნატანჯი და წამებისაგან ღონემიხდილი მარინე, - აღადგინე ჩემი დაფლეთილი სხეული!"
ბნელი ღამე იყო, ეშმაკი ქრისტეს მოწამის დაშინებას შეუდგა, მიწისქვეშა დარტყმები გაისმა, საპყრობილის კედლები შეზანზარდა და ნისლიანი სინათლე გამოჩნდა ცეცხლის კვამლივით და ამ ბნელ ალში ჯოჯოხეთის გველი წარმოუდგა. მის საშინელ, საზიზღარ სხეულს სხვადასხვა ქვეწარმავალი ეხვეოდა. გველს ხახა ჰქონდა დაღებული, იქიდან სიმყრალე ამოსდიოდა. ხახადაღებული მიიწევდა და მზად იყო გოგონა გადაეყლაპა. უეცრად მარინემ იგრძნო, რომ თავი უკვე ამ აყროლებულ ხახაში ჰქონდა მოქცეული. მთელი ძალები მოიკრიბა, ღმერთს შეჰღაღადა, ჯვარი გამოისახა, უეცრად გველის შიგნეული მის თვალწინ გასკდა და მარინე გათავისუფლდა. მიწა გაიპო და გველი მთელი თავისი ქვეწარმავლებით ჯურღმულში ჩაიკარგა, დიდმოწამე კი ზეციური ნათლით გაბრწყინდა.
ღვთისადმი, თავისი მხსნელისადმი მადლიერებით სავსე მარინემ ზევით აიხედა. ცაზე მბრწყინავი ოქროს ჯვარი დაინახა. ჯვრის თავზე თოვლივით თეთრი მტრედი იჯდა.
"გიხაროდენ, მარინე, მტრედო ქრისტესო! შენ ბოროტ მტერს სძლიე, გიხაროდენ და ილხენდი, ასულო ზეციური სიონისაო! შენი ლხენის დღე დადგა: ბრძენ ქალწულებთან ერთად იესო ქრისტეს ზეციურ პალატებში შეხვალ".
ასე მშვენივრად ესაუბრებოდა ზეციური მტრედი ქრისტეს მტრედს.
მარინეს გული გამოუთქმელმა სიხარულმა აავსო და ამ სიხარულში უეცრად იგრძნო, რომ მის თავს სასწაული ხდებოდა. დაფლეთილი სხეული ერთ წამში გაუმრთელდა, ისევ ჯანმრთელი და ლამაზი გახდა. უფლისადმი სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსემ მხურვალე ლოცვა დაიწყო. ღამე შეუმჩნევლად მიილია და გათენდა.
წმინდა მარინეს მოწამებრივი აღსასრული
"ჰოი, მარინე! - წამოიძახა ეპარქმა, - როგორ ზრუნავენ შენზე ჩვენი ღმერთები: მადლობა გადაუხადე მათ და მსხვერპლი შესწირე!"
"მე ჩემმა უფალმა გამამრთელა", - უპასუხა დიდმოწამემ.
გამძვინვარებულმა ეპარქმა ბრძანა ანთებული სანთლების კონა მოეტანათ და მარინეს იმით შიშველ სხეულს უწვავდნენ. წმინდანი მდუმარედ ითმენდა და სულით ღვთისაკენ იყო მიმართული. მთლად შეიტრუსა, გაშავდა, მაგრამ საშინელ ტკივილს მამაცურად იტანდა. თვითონ ეპარქმაც კი ვერ აიტანა წამების საშინელება და ხელები აიფარა სახეზე. როდესაც ცოცხალ-მკვდარი მარინე ხიდან ჩამოხსნეს, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს: უფალო, რადგან ღირსი გამხადე შენი სახელისათვის ცეცხლში გამევლო, ახლა წმინდა ნათლისღების წყალიც მაღირსე და ცოდვებისაგან განწმენდილი შენს განსასვენებელში შემიყვანეო. მტარვალმა მოისმინა, რომ მარინემ წყალი ახსენა, მყის ბრძანა მოეტანათ წყლით სავსე უზარმაზარი კასრი და ხელფეხშეკრული მარინე შიგ დაეხრჩოთ. უფლის მიერ განმტკიცებული ქალწული კი უფალს შესთხოვდა, რომ ეს სასჯელი ნათლისღებად ჩაეთვალა. მსახურებმა იგი კასრში ჩააგდეს და მის დახრჩობას შეეცადნენ. უეცრად მიწა იძრა და თოკები, რომლითაც მარინე იყო შეკრული, დაწყდა, ხოლო შეძრწუნებული მსახურები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. წმინდანის თავზე არაამქვეყნიური ნათლის სხივები გამობრწყინდა და კვლავ გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი ეჭირა. იგი წმინდანის თავზე ლივლივებდა, ნელა ეხებოდა მას და კვლავ მაღლა მიფრინავდა. ხალხში ბევრი ფარული ქრისტიანი იყო და ისინიც გახდნენ ამ გამოცხადების ღირსნი. მარინე ღრმა წყალში იდგა, მაგრამ არ იძირებოდა, გალობდა, აკურთხებდა ყოვლადწმიდა სამების დიად სახელს: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. უცებ წმინდანის თავზე ზეცამდე ასული ცეცხლოვანი სვეტი გამოჩნდა. მის თავზე გამჭვირვალე, ბროლივით ჯვარი ბრწყინავდა. მაღლა აფრენილი მტრედი ამ ჯვარზე დაეშვა და გაისმა ხმა, რომელიც ყველამ გაიგონა:
"მშვიდობა შენდა, მარინე! უფლის ხელიდან მიიღე უჭკნობი გვირგვინი და ცათა სასუფეველში განისვენე!"
ყველამ დაინახა წყლიდან ამოსული მარინე, საშინელი დამწვრობებისაგან გამრთელებული და არამიწიერი სილამაზით გაბრწყინებული. მრავალმა მაშინვე იწამა ქრისტე და მზად იყო მისთვის სიკვდილი დაეთმინა. ეპარქი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. იმ დღეს 15.000 წარმართმა სისხლით იღო ნათელი და მოწამეთა დასს შეუერთდა.
შემდეგ მარინესაც მიუსაჯეს თავის მოკვეთა. სასჯელის წინ დიდმოწამე დიდხანს ლოცულობდა ყველასათვის. უცებ მიწა იძრა, ხალხი შეძრწუნდა. შეშინებული ჯალათი მიწაზე დაეცა. თვით უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ზეციდან თავის მოწამესთან, თავის საუკუნო განსასვენებელში მოუხმო და ხელები გაუწოდა, რათა მიეღო მისი მშვენიერი სული.
აუწერელი სიხარულით აღვსილმა მარინემ ჯალათი წამოაყენა, ევედრებოდა, სწრაფად დაესრულებინა სიკვდილით დასჯა და მახვილს თავი მშვიდად შეუშვირა. ასე დაასრულა თავისი მოწამებრივი ღვაწლი წმინდა დიდმოწამე მარინემ.
წმინდა დიდმოწამე მარინეს მარტვილობა აღწერა მისმა აღმზრდელმა თეოტიმმა, რომელიც ყველა ამ ვნებას დაესწრო და მოწამისათვის მოვლენილი ჩვენებების ღირსიც გახდა. ეკლესიამ ქალწულმოწამე მარინე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 17 ივლისი (ახ. 30 ივლისი) დაადგინა.
წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები
წმინდა მარინეს უხრწნელი ნაწილები 908 წლამდე ანტიოქიაში ესვენა, ამის შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა, სანამ 1204 წ. ქალაქს ჯვაროსნები აიღებდნენ. შემდეგ მისი ნაწილები დასავლეთში გადააბრძანეს და იტალიაში, მონტეფიასკოში (ტოსკანა) დაასვენეს. დასავლეთის ეკლესია წმინდა მარინეს წმინდა მარგარიტას სახელით მოიხსენიებს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება დიდმოწამის პატიოსანი მკლავი, მეორე მკლავი კი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში (უსამკაულოდ, აკლია ცერი და საჩვენებელი თითის სახსარი). როგორც სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, წმინდა მარინეს მკლავი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კვართთან და სხვა სიწმიდეებთან ერთად მუზეუმში, ხობის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტრიდან (XII ს.) გადაუტანიათ. თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე ძამპი საქართველოდან რომში გაგზავნილ მოხსენებაში აღწერს ხობში დაცულ სიწმიდეებს: "აქვე ვნახე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოქროს ლუსკუმაში გამხმარი... წმინდა მარინეს მკლავი".წმინდა მარინეს მკლავი
როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონიათ დიდმოწამე მარინესი და მრავალი ეკლესიაც აუგიათ მის სახელზე: კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმინდა მარინეს ეკლესია. 2009 წლის თებერვლის დასაწყისში გურჯაანის რაიონის, სოფელ ვაჩნაძიანის წმინდა მარინეს ეკლესიაში, სადაც კედელში ჩატანებული მოწამის ძვლები აღმოჩნდა, ფოტოკამერამ ზეაპყრობილი ხელი დააფიქსირა. წმინდა მარინეს ძვლების ფრაგმენტები პირველად აღმოჩნდა ვეჯინის ღვთაების ეკლესიაში (XIV-XVსს.) მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს...