მფარველი ათონის მთისა და სრულიად ივერიისა
ათონის ნახევარკუნძულსა და ივერიას შორის მრავალი სულიერი ძაფია გაბმული. ღვთისმშობლის წილხვედრ ამ კურთხეულ მხარეებს აერთებს უდიდესი სიწმინდეც მართლმადიდებელი საქრისტიანოსი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
წმინდა გადმოცემა ამგვარად მოგვითხრობს ხატის ისტორიას: ბიზანტიაში იმპერატორ თეოფილეს ზეობისას (829-842 წ.წ.) მთელი ძალით მძვინვარებდა ხატმებრძოლობა. თეოფილემ შინაც კი აუკრძალა ქრისტიანებს ხატების თაყვანისცემა. მისი მსახურნი ყველგან შედიოდნენ, ეძებდნენ ხატებს და ანადგურებდნენ. ამ დროს ნიკეის მახლობდად ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჰქონდა. დედაკაცმა ხატს თავისი სახლის ახლოს მცირე საყდარი აუგო. მეფის მზვერავებმა თვალი მოჰკრეს ამ სიწმინდეს. ერთმა მათგანმა მახვილი ჰკრა ღვთისმშობლის ხატს. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა სხეულიდან, სისხლი გადმოედინა. დედაკაცი დაჩოქილი ევედრა მეფის ხალხს, მაცალეთ განთიადამდე, ფულს შევაგროვებ და ხატის სანაცვლოდ მოგცემთო. მათი განშორებისთანავე თავისი ვაჟის დახმარებით ღვთისმშობლის ხატი ზღვის ნაპირას მიიყვანა, შეევედრა უფლის დედას, მერე კი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა. ხატი წყალზე კი არ დაეცა, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. დედა-შვილის ნიკეაში დარჩენა უკვე საშიში იყო. დედა მზად იყო, ქრისტესთვის მომკვდარიყო, თავისი ძე კი აკურთხა, სამშვიდობოს წასულიყო. ვაჟიც დაუყოვნებლივ წავიდა ჯერ თესალონიკში, შემდეგ კი ათონის მთაზე შედგა ბერად და დასახლდა კლემენტოს სავანეში, სადაც შემდგომში ქართველთა მონასტერი აშენდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ღვთისმშობლის ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი. თუ სად იმყოფებოდა შემდგომ ღვთისმშობლის ხატი, მხოლოდ უფალმა უწყის.


ივერიის ღვთისმშობლის ხატის მობრძანებით საქართველოში ჩვენს სამშობლოს უფლის დედის მეორე საფარველი გადაეფარა და იხსნის ივერიელთ ანტიქრისტეს ხელთაგან. ალბათ ამიტომ ბრძანებს მამა ლავრენტი ჩერნიგოველი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდებაო. ივერიის ღვთისმშობლის ხატი დამცველია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. მისმა ერთმა სასწაულმოქმედმა ასლმა, რომელიც 1981 წელს შეიქმნა ათონზე და მონრეალში წააბრძანა მართლმადიდებელმა ესპანელმა იოსებ მუნიოსმა, მირონდენა დაიწყო. ხატიდან მირონი წლების განმავლობაში მოედინებოდა, მხოლოდ დიდმარხვაში, ბზობას, კვირა დღეს წყდებოდა და კვლავ განახლდებოდა დიდ შაბათს, რა თქმა უნდა, ძველი სტილის მიხედვით. ეშმაკმა ვერ დაითმინა ეს სასწაული - იოსებ მუნიოსი 1997 წლის 30 ოქტომბერს მოკლეს, ხატი კი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებელი ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი. პორტაიტისას ხატი კი მყარად დგას ათონის მთაზე ქრისტიანთა განსამტკიცებლად.
"პორტაიტისა" (ზომით 1,37მX0,9მ) ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით მოუჭედავს ქართველ ოსტატს. ხატის ოქროცურვილი ვერცხლის პერანგზე შემორჩენილი ქართული წარწერა ალბათ ერთადერთი მაუწყებელია ქართველთა ამ მონასტერში ცხოვრებისა. დანარჩენი ქართული წარწერები ბერძნებს წაუშლიათ. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი (შემდგომში მღვდელმთავარი) თავისი პილიგრიმობის ამსახველ წიგნში ბრძანებს: ათონზე მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს (1899 წელს), ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულს ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისთვის, ბერძნული წარწერით, "რომელიც მე თვითონ მიჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ განძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა ღვთისმშობლის ხატისა ახალი პერანგით ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთ ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმიდა ხატისა, გაძარცვა ძველის პერანგისა და შემოსვა ახლისა". შემდგომში ახალი პერანგით ძველი დაფარეს. ასე იყო ძალიან დიდხანს. ამ ათი-თორმეტი წლის წინ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მოხსნეს რუსეთში გამზადებული პერანგი და დატოვეს ქართული კვართით. ზოგმა ქრისტიანმა ამაში რუსეთის ხელისგან საქართველოს განთავისუფლების წინასწარმეტყველება დაინახა.


"პორტაიტისას" ხატის წინ კიდია 14 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღმრთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელმონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ის ყველა სხვა სამონასტრო საქმისაგან თავისუფალია და დღედაღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს. სასწაულმოქმედია მთელ მსოფლიოში გაფანტული "პორტაიტისას" ასლები. მისი კანონიერი ასლი კი 1989 წელს ჩამობრძანდა საქართველოში.
"პორტაიტისას" სასწაულთაგან რამდენიმეს მოგითხრობთ: წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით დაჭრა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა მეკობრემ შეინანა დანაშაული, იწამა ძე ღვთისმშობლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ "ბარბაროსი". მკაცრი დაყუდებული ცხოვრებით ბერმა სასწაულმოქმედების მადლს მიაღწია. ახლა წმინდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული - შავი, როგორც მოსე ავაზაკყოფილი და ხელთ უპყრია მახვილი, ისარი და მშვილდი.
ალექსი კომნენოსის მეფობის დროს ათონის მთის ყველა ბერძნული მონასტერი დაცარიელდა რაღაც მავნე მწერების შემოსევის გამო. ზეციური მეკარის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ქართველ მამებს არ მიუტოვებიათ მონასტერი და ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
მიტროპოლიტმა ტიმოთე გაბაშვილმა XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა. ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინ ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც განცვიფრებულ ბერს უთხრა: - წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვის-თქო. ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დიდუბის ეკლესია იქ, სადაც წმინდა მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა, ივერიის ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა აგებული, რომელსაც, ეგზარქოს პალადის ბრძანებით, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აგებული უწოდეს (იხ. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის "მოგონებანი").
ცნობილია ჯიხეთში, თეკლათში, ფოთში, ბოდბეში, სამთავროში დაბრძანებული "პორტაიტისას" სასწაულმოქმედი ასლები. სამთავროს ღვთისმშობლის ხატს 1917 წელს ცრემლდენა დაუწყია. ამ სასწაულით ღვთისმშობელმა აუწყა ქართველ ქრისტიანებს ანტიქრისტეს ჟამის დადგომა.



ბოდბის ღვთისმშობელი სამთავროს ღვთისმშობელი ჯიხეთის ღვთისმშობელი
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ათონიდან საქართველოში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამობრძანებულმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლმა ამა წლის 12 ივლისს დაიწყო მოგზაურობა სრულიად საქართველოში. "ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა და კიდევ დაიცავს და დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან" (ილია II).