ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
სენატორთა წრიდან და კეთლზნეობრივი ცხოვრებით ბრწყინავდა.
ერთხელ სებასტიის მმართველმა, ლისიუსმა შეიტყო, თუ როგორ მოაქცია სევერიანემ მრავალი წარმართი და როგორ განამტკიცა თავის ოქრომეტყველებით ორმოცი სებასტიელი მოწამე (ხსენება 9 მაისს) და მის შესაპყრობად მეომრები წარგზავნა.
თუმცა, ნეტარმა დაასწრო და საკუთარი ნებით გამოცხადდა წარმართთა სამსჯავროზე.
ლისიუსი ფრიად განაკვირვა სევერიანეს სიმტკიცემ და არაადამიანურმა მოთმინებამ, ათასგვარი ტანჯვა მდუმარედ რომ დაათმენინა.
მთლად დაფლეთილ და სისხლმდინარეს საპყრობილემდე მთელი ქალაქი მოატარეს, სევერიანე კი კვლავ დაუცხრომლად ჰმოძღვრავდა და განამტკიცებდა უკან გადევნებულ ქრისტიანთ.
ხუთი დღის შემდგომ წმინდა მოწამეს სხეული რკინის კავებით დაუფლითეს, ფეხებსა და კისერზე უზარმაზარი ქვები დაჰკიდეს და ქამრებით მაღალ კედელზე დაკიდეს.
მარტვილმა კი უწინდელი, არაადამიანური სიმტკიცით გააოცა იქ მყოფნი, - ასე დაკიდებული, მრავალი საათის მანძილზე ქადაგებდა, შემდეგ კი - სული სიხარულით შევედრა უფალს.
ხოლო, როდესაც მისი სხეული დასამარხად ჩამოხსნეს, სებასტიელები მის დასახვედრად შეიკრიბნენ. მათ შორის გახლდათ სევერიანეს ერთ-ერთი მსახურის ცოლი, რომლის თანამეცხედრეც მცირე ხნის წინ გარდაცვლილიყო.
მწუხარებით გულმოკლული ქალი ქმრის ცხედართან დაბრუნდა და უთხრა:
- ადექი, საყვარელო მეუღლევ, ჩვენი ბატონის დასახვედრად წავიდეთ!
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, თითქოს ძილიდან გამოფხიზლდაო, მიცვალებული წამოდგა და ცოლს სევერიანეს დაკრძალვაზე წაჰყვა.
ამ დღის შემდგომ კიდევ 15 წელი იცოცხლა.
დროთა განმავლობაში წმინდა სევერიანეს სამარე დაიკარგა, მაგრამ ერთხელ ცაზე არწივი გამოჩნდა ბრჭყალებში მრავალფერი ყვავილით დაწნული გვირგვინით, რომელიც მიწაზე დადო.
სწორედ იქ პოვეს ქრისტიანებმა წმინდანის დაკარგული სამარე.
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ხარიტონისა, მახვილით განგმირულისა (III)