დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
ლამაზი ყმაწვილი მოიტაცა აღა ფრუსალისმა, ისლამზე მოაქცია, სახელად მეჰმეტი დაარქვა და შემდგომში თავის ქალიშვილზე დააქორწინა.
როდესაც გიორგიმ ერთი ქრისტიანი ქალისგან, სახელად მარიამისგან, შეიტყო თავისი წარმომავლობის შესახებ, მექაში ჰაჯის შესრულების საბაბით დატოვა აღას სახლი და წმინდა ადგილებში სალოცავად გაემგზავრა. ორი წელი დაჰყო წმინდა მიწაზე, შემდეგ დაბრუნდა მცირე აზიაში და დასახლდა ქალაქ კრინიში (ამჟამად ჩეშმე, თურქეთი), სადაც ყავახანა გახსნა. მალე დაქორწინდა ქრისტიან ქალზე, სახელად ელენე მავროიანიზე.
საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ქალაქზე გადიოდნენ თურქული ჯარები, რომლებიც კუნძულ ხიოსზე გადასასვლელად მიემართებოდნენ. ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მისი ყოფილი სიმამრი, ატალიის ფაშა. მან იცნო გიორგი და ბრძანა მისი შეპყრობა. გიორგიმ თამამად აღიარა რწმენა ქრისტეს მიმართ. ფრუსალისი არწმუნებდა მას ოჯახში დაბრუნებულიყო, სიმდიდრესა და პატივს ჰპირდებოდა. შემდეგ თურქებმა ახალმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სცემეს, ფეხები მძიმე ბორკილებით შეუბორკეს და თავზე გავარვარებული სპილენძის ქვაბი დაადგეს. წმინდა გიორგი ჩამოხრჩობით დასაჯეს, ხოლო მისი სხეული ზღვაში გადააგდეს. ავსტრიული გემის კაპიტანმა ილია სკლავუნოსმა ამოიღო მოწამის ნაწილები, რუსეთში წაიღო და იქ დაკრძალა.
გადმოცემა ახალმოწამის შესახებ გადმოსცა ბერმა გელასი ლავრიოტმა ჩეშმედან მოხუც სინესი სიმონოპეტრიტს, რომელმაც თავის მხრივ აცნობა ბერ გერასიმე მიკრაიანანიტს. ამ ცნობებზე დაყრდნობით ბერმა გერასიმემ გადმოსცა წმ. გიორგის ცხოვრება და ის პირველად გამოქვეყნდა "დიდ სინაქსარისტში", რომელიც შეადგინა კათიღუმენმა ვ. მათეუმ. მანვე დაწერა ტროპარი, კონდაკი და მეგალინარიონი ახალმოწამისადმი.