ღირსმოწამე კვიპრიანე ახალი, კონსტანტინოპოლელი (+1679) - 05 (18) ივლისი
ღირსმოწამე კვიპრიანე ახალი, კონსტანტინოპოლელი (+1679) - 05 (18) ივლისი
წმინდა კვიპრიანე XVII საუკუნეში ცხოვრობდა, წარმოშობით საბერძნეთის გულიდან, სოფელ კლიცოსიდან გახლდათ.

შემონაზვნების და მღვდლად ხელდასხმის შემდგომ ორ თანამოღვაწესთან ერთად წმინდა გიორგის სენაკში დამკვიდრდა, ათონის მთის ყუთლუმუშის სავანეს რომ ეკუთვნოდა.

ღვაწლმრავალმა და ზეცისა კაცმა ყოველი სათნოება შეიმოსა და ქრისტესთვის სალმობათა დათმენის წყურვილით აღინთო.

კვიპრიანე თესალონიკს გაეშურა, თურქთა სასამართლოს წარუდგა და განაცხადა, - ჭეშმარიტი ღმერთი - ყოვლადწმინდა სამებაა, მუჰამედი კი - ცრუ წინასწარმეტყველიაო!

მოსამართლემ იფიქრა, - შეშლილია და მისი გასამართლება უსარგებლოაო, მაშინ ნეტარი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, დიდი ვეზირის სამსჯავროზე წარდგა და ის წერილი გადასცა, სადაც თურქთ გაქრისტიანებისკენ მოუწოდებდა.

იმ დროს იქ ის ქრისტიანები იმყოფებოდნენ, ვინაც რწმენას უღალატა. კვიპრიანემ სთხოვა, წერილი თურქულად ეთარგმნათ და საჯაროდ წაეკითხათ, თუმცა, ამჯერადაც დასცინეს და განდევნეს.

მაშინ კვიპრიანე ვეზირს ეახლა და ამ უკანასკნელმა რა შეიტყო მისი ვიზიტის მიზეზი, ჯერ შეშლილი ეგონა, შემდეგ - მთვრალი, ადგა და მუფთს გადასცა.

ამ უკანასკნელმა ჭკუასუსტობისა ვერაფერი შეატყო და დაადგინა, - არც მთვრალია და არც - შეშლილი, ამიტომ თავისი კადნიერების გამო სიკვდილს იმსახურებსო და გამოუტანა კიდეც განაჩენი.

საკვირველი რამ იხილეს იქაურებმა, - მსჯავრდადებული ჯალათზე ადრე გარბოდა სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ, საპატრიარქო ტაძრის კართან მუხლებზე დაეცა, პატიოსანი ჯვარი გამოისახა, უფალი ადიდა, უკანასკნელად წარმოთქვა მრწამსი და ჯალათს თავი მორჩილად მოუდრიკა..
.
ეს ამბავი 1679 წლის 5 ივლისს მოხდა.

წმინდანის ხსენება აღინიშნება 5 ივლისს (ბერძნ.) ათონის მთის წმინდა მამების კრებულში, ევრიტანის წმინდანების კრებულში (ბერძნ.) და კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძნ.).

* * *

ხსენება ღირსისა აღაპიტესი (ტაუბე), აღმსარებლისა, მონაზვნისა (+1936)

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ვასილისა და სამოცდაათი მოწამისა, მახვილით განგმირულთა, სკიფოპოლს აღსრულებულთ

* * *

ხსენება წმინდისა სტეფანესი, რეგიელი მიტროპოლიტისა (რეჯო დი კალაბრია, I)

* * *

მოწამენი ანა (+304) და კვირილა (+310)

ბეჭდვა
1კ1